„ჩვენ უმრავლესობით მოვალთ უმაღლეს საბჭოში“
მარი ხითარიშვილი: 27 48 93 –
ილია ვერძაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ისევ საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატობის კანდიდატია „ქართული ოცნების“ პარტიული სიით.
თუ როგორ აფასებს წინასაარჩევნო კამპანიას და ირგვლივ არსებულ პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობას, ამაზე საუბრობს ბატონი ილია „აჭარასთან“ ინტერვიუში, რომელიც დაიწყო კოვიდ-19-ზე საუბრით რადგან ილია ვერძაძე ამჟამად ინფიცირებულია და თვითიზოლაციაში იმყოფება. მან მოუწოდა მოსახლეობას, ატარონ პირბადე და ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციები, რადგან პანდემიამ, შესაძლოა, იმაზე მეტი პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემები შეგვიქმნას, ვიდრე წარმოგვიდგენია.
– გამოჯანმრთელებას გისურვებთ ბატონო ილია. თუ შეიძლება საუბარი დავიწყოთ ბიოგრაფიული მონაცემებით. რამდენჯერ იყავით აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წევრი?
-აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი პირველად გავხდი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან 2001-2004 წლებში. მაშინ ოპოზიციაში ორი პარტია ვიყავით, სულ 5 დეპუტატი, რამაც საშუალება მოგვცა ჩემი თავმჯდომარეობით შეგვექმნა ფრაქცია „ალტერნატივა“. მოგეხსენებათ, 2004 წელს ხელისუფლებაში მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის წინააღმდეგაც გამოვდიოდი ტელე-ეთერით, რადგან მაშინაც ვიცოდი, რომ ამ პიროვნებების ხელისუფლებაში მოსვლა, კარგს არაფერს მოასწავებდა ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის. უკვე რამდენიმე თვეში, დავწერე განცხადება და წამოვედი პარტიიდანაც და პოლიტიკიდანაც. სულ მალე მიმიწვიეს პროფკავშირებში. მივიღე მონაწილეობა არჩევნებში აჭარის პროფგაერთიანრბის ხელმძღვანელ თანამდებობაზე და შემდეგი 12 წელი აჭარის პროფკავშირების გაერთიანების ჯერ თავმჯდომარის მოადგილეობას, შემდეგ კი თავმჯდომარეობას მოვახმარე. აღვნიშნავ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ორგანიზაციაში მუშაობით, რადგან ვიცავდით მშრომელთა უფლებებს სწორედ მაშინ, როდესაც ამას ასე საჭიროებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სამსახურებიდან მასობრივად გაშვებული ადამიანები. იმ პერიოდში პოლიტიკაში ჩემს ყოფნას აზრი არ ჰქონდა, თუმცა პროფკავშირების საშუალებით, ბევრის უფლებები დავიცავით და არაერთ ოჯახს შევუნარჩუნეთ საარსებო სახსრები.
– სულ რამდენი პარტიის წევრი იყავით?
– პოლიტიკაში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან მოვედი, შემდეგ, როგორც აღვნიშნე, წამოვედი და 2016-ში, როდესაც შემომთავაზეს, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, „ქართული ოცნებიდან“ მეყარა კენჭი აჭარის უმაღლეს საბჭოში, დავთანხმდი და ამ პარტიის წევრიც გავხდი.
– რა გააკეთეთ როგორც მაჟორიტარმა?
-ამჯერად, ამ თემაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, რადგან ამ დღეებში ვაპირებ ანგარიშის გამოქვეყნებას, რასაც ყველაწლიურად ვაკეთებ და რომელიც დევს ჩემს ფეისბუქგვერდზე. იქ არის კითხვები, პასუხები სოციალურ თუ პოლიტიკურ თემატიკაზე, ღონისძიებები, ამა თუ იმ კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად რომ გავატარე. ჩემი მაჟორიტარობის პერიოდში ძალიან ბევრ ადამიანს დავჭირდი და დავეხმარე. იმდენი საქმე გავაკეთე, რაც შესაძლებელი იყო ამ მოცემულობაში. იცით, რომ სოციალური მიმართულების კანონმდებლობის პროექტიც მზად არის და შემდეგი მოწვევის უმაღლეს საბჭოში გადავა საბოლოოდ დასამტკიცებლად, რადგან რამდენიმე პოზიციაა შესაჯერებელი. ეს იმიტომ მოხდა, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან აქტიურობს ამ მიმართულებით და კანონის დამუშავებისას, ისე სწრაფად იცვლებოდა სოციალური პაკეტები, სხვადასხვა დახმარების მოცულობა, რომ ჩემი ინიცირებული ცვლილებები ჩასწორებას ითხოვდა, ანუ ბევრი რამ გაკეთდა ამ კუთხით. შემდეგ შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვედით, რომელიც საქართველოს პარლამენტში ანალოგიური კანონის ცვლილებების ერთიან კონტექსტში განიხილებოდა. ამიტომ ვთვლი, რომ აქ ჩვენი, აჭარის უმაღლესი საბჭოს, წვლილიც არის შეტანილი, რადგან ვაქტიურობდით როგორც საკანონმდებლო სივრცეში, ისე კონკრეტულ ფორუმებში, პარლამენტარებთან ერთად.
– რა შედეგები მოიტანა საზღვარგარეთ თქვენმა ვიზიტებმა?
-ამ ვიზიტებს უქმად ნამდვილად არ ჩაუვლია. ჩვენი დელეგაცია ამყარებდა ახალ ურთიერთობებს, საქმიან კონტაქტებს, როგორც მედიცინის, ისე კულტურის, ბიზნესისა და განათლების სფეროებში. სწორედ ამ ვიზიტების ფარგლებში დაახლოვდნენ საქმიანი წრეები, რომლებიც უკვე ყოველგვარი ფორმალობის გარეშე ურთიერთობენ.
-ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, კიდევ რა კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწეოდით უმაღლეს საბჭოში?
-ამ მოწვევის უმაღლესი საბჭო მკვეთრად გამოირჩეოდა პროდუქტიულობით წინა მოწვევებისგან, რადგან ამ პერიოდში შეიცვალა საქართველოს კონსტიტუცია, რაც თავისთავად ითხოვდა შესაბამის ცვლილებებს და ჩასწორებებს ავტონომიური რესპუბლიკის კანონებში და რეგლამენტში. ეს საქმიანობა ლამის განუწყვეტლივ მიმდინარეობდა და ძალიან შრომატევადი გამოდგა, თუმცა ვთვლი, რომ კარგად გავართვით თავი. უმრავლესობის წევრები მთელი რიგი კანონების ინიციატორები ვიყავით.
-კიდევ თუ გახდით უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, რის გაკეთებას აპირებთ ისეთის, რომელზეც უკვე ნამუშევარი გაქვთ, მაგრამ დეპუტატობის ვადის ამოწურვის გამო ვერ გაიტანეთ?
-ეს არის კანონი სოციალურად დაუცველთა დამატებითი დახმარებების შესახებ, რომლის ბოლომდე მიყვანასაც ვგეგმავ უმაღლეს საბჭოში დეპუტატად არჩევის შემთხვევაში. მართალია, ამ კუთხით „ქართული ოცნება“ ძალიან აქტიურად მუშაობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ კანონი მაინც უნდა იყოს გაწერილი კონკრეტულ ჯგუფებზე, ბენეფიციარებზე, რომლებიც მიიღებენ ამ დახმარებებს.
– ოპოზიციის მტკიცებით, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, რადგან არ შეასრულა ჯერ კიდევ 2012 წელს უხვად გაცემული დაპირებები – თქვენი კომენტარი?
– ერთადერთი დაპირება, რომელიც ვერ და არ შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“ და რამაც გამოწივია ჩვენი ახლანდელი ოპონენტების ნაწილისა და საერთოდ, მოსახლეობის გაღიზიანება, არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ ლოიალური და შემწყნარებლური დამოკიდებულება, რასაც საფუძვლად დაედო კოჰაბიტაცია. მოსახლეობა გვედავება, რომ არ დავსაჯეთ ის აშკარა კრიმინალები და ბანდიტები, რომლებიც ქუჩაში ცხრილავდნენ დემონსტრანტებს, შუაღამისას უვარდებოდნენ სახლებში მშვიდობიან მოქალაქეებს და საკუთარი ნოტარიუსების საშუალებით, მუქარის და ფიზიკური ზეწოლის გამოყენებით, აიძულებდნენ ბიზნესმენებს მათზე გადაეწერათ უძრავ-მოძრავი ქონება. იმ პერიოდში ათასობით წერილს ვღებულობდით დღეში, სადაც მოქალაქეები ითხოვდნენ „ამათ“ დასჯას, მაგრამ ასპროცენტიანი სამხილის გარეშე რთულია აღძრა საქმე. სხვაგვარად ვერ ჩამოყალიბდება სამართლებრივი, დემოკრატიის განვითარებისკენ მიმავალი ქვეყანა, სადაც არავინ ისჯება პოლიტიკური მოსაზრებების და იდეების გამო, რასაც იბრალებდნენ დაკავებისას ეჭვმიტანილები.
– ყველაფერი დანარჩენი შეასრულეთ?
– დიახ, სირთულეების, არაერთგვაროვანი მთავრობების და ათასგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, ყველა დაპირება შესრულდა ირგვლივ არსებული რთული სოციალურ-პოლიტიკური ფონის, ეკონომიკური კრიზისის და ამჟამინდელი პანდემიის მიუხედავად. ჩვენი მთავრობა ყველა ვითარებაში პოულობს ძალას და სახსრებს, რომ არცერთი სოციალური ფენა, არცერთი მოქალაქე არ დარჩეს ყურადღების და სათანადო დახმარების გარეშე. რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია, როდესაც ამ სიტუაციებში ეძებ ბეწვს ვითარების დასაძაბად.
– რას გულისხმობთ?
– ბოლოდროინდელ მოვლენებს. არანაირი კავშირი არ აქვს პროკურატურის მიმდინარე საქმიანობას არჩევნებთან. თავად რომ არ გაეხმაურებინათ და წინსწრებით არ დაეწყოთ თავისივე დანაშაულზე ლაპარაკი ქრთამებთან დაკავშირებით, რაზეც ჯერ არც პროკურატურას ან ხელისუფლებას არაფერი უთქვამს, არაფერი გაჟღერდებოდა. ეს საქმე შესაძლოა 6 თვეც გაგრძელდეს, რადგან არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომლის მანძილზეც უდანაშაულობის პრეზუმფცია ძალაშია და უნდა დაველოდოთ გამოძიებას. რა შუაშია აქ საარჩევნო ქულების დაწერა ვერ ვხვდები. ეს გაკოტრებული ოპოზიცია ნებისმიერ ბალახს ეჭიდება. თავისივე დაკვეთით შემდგარ რეიტინგებშიც მათზე ბევრად მეტი მხარდაჭერა გვაქვს, ისინი კი ჯიუტად აცხადებენ, რომ ცუდად გვაქვს საქმე და ამიტომ ვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობას, არ უნდათ გაიგონ, რომ ეს არის ყველადღიურობა, ცხოვრების რიტმი, რომელშიც პროექტებიც იქნება, გამოძიებაც გაგრძელდება და პროკურატურაც თავის საქმეს გააკეთებს. მოსახლეობას ვერ მოატყუებენ, ის აფასებს საქმეებით და იმ ხედვით, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას ახასიათებს. ეს ხედვა ფოკუსირდება მხოლოდ და მხოლოდ ხალხზე. მსგავსი არ გააჩნდა არც ერთ წინა მთავრობას და არც ახლანდელ ოპოზიციას გააჩნია, რომელიც აფიშირებს დიდ ფინანსურ პროექტებს, რომლებითაც თითქოს დაეხმარებიან ხალხს.
– აჭარის უმაღლესი საბჭო ისევ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებით შეივსება. აზრთა სიჭრელე ხომ არ გამოიწვევს არეულობას და დააპაუზებს რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონების მიღებას?
– ოპოზიციის ერთ-ერთი მიზანი ყოველთვისაა დესტრუქციის და სანახაობის მოწყობა, მაგრამ რეგიონის დაპაუზებაზე საუბარი ზედმეტია მარტივი მიზეზის გამო – ჩვენ უმრავლესობით მოვალთ უმაღლეს საბჭოში. აქედან გამომდინარე, საბიუჯეტო პროცესი, რაც ასე მნიშვნელოვნია რეგიონისთვის, არ შეფერხდება, უმტკივნეულოდ წარიმართება. თუკი ოპოზიციაში მყოფი დეპუტატები აჟიოტაჟით, სანახაობრივი დემარშებით და ბოიკოტირებით შეეცდებიან პროცესის შეფერხებას, ამას რეგლამენტი და კანონი უპასუხებს.
– რამდენად მზად იყო ქვეყანა, თუნდაც , პროპორციულ არჩევნებზე გადასასვლელად?
– ჩემი პოზიცია ამ საკითხზე თქვენთვის ცნობილია, კერძოდ, მიმაჩნია, რომ არ იყო სავალდებულო უმაღლესი საბჭოს არჩევნების სრული პროპორციული სისტემით ჩატარება 2024 წლიდანაც კი. ეს რეგიონია, სადაც ადამიანებს სჭირდებათ საკანონმდებლო ორგანოსთან პირდაპირი მეკავშირე. პროპორციული არჩევნებით უმრავლესობის ჩამოყალიბების უფრო ნაკლები შანსია და თუკი საბიუჯტო პროცესების ბლოკირების საშუალება მიეცა ოპოზიციას, ცხადია, ეს იქნება ახალი დესტრუქციის საფუძველი (პირობითად რომ ვთქვათ). . . ამაზე მეტს ახლა არაფერს ვიტყვი, მაგრამ თუკი მსგავსი მცდელობა იქნება, სადაც არ უნდა ვიყო, გარწმუნებთ, ძალიან ხატოვან და შინაარსიან პასუხს გაგცემთ.
– ივანიშვილმა მოუწოდა საკუთარი პარტიის წევრებს სიმშვიდისკენ, რამ მისცა ასეთი მოწოდების საფუძველი, „ქართული ოცნება“ ადვილად ეგება პროვოკაციებს თუ ?. .
– ძალიან დროული და სწორი მოწოდება იყო პარტიის თავმჯდომარის მხრიდან. გავაანალიზოთ ვითარება არჩევნებიდან 20 დღით ადრე და დავინახავთ, რომ პროვოკაციის გარდა სხვა არაფერი დარჩენია ოპოზიციას. აბსოლუტურად ადეკვატურია თავმჯდომარის რეაქცია ამაზე, რითაც პირდაპირი ტექსტით გვითხრა: ეს ერთადერთია, რასაც შეეცდებიან და თავი შეიკავეთო. ჩვენ, პარტიის წევრები, კი ვალდებულნი ვართ, როგორც ჯარისკაცები, დავემორჩილოთ, ეს 20 დღე გამოვიჩინოთ მოთმინება და არ ავყვეთ პროვოკაციებს, რადგან მხოლოდ ამაში მოძებნიან არჩევნებში წარმატების გზას. ამას ცხადყოფს მათი განცხადებები, ის, ქმედებები, რომლებსაც თვალნათლივ ვნახულობთ და რითაც ცდილობენ „ქართული ოცნების“ პარტიის წევრების და მომხრეების პროვოცირებას.
-კოვიდის გამო ხომ არ აპირებენ არჩევნების გადატანას და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
– მსგავსი რამ წარმოუდგენელია, მით უმეტეს, რომ კოვიდშემთხვევები კლებისკენ წავიდა. მიღებულმა ზომებმა შედეგი გამოიღო და არ მგონია, ვირუსის მატება ისევ დაფიქსირდეს. ვფიქრობ, არ იქნება პრობლემა მაგ მხრივ და გამორიცხულია ამ თემაზე საუბარი.
– საქართველომ დაკარგა „მწვანე ზონის“ სტატუსი, რომლის წყალობითაც ჩვენი ეკონომიკის აყვავებას და შემდგომ ტურისტულ შემოსავლებს ვარაუდობდით. აქედან რა გამოსავალს ხედავთ?
– მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის კოეფიციენტებით, ჯერ კიდევ ნორმალურის სტატუსის მატარებელი ქვეყნების რიცხვში ვართ. ტურისტული სეზონი დამთავრებულია. რეალურად, ჩვენ გამოვიყენეთ ის, რაც გამოსაყენებელი იყო და ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ვაქცინის შემოტანამდე, შემთხვევების მზარდი ტენდენცია რომ კლებისკენ შემოვატრიალოთ. შესაბამისად, შემდეგი ტალღის მართვისთვის მზად იქნებიან ჩვენი ეპიდემიოლოგები.
– უცხოელი დამკვირვებლები თუ მოახერხებენ ჩამოსვლას ქვეყანაში, რომელმაც დაკარგა უსაფრთხოს სტატუსი?
– როგორც დაანონსებულია, აუცილებლად ჩამოვლენ.
– რას ჰპირდებით ამომრჩევლებს ამჯერად?
-ამომრჩევლებს მოვუწოდებ, ცივი გონებით მიიღონ გადაწყვეტილება, არ აყვნენ პროვოკაციებს, რომლებიც მომრავლდა მასმედიის საშუალებებით მმართველი პარტიის რეიტინგის დასაწევად. ნუ განაზოგადებენ ლოკალურ პრობლემებს მმართველ ძალასთან, რადგან თავადაც იციან, რომ ეს არ არის საერთო მახასიათებელი. მოსახლეობამ უნდა გაარჩიოს მტყუან-მართალი და მიხვდეს, რომ არავითარ კატასტროფებს, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს, ჩვენი მმართველობა მათ და ქვეყანას არ უქადის. იმ რეკლამებსაც დააკვირდნენ ტელეეთერებში რომ ტრიალებს. მაგალითად, ერთგან „ნაციონალები“ ამბობენ, საშემოსავლო გადასახადებს გავანულებთო და პენსიებს გავზრდითო. ყველამ იცის, რომ სწორედ საშემოსავლო გადასახადებით იხდის ქვეყანა პენსიებს. თუკი გაანულებენ, როგორ გაზრდიან?. . დააკვრიდნენ მსგავს აბსურდს. რაც შეეხება ჩვენს პროგრამას, ყველაფერი გათვლილია და სწორედ ისე შესრულდება, როგორც ვამბობთ. მინდა, ასევე, ვურჩიო ამომრჩევლებს, ყურადღება გაამახვილონ ჩვენი მმართველობისთვის დამახასიათებელ სტაბილურობასა და სიმშვიდეზე, რაც აუცილებელია ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის და რაც ვერ მოახერხა ვერცერთმა ჩვენამდე არსებულმა ხელიუფლებამ. ეს აწუხებთ ოპონენტებს და ამიტომაც ცდილობენ არეულობის და დესტაბილიზაციის შექმნას რიგითი შემთხვევების გაზვიადებით.