ტრამპი თუ ბაიდენი?
ლაშა ხომერიკი: 593 50 8 69 –
აშშ-ის არჩევნები და გლობალური პოლიტიკა
საერთაშორისო არენაზე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა აშშ-ში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებია. როგორ აისახება ამერიკის არჩევნები გლობალურ და მათ შორის საქართველოს პოლტიკაზე? ეს კითხვა ახლა ხშირად ისმის, რადგან აშშ კვლავ რჩება გლობალური პოლიტიკის მთავარ აქტორად. ვის რა შანსი აქვს მოახლოებულ არჩევნებში? მსოფლიოს ახალი წესრიგის ფორმირებაში რა როლი ეკისრება მომავალ პრეზიდენტს და ზოგადად, აშშ-ს? ამ საკითხებზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გიგა ფარტენაძე გვესაუბრება.
– როგორ აისახება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები გლობალურ პოლიტიკაზე?
– 3 ნოემბრის არჩევნებზე აშშ–ში აირჩევენ არა მარტო ამერიკის მომავალ პრეზიდენტს, არამედ კონგრესმენ–კანონმდებლებს და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებსაც, რაც გვაძლევს შემდეგი დასკვნის საშუალებას –ფაქტობრივად, გადახალისდება მთელი სახელმწიფო აპარატი. აშშ–ის მოსახლეობა ირჩევს რიგით 45-ე პრეზიდენტს და ეს ნამდვილად ისტორიული არჩევნებია არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის პანდემიური მდგომარეობის გამო. დღესდღეობით აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტია რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი, რომელიც გამოირჩევა თავისი ხისტი და ხშირ შემთხვევაში, არაპროგნოზირებადი, უფრო სწორად, არაპოპულარული განცხადებებით. ვისაუბროთ ტრამპის ადმინისტრაციის მუშაობის ოთხ წელზე, მის გლობალურ შედეგებზე და ამის მიხედვით გავცეთ პასუხი დასმულ შეკითხვებს. როგორც ვიცით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ გავიდა პარიზის კლიმატური ცვლილებების, აგრეთვე სსრკ-სთან 1987 წელს დადებული ბირთვული შეთანხმებიდან და რაც ყველაზე მეტად აქტუალურია, კარის გაჯახუნებით დატოვა ირანთან 2015 წელს ხელმოწერილი მრავალმხრივი ბირთვული შეთანხმება. კარის გაჯახუნებაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება მაქსიმალური წნეხის რეჟიმი, რომელიც უმკაცრესი ეკონომიკური სანქციების დაწესებას განაპირობებს. ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ხელი დაეტყო ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებსაც. ტრამპის პრინციპულობის შედეგია, რომ ნატოს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის დაფანანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა მისი სიხისტის „წყალობით“, ურთიერთობები ტრადიციულ მეზობელ მო კავშირეებთან, რბილად რომ ვთქვათ, საგრძნობლად გაგრილდა. ასევე, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ტრამპმა თავდაყირა დააყენა ორმხრივი და მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობები – თუნდაც ჩინეთთან წარმოებული სატარიფო ომების ხსენებაც საკმარისია, რომ გავიგოთ, რატომ ღელავს მსოფლიო სამომავლო ეკონომიკური განვითარების ტემპებზე. თუ ხელისუფლების სათავეში დარჩება რესპუბლიკური პარტია მოქმედი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რა თქმა უნდა, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა მიმართულებით აისახება ეს საერთაშორისო საზოგადოებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დემოკრატები დაუბრუნდებიან მართვის სადავეებს, მაშინ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ბაიდენი გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც გლობალურ პოლიტიკაში დემოკრატების მიერაა აპრობირებული.
– თქვენი აზრით, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე ვის აქვს მეტი შანსი, ტრამპს თუ ბაიდენს?
– მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი პრეზიდენტი გამოირჩევა არაპოპულარული, დამცინავი, უხეში და პირდაპირი განცხადებებით, მილიონობით ამერიკელს მის მიმართ სიმპატია მაინც აქვს. პირველ რიგში, ეს გამოწვეულია იმით, რომ სწორედ ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევით, ამერიკელი მოსახლეობა გახდა მომსწრე ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში სარეკორდოდ დაბალი უმუშევრობის დონისა და შესაშური ტემპებით მზარდი ეკონომიკისა. მართალია, სავაჭრო ურთიერთობები თუ არ მოწესრიგდა და ამერიკულ პროდუქციაზე საპასუხო ტარიფები იქნება დაწესებული, ეს გარემოება აუცილებლად იქონიებს ზეგავლენას სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური ზრდის ტემპებზე, რასაც ასევე, ემატება კოვიდ -19-ით გამოწვეული ეკონომიკური შედეგები. თუმცა მოსახლეობის ნაწილი ტრამპს და მის ადმინისტრაციას აკრიტიკებს სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთ–ერთი ასეთი, საკმაოდ აქტუალური მიზეზია პანდემიის პრევენციული ნაბიჯების არაეფექტურობა და უსუსურობა. ხშირ შემთხვევაში ეს მესიჯი დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატის მთავარი იარაღია, რაც ნათლად იკვეთება ბაიდენის თითქმის ყოველი სიტყვით გამოსვლისას. თუ გავიხსენებთ თუნდაც პირველ საპრეზიდენტო დებატებს (გასულ კვირას), ნათლად გაისმა ტრამპის მიმართ კრიტიკა კოვიდ -19-თან დაკავშირებით. მან მოქმედ პრეზიდენტს მატყუარაც კი უწოდა სწორედ, ქვეყანაში შექმნილი უკონტროლო პანდემიური სიტუაციის გამო. რაც შეეხება დემოკრატების კანდიდატს და ყოფილ ვიცეპრეზიდენტს, მას ზურგს უმაგრებს საკუთარი გამოცდილება, სწორი, თანმიმდევრული საარჩევნო კამპანია და დემოკრატებისთვის დამახასიათებელი გადაწყვეტა ისეთი სენსიტიური საკითხებისა, როგორიცაა მიგრაცია, რასობრივი დისკრიმინაციის აკრძალვა, ადამიანის უფლებები და სხვა. სწორედ, ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ეროვნული გამოკითხვების შედეგად ჯო ბაიდენი 5 პროცენტით ლიდერობს და მას მოქმედი პრეზიდენტი ჩამორჩება. არჩევნებამდე დარჩენილია თითქმის ერთი თვე. ბუნებრივია, შანსებზე საუბარი ნაადრევია, რადგან ამერიკელი ამომრჩევლი არჩევანს აკეთებს
– საპრეზიდენტო დებატების მიხედვით, რაც, ვფიქრობ, პირველი დებატების ნახვის შემდეგ თანბარ შანსებს უტოვებს კანდიტატებს.
_ ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი გახდება, ეცდება რუსეთი ჩააყენოს კალაპოტში, თუმცა ჩვენ გვახსოვს სწორედ მისი ვიცეპრეზიდენტობის პერიოდში ,,გადატვირთვის პოლიტიკა“, რითაც რუსეთს გარკვეულწილად კარტბლანში მიეცა პოსტსაბჭოთა სივრცეში.
_გეთანხმებით, ,,გადატვირთვის პოლიტიკა“ რეალურად იყო რუსეთის პრეზიდენტის ნდობის საზომი, რომ მას შეუძლია იმოქმედოს ამერიკისგან საპასუხო ნაბიჯის გარეშე. ამან პუტინს გაუადვილა პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლა, ეკონომიკურ სფეროებზე გავლენის დამყარება, რომელიც ძალიან ძლიერ ცენტრალურ მთავრობას ეფუძნება. რაც შეეხება კანდიდატებს და მათ რიტორიკას რუსეთთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელი ამომრჩევლისთვის ეს წინასწარ, კარგად მოფიქრებული პროპაგანდის ნაწილია, რომელიც ,,კარგად იყიდება“ და მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: ან ამა თუ იმ კანდიდატის საარჩევნო, სააგიტაციო პროცესების დისკრედიტაცია მოახდინოს, ან ქულები დაიწეროს. ჩვენს შემთხვევაში, დემოკრატები ასეთ პლუსებს იწერენ განსხვავებული, პერსპექტივაში მკაცრი ნაბიჯების გადადგმით რუსეთთან ურთიერთობაში.
_ ცხადია, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გარკვეულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე, მათ შორის საქართველოზეც, ამდენად, ბუნებრივია, საკითხის ასე დასმა _ ტრამპი თუ ბაიდენი? ანუ რა გვაძლევს ხელს?
_ მოკლედ გიპასუხებთ, აშშ-ში იცვლებიან პრეზიდენტები და პარტიები, მაგრამ მიუხედავად ამისა, მასსა და ჩვენს ქვეყანას შორის ურთიერთდამოკიდებულება იყო, არის და იქნება მეგობრული. აშშ-ისთვის საქართველო არის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი მყარი დასაყრდენია კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. ამას მეტყველებს ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებები, ფინანსური მხარდაჭერა ეკონომიკის გაძლიერებისთვის, საქართველოში ნატოს წვრთნების ჩატარება და ჩვენი თავდაცვის ძალების გაგზავნა სხვადასხვა მისიაში.
_ აშშ-ის არჩევნები მოახლოვდა, წინასაარჩევნო განცხადებებიდან საყურადღებოა ბაიდენის მოსაზრება, რომ რუსეთი ამ არჩევნებზე გავლენის მოხდენას შეეცდება, რას ფიქრობთ?
_ ბაიდენის ეს განცხადება ეფუძნება გამოცდილებას, რომელიც ამერიკამ მიიღო 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც რეალურად მოხდა კიბერთავდასხმა საპრეზიდენტო არჩევნებზე, რამაც საგრძნობი როლი ითამაშა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. ტრამპი არ საუბრობს რუსეთის ჩარევაზე, არჩევნების შედეგების ზემოქმედებაზე, მაგრამ ის ღიად აფიქსირებს პოზიციას, რომ ელექტრონული გზით ხმის მიცემა (როგორც იცით, პანდემიის გამო რამდენიმე შტატში ხმის მიცემა ფოსტის საშულებით ხორციელდება) რეალურად, საფრთხის შემცველია და გაყალბების ალბათობას ზრდის. მიმაჩნია, რომ ამერიკა, როგორც სანიმუშო დემოკრატიის მქონე სახელმწიფო, უნდა იყოს უსაფრთხო და კიბერთავდასხმებისგან ყველაზე დაცული სახელმწიფოს მაგალითი, რადგან მთელი დემოკრატიული ცივილიზაცია დგას სტაბილურობის, თანასწორობის და უსაფრთხოების განცდაზე.
_ თუ გავაანალიზებთ რუსეთ-აშშ-ის ბოლო 15 წლის ურთიერთობას, ჩანს, რომ აშშ უკან იხევს, ეს რით არის გამოწვეული?
_ ამერიკის შეერთებული შტატების მმართველობის ბოლო 15 წელს, განსაკუთრებით, ობამას ადმინისტრაციის მმართველობას, თვალს თუ გადავავლებთ, გარკვეულ საკითხებში ნამდვილად შესამჩნევია ამერიკის ,,დათმობის“ პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, თუმცა ამას შეიძლება ჰქონდეს თავისი ლოგიკური ახსნა: შეერთებულმა შტატებმა ყურადღება ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილო აფრიკაზე გაამახვილა. ჩინეთიც მნიშვნელოვანი ხდება. ფაქტია, რომ ეს საკითხები ამერიკას უფრო აინტერესებს და შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის სხვა პრიორიტეტებს ირჩევს.
_ ახლად არჩეულ აშშ-ის პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკაში რა მთავარი გამოწვევები ელოდება?
_ მსოფლიოს წინაშე დღეს ერთ-ერთი გადაუჭრელი და ჯერჯერობით დაუძლეველი პრობლემაა (კოვიდ-19), არ არსებობს ეფექტური პრევენციისა და ბრძოლის ბერკეტები, თუ არ ჩავთვლით იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც ჯანმოსგან ვღებულობთ. ამ კუთხით არც ამერიკა გამოირჩევა, უფრო მეტიც, პანდემიის შედეგებით, აშშ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა როგორც ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა, ასევე გარდაცვლილი მოქალაქეების რაოდენობის მიხედვით. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის უმთავრესი გამოწვევა იქნება უხილავ მტერთან ბრძოლა, რომელიც ამ ქვეყნის მოკავშირეებისა და თანამოაზრეების უდიდეს დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა და რომელმაც მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე დღის წესრიგი რეალურად შეცვალა.
_ და ბოლოს, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ არ ამოვარდეს აშშ-ის ინტერესების სფეროდან?
_ ჩვენი ქვეყნის გაცხადებული საგარეო კურსია დასავლეთთან ინტეგრაცია. ეს არის ერთმნიშვნელოვანი და უალტერნატივო მოცემულობა. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის ფაქტი, რომ საქართველო 2020 წლის ოქტომბერში ირჩევს ქვეყნის ახალ კანონმდებლებს, ახალი წესებით და რეგულაციებით (ოპოზიციისა და მმართველი ძალის კონსენსუსის შედეგად). აქედან გამომდინარე, 31 ოქტომბრის არჩევნები რეალურად იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის ინდექსის განმსაზღვრელი გამოცდა. ამ არჩევნებს უდიდესი ყურადღებით ადევნებს თვალს დასავლეთი. ჩვენს ქვეყანაში მოახლოებული არჩევნები რომ მნიშვნელოვანია, ამას ისიც ადასტურებს, რომ აშშ გამოგზავნის მოხალისე დამკვირვებლების ჯგუფს, რომელიც ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოში ჩატარებული არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით.

