ჩვენებურები – დედაქალაქში
ოთარ ცინარიძე: 599 85 2114 –
ქარაფეთიდან გამოყოლილი მადლით
ცნობილი მეცნიერის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, შუახევის რაიონის სოფელ ქარაფეთში დაბადებულ-დავაჟკაცებული ზურაბ კეკელიძისთვის წლევანდელი შემოდგომა განსაკუთრებულია – მას დაბადებიდან 70 წელი უსრულდება. დღეს იგი ჩვენი გაზეთის სტუმარია.
– ცნობისმოყვარე, სოფლის ცხოვრების ყველა სფეროში ჩახედული ბავშვი ვიყავი. ნახევარ საუკუნეზე მეტია, ქარაფეთიდან წაავედი, მაგრამ არ მავიწყდება სოფლის ძელსკამზე ჩამომჯდარი ბრძენკაცების ნაუბარი. ისინი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, სიღრმისეულად მსჯელობდნენ სხვადასხვა საკითხზე. ცნობისმოყვარეების შეკითხვებსაც დაუზარლად პასუხობდნენ. ბედს ვუმადლი, რომ გურიის რეგიონიდან მოვლინებული პედაგოგის ქსენია ცქვიტინიძის სახით ფრიად ერუდირებული, პროფესიონალი მოძღვარი მყავდა. იმხანად ქარაფეთში მხოლოდ ოთხწლიანი სკოლა იყო. მისი დასრულების შემდეგ მეზობელ სოფელ მაწყვალთაში გავაგრძელე სწავლა. ეს ის დრო იყო, როცა პედაგოგიურ და საზოგადოებრივ სარბიელზე გამოდიოდნენ ამ სოფლის ღირსეული ადამიანები მიხეილ ზოიძე, არჩილ თავდგირიძე, ამირან მაკარაძე, ავთანდილ ზოიძე. ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში საქმიანობის პატივი როდესაც მერგო, მშობლიურ ქარაფეთთან ერთად მაწყვალთის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული დაწინაურებისთვის გარკვეული ღონისძიებები გავატარე. მაწყვალთა ხომ ჩემი დედულეთია და მას მშობლიურ სოფლისგან დიდად ვერ გამოვარჩევ.
– დედა რომელი გვარის შთამომავალი იყო?
– მაკარაძეების. ბაბუა დურსუნ მაკარაძე, ბიძაჩემი ტარიელ მაკარაძე სოფელსა და მარეთის ხეობაში ცნობილი პირები იყვნენ. ბიძის ბრძნული რჩევები რომ არა, შესაძლოა, ბევრის მსგავსად, მეც სოფელში ჩამეკლა ჩემი ნიჭი და უნარი. მისი რეკომენდაციით, მაწყვალთის 8-წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე ბათუმის №2 (სალიბაურის) სკოლა-ინტერნატში, რომლის დირექტორიც იოსებ (იუსუფ) დიასამიძე იყო. მათემატიკის მასწავლებელ იუზა ზენაიშვილისა და დირექტორის (ასევე მათემატიკოსის) ზეგავლენით, ურთულესი მეცნიერების საფუძვლების შესწავლას შევუდექი. წლების გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ სალიბაურის სკოლა-ინტერნატი იყო სანიმუშო სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულება. მოზარდებს უნარების გამოვლენის, აღზრდის შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევდნენ. დღესაც გული მწყდება, რომ წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან ამ სკოლამ მათემატიკის გაძლიერებულად სწავლების ფუნქცია დაკარგა. არადა ამ სკოლის კედლებში ოცი წლის განმავლობაში მრავალი კარგი მათემატიკოსი აღიზარდა. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დროსაც კი დირექტორი, პედაგოგები ყურადღების მიღმა არ გვტოვებდნენ. აღსაზრდელებიც სტუდენტური არდადეგების პერიოდში ვსტუმრებდით ხოლმე მათ.
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან ერთეულებს თუ ეძლეოდათ მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების საშუალება. თქვენ 1971-72 წლებში ეს პატივი გერგოთ. . .
– როგორც კი პასუხისმგებელ თანამდებობებზე დამნიშნეს ან ამირჩიეს, ღირსეული წინაპრების დავით მამულაძის, ვახტანგ წულუკიძის, ვახტანგ პაპუნიძის, არჩილ ტაკიძის, სოლომონ მაკარაძის, არჩილ ბერიძის მსგავსად, ვცდილობდი მთიელ ახალგაზრდებს სწორი არჩევანის გაკეთებაში დავხმარებოდი, მთის სოფლების სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე მეზრუნა. მთაში ცხოვრება რთულია, ოჯახებს სტუდენტის მოვლა ახლაც უჭირთ და მაშინაც უჭირდათ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობის სტუდენტი რომ გავხდი, დედაქალაქში მხოლოდ ერთი შუახეველი, აწ გარდაცვლილი დიოგენ დავითაძე, მუშაობდა. ღამის გასათევიც საძებარი იყო. მისაღებ გამოცდებს რომ ვაბარებდი, სტუდქალაქში უჩამბელ ლევან ვარშანიძესთან ერთად ვცხოვრებდი. სტუდენტური სტიპენდია, პროფესორ-მასწავლებლების კეთილი დამოკიდებულება საფუძველს მაძლევდა, ამეთვისებინა ის პროგრამები, რომლებიც ჩვენს სასწავლო გეგმაში იყო. ესეც იყო წინაპირობა, რომ ბოლო სასწავლო წლის კურსი მოსკოვში დამესრულებინა და ეკონომიკურ-მათემატიკური ინსტიტუტის ასპირანტი გავმხდარიყავი. მათემატიკურ მეცნიერებებთან ერთად რუსული ენის საფუძვლიანი ცოდნაც მომეთხოვებოდა. რუსული ენის (1978-1980 წლებში თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებული უცხო ენების ორწლიანი კურსები გავიარე ინგლისურ ენაში) ათვისებას ბიძას ტარიელ მაკარაძეს ვუმადლი.
– მოსკოვში ასპირანტურაში სწავლის წლებში დაიცავით საკანდიდატო დისერტაციაც. ფაქტია, მიღებული განათლება მშობლიური კუთხის სამსახურისთვის მართლაც ნაყოფიერად გამოიყენეთ. . .
– მომიტევოს თქვენი გაზეთის მკითხველმა, რომ საკუთარი ბიოგრაფიის ცალკეული შტრიხებით შემოვიფარგლები. 1976-1984 წლებში საქართველოს საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტში საქმიანობის წლებში უშუალო მონაწილეობას ვღებულობდი იმ მნიშვნელოვანი დადგენილებების ჯერ მომზადებაში, შემდეგ ცალკეული მიმართულებების განხორციელებაში, რომლებიც მაღალმთიანი აჭარის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას ეხებოდა. ამ წლებში მთის სოფლებში 30-ზე მეტი სკოლა, 10-მდე კულტურის ობიექტი აშენდა. კაპიტალურად შეკეთდა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის ბათუმი-ხულო-ადიგენის მონაკვეთი, დაიგო ასფალტი. საავტომობილო გზები გავიდა აჭარა-შავშეთის, მესხეთის ქედებზე. მხარდაჭერა მშობლიური კუთხისადმი მაშინ უფრო აქტუალური იყო, როცა 1984-1985, 1986-1987 და 1987-1990 წლებში საქართველოს მინისტრთა საბჭოს საფინანსო-საგეგმო ორგანოების განყოფილების გამგის მოადგილედ, საქართველოს საგეგმო კომიტეტის პერსპექტიული და მიმდინარე დაგეგმვის განყოფილების გამგის მოადგილედ და ბოლოს საქართველოს კპ ცკ აპარატის ჯერ ეკონომიკური განყოფილების ინსტრუქტორად, შემდეგ სოციალურ-ეკონომიკური განყოფილების ეკონომიკური ანალიზის სექტორის გამგედ ვიმუშავე.
– კომუნისტური რეჟიმის დაშლამ თქვენს კარიერაზეც იმოქმედა. იმ წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პირველ პირადაც მოიაზრებოდით?
– ჩემი თაობის მოხელეებს, მმართველობით და არჩევით ორგანოებში დასაქმებულებს კარგად გვახსოვს ჟიული შარტავა და მისი დამოკიდებულება პროფესიონალი კადრების მიმართ. სამსახურებრიდან გამომდინარე ამ პიროვნებასთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები ჩამომიყალიბდა. მისი რეკომენდაციით, საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად დამასახელეს ქობულეთის საარჩევნო ოლქში. ცნობილი პოლიტიკოსი რესან კონცელიძე და მე ერთმანეთს დავუპირისპირდით. ეს არჩევნები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო აღარ გამართულა. ის კეთილი ურთიერთობები, რომლებიც რესან კონცელიძესთან მქონდა, შემდგომ წლებშიც გაგრძელდა. რაც შეეხება აჭარის პირველი პირის თანამდებობაზე ჩემი დანიშვნის გეგმებს, სიმართლეა. მაშინ სარეზერვო კადრების თაობაზე თადარიგს იჭერდნენ. ამ თადარიგით ბევრი მოხელე კიდეც მოერგო შემოთავაზებულ თანამდებობას.
– მრავალი სახელმწიფო და პარტიული მუშაკი, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მოვლენების, ქვეყნის აღმშენებლობითი პროცესების მიღმა დარჩა. ეს არასასიამოვნო გარემოება თქვენც იწვნიეთ??
– მოდით, კითხვას ამომწურავი პასუხი რომ გავრცე, იმ სამსახურებს ჩამოგითვლით, რომლებიც 1991 წლიდან მოყოლებული დღემდე გამოვიარე. გულისა და გონების კარნახით დავაარსეთ საქართველო-ავსტრიის ერთობლივი საწარმო „იბერია ქონთრაქშენ ენდ სერვის კომპანი“. ვიყავი მისი ფინანსური დირექტორი. ეს გამოძახილი იყო იმ მეგობრული ურთიერთობებისა, რომლებიც მოსკოვში ყოფნისას უცხოელებთან დავამყარე. ვიმუშავე შპს-ების „ეგრისი“, „პროგრესი“, „კრწანისი“ დირექტორად. ბატონ ედუარდ შევარდნაძის ქვეყნის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველოს უფროსობა, გადამხდელთა რეგისტრაციის, ანგარიშგების, ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსობა, სოციალური გადასახადებისა და სხვა შენატანების გადახდაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეობა, აღრიცხვა-ანგარიშგების, ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს უფროსობა, საგადასახადო შემოსავლებისა და საგადასახადო დავალიანებების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის მოადგილეობა მანდეს. ეს თანამდებობებზე 1998-2005 წლებში ვიმუშავე. ექვსი წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი ვიყავი. 2008 წლიდან დღემდე შპს „აუდიტორის“ დირექტორი ვარ. პარალელურად შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრსა“ და სხვა კერძო სტრუქტურებში ვიმუშავე. ერთ საჯარო ან კერძო სტრუტურას ვერ გავიხსენებ, რომ მისი კარები ხელაღებით გამომეხურა. ყველგან კოლეგების, თანამშრომლების სიახლოვით სავსემ, მეგობრული გარემოცვაში ვიმუშავე.
– ფრიად საინტერესო თემაზე გაქვთ დაცული საკანდიდატო დისერტაცია, ასევე არაერთი სხვა ნაშრომიც. მათ არსსა და მნიშვნელობაზე სტუდენტებს თუ ესაუბრებთ?
– მადლობა ამ შეკითხვისთვის. 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ვარ. 1977-1983 წლებში მშობლიურ უნივერსიტეტში ლექციების კურსი მიმყავდა ეკონომიკური კიბერნეტიკის საკითხებზე. ეს იყო ჩემი ნახევარსაუკუნოვანი საქმიანობის ყველაზე შესანიშნავი წლები. ჩემი სტუდენტები კარგად ითვისებდნენ ცოდნას, რომელსაც ვაძლევდი. . ეკონომიკური კიბერნეტიკა მეცნიერების ახალი დარგია და მას საქართველოში დიდი პესპექტივა აქვს. იაკობ მესხია გახლავთ მისი ფუძემდებელი და მან ჩემს ცხოვრებაში დიდი კვალი დატოვა.
– ქარაფეთიდან გამოყოლილი მადლი ცხოვრების დიდ გზაზე მიგყვებათ, ალბათ გრძნობთ ამას?
– მშობლიურ სოფელთან, ახლობლებთნ ურთიერთობას წუთით არ ვწყვეტ. ქვეყნისთვის ძნელბედობის ჟამს თანასოფლელებს ხელს ვუმართავდი. ის სიახლეები, პროექტები მახარებს, რომლებიც სოფელში ბოლო დროს ხორციელდება. ჩემი და წინამდებარე თაობების თანასოფლელებს წარმოუდგენლად მიგვაჩნდა შუახევი-გამონათლევის საავტომობილო გზის მოასფალტება. ახლა ეს რეალობაა.
– თუ გადავხედავთ თქვენს ბიოგრაფიას, დაბადების ადგილად „კარაპეტი“ კი არა „ქარაფეთი“ გაქვთ მინიშნებული, რატომ?
– ჩემი და ყველა ქარაფეთელის ვალია სოფელს ადრინდელი სახელი „ქარაფეთი“ დავუბრუნოთ. ამის დასტური ის ქარაფიცაა, რომელიც სოფლის შესასვლელშია, დანარჩენი ტერიტორიაზე კი ხეხილის ბაღები და სახნავ-სათესი ფართობებია.