გოგონა, რომელიც თავის განცდებსა და სურვილებს ტილოზე აცოცხლებს
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
ლიკა შაინიძე 24 წლის ბათუმელი მოყვარული მხატვარია. 15 წლის იყო, როცა პირველად აიღო ფანქარი ხელში. მას შემდეგ ხატავს რეალისტურ პორტრეტებს და ადამიანების ემოციები ფურცელზე გადმოაქვს. ფიქრობს, რომ ხელოვნება არის საშუალება, რომლითაც ადამიანს შეუძლია, გასაქანი მისცეს თავის ფანტაზიას და გადავიდეს სულ სხვა განზომილებაში.
– პირველი შეხება ხელოვნებასთან…
– ბავშვობიდანვე მიყვარდა სხვადასხვა ანიმაციის, ზღაპრის გმირების ხატვა, თუმცა მაშინ ეს გართობის საშუალება იყო. სერიოზულად ფერწერაზე არ მიფიქრია.15 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ვცადე ფანქრით რეალისტური პორტრეტის დახატვა. ამ პროცესმა ძალიან გამიტაცა, რადგან აღმოვაჩინე, რომ შემეძლო ადამიანის ემოციების ფურცელზე გადმოტანა. გარშემომყოფებსაც მოეწონათ ჩემი ნამუშევრები, რამაც სტიმული მომცა, უფრო დამეხვეწა ნახატები. ამასთანავე, მქონდა შიშის გრძნობა, რადგან არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა იმ სირთულეების გადალახვას, რაც ხელოვნებას, მის შეცნობას ახლავს თან.
– რა ადგილი და დრო უჭირავს ხატვას, ხელოვნებას შენს ცხოვრებაში ?
– ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მეტი თავისუფალი დრო მაქვს, ამიტომ ვცდილობ, საკუთარ თავზე მეტი ვიმუშაო და დრო მაქსიმალურად შედეგიანად გამოვიყენო.
– სად ისწავლე ხატვა ?
– ხატვა ჩემით ვისწავლე, თუმცა ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვარ, რადგან ყოველდღე ახალ აღმოჩენებს ვაწყდები ხატვის ტექნიკის, სტილის, ხედვის თვალსაზრისით.
– ოჯახის წევრებიდან ვინმე თუ ხატავდა ?
– არავინ. როგორც მეუბნებიან, ოჯახში ერთადერთი „ვანგოგა“ ვარ (იცინის).
– რა მიმართულებით ხატავ ?
– ძირითადად, რეალისტური მიმართულებით ვხატავ, თუმცა ვაპირებ სხვა მიმართულებებშიც გამოვცადო თავი. ვიყენებ ზეთის საღებავებს, აკრილს, ნახშირს და ფანქრებს. ნახშირით ხატვა ახლახან დავიწყე და ბევრ სირთულეებს წავაწყდი, მაგრამ აქვს დადებითი მხარეც, ფანქართან შედარებით უფრო მუქის ეფექტი აქვს.
– რომელ სამუშაო მასალას ანიჭებ უპირატესობას ?
– უპირატესობას ვანიჭებ გრაფიტს და ახლა უკვე ნახშირსაც. შავ-თეთრი ფერისგან შეიძლება შექმნა ყველაფერი, დიდი სიზუსტით გადმოსცე ყოველი ემოცია, დეტალი, ნაკვთები და ნაოჭები.
– ვინ ან რა არის შენი მუზა ?
– ეს დამოკიდებულია გარემოზე. ბუნებაში როცა ვარ, სურვილი მიჩნდება, ტილოზე გადმოვიტანო კადრი, რომელიც ემოციას იწვევს ჩემში. უმეტესად, ზღვას ვხატავ, რადგან ის ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ზოგჯერ მუზა მაშინ მოდის, როდესაც რაღაც დანაკლისს ვგრძნობ, ან სულიერად გამოფიტული ვარ. მუზაც რაღაც ემოციაა, რომელიც ყოველდღე გროვდება ჩვენში და გადმოვცემთ ამას, როგორც შეგვიძლია.
– რომელიმე კონკურსში თუ მიგიღია მონაწილეობა, ან თუ აპირებ ?
– კონკურსში არ მიმიღია მონაწილეობა, რადგან ჩემი ნიჭის აღმოჩენა და შეცნობა ახალი დაწყებული მაქვს. კონკურსამდე მისასვლელად ჯერ კიდევ დიდი გზის გავლა არის საჭირო, რომელსაც ნელ-ნელა მივუყვები.
– როგორია შენთვის იდეალური სამუშაო გარემო ?
– ჩემთვის იდეალური გარემოა ჩემი სახლი, ზღვა, სიმყუდროვე და ბუნება. აუცილებელია განმარტოება. ხატვის დროს ვუსმენ კლასიკურ მუსიკას, რომელიც მეხმარება, სულიერად მამშვიდებს და კარგ განწყობაზე მაყენებს.
– რომელიმე ნამუშევარი თუ გიყვარს გამორჩეულად ?
– გამორჩეული ნახატი არ მაქვს. ვფიქრობ, ისეთი ნახატი ჯერ არ შემიქმნია, რომ განსაკუთრებულად შევიყვარო.
– თუ გაგიყიდია ან გაგიჩუქებია საკუთარი ნამუშევარი ?
– ბევრი ნახატი მაქვს გაჩუქებული ისეთ პიროვნებებზე, რომლებიც დარწმუნებული ვარ, მოუფრთხილდებიან და მათი ნახვის შესაძლებლობა მექნება ისევ. ყველაზე ძნელია ნახატთან გამომშვიდობება, რომელსაც დიდი დრო დაუთმე და ბოლომდე დაიხარჯე. რაც შეეხება გაყიდვას, ახლახან დავიწყე, ძირითადად, პორტრეტებს ვყიდი.
– ამბობენ, ხელოვნებას ადამიანი სხვა განზომილებაში გადაჰყავს.
– ხელოვნებაზე შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო. ეს არის საშუალება, რითაც ადამიანს შეუძლია გასაქანი მისცეს თავის ფანტაზიას, შეგიძლია გადახვიდე სხვა განზომილებაში, შექმნა საკუთარი სამყარო, რომელსაც გადმოიტან ტილოზე და გაუხანგრძლივებ სიცოცხლეს რეალურ სამყაროში.
– ქართველი ხელოვანებიდან ვის შემოქმედებას აფასებ ?
– განსაკუთრებით გამოვარჩევდი ელენე ახლევდიანს. მისი ნამუშევრები ბავშვობისას დიდ აღტაცებას იწვევდა ჩემში. მისი გამორჩეულობა, პეიზაჟები, არქიტექტურული ნახატები, მისი უბრალოება და სინაზე ყოველთვის მიზიდავდა.
– როგორ ფიქრობ, რა არის ხელოვნება მხატვრისთვის და რა – დამთვალიერებლისთვის ?
– ხელოვნება მხატვრისთვის არის ყოველდღიური გამოწვევა. ის შთააგონებს შემოქმედს. გვაქვს შეგრძნება, რომ აღმოსაჩენი ჯერ კიდევ ბევრია. როდესაც ნახატს ქმნი, თავისუფლებას განიცდი, შეიძლება დახატო ის, რაც სიამოვნებას განიჭებს, ან პირიქით – გრთგუნავს და გსურს მაყურებლამდე მიიტანო. ხელოვანისთვის ხელოვნება საკუთარი თავის გამოხატვის კარგი საშუალებაა. ვფიქრობ, დამთვალიერებლისთვისაც იგივეა, ის სიამოვნებით ათვალიერებს, ცდილობს ჩაუღრმავდეს მხატვრის ხედვას და განიცდის იმავეს, რასაც მხატვარი.
– რის გაკეთებას გეგმავ მომავალში?
– მინდა ჩემი გამოცდილება და აღმოჩენები გავუზიარო სხვებსაც და შევაყვარო ეს სფერო, ვასწავლო ხელოვნების ენით საუბარი. მინდა მქონდეს ჩემი საკუთარი სტუდია, რომელსაც აუცილებლად გავაკეთებ.