ტრადიციული კერძების პოპულარიზაციისთვის ვიდეოგაკვეთილები მზადდება
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლების გადაღებას. ამჯერად, აჭარული კერძების პოპულარიზაციისათვის და რეგიონში კულინარიის განვითარებისთვის ცნობილი შეფმზარეულების დახმარებით ვიდეოგაკვეთილები მზადდება, ასევე, ფოტორეცეპტებიც გამოქვეყნდება, რომლებიც ონლაინპლატფორმაზე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.
,,პროექტის მთავარი მიზანია აჭარული ტრადიციული კერძების ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაცია, მეწარმეების, კვების ობიექტებისა და საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლების წახალისება, რათა მრავალფეროვანი აჭარული კერძები მენიუებში შეიტანონ, სწორად სერვირებული კერძების შეთავაზება ტურისტებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის ფოტორეცეპტებად, ვიდეოგაკვეთილებად დამუშავება, რაშიც ჩვენ ცნობილი შეფმზარეულები გვეხმარებიან. ყველა ეს მასალა თავს მოიყრის ერთიან ონლაინპლატფორმაზე, რომელზეც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება წვდომა”, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.
საიმიჯო რგოლების გადაღებები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. შეფმზარეულები ქობულეთურ, ლაზურ და მთიანი აჭარის სამზარეულოს ნაკლებად ცნობილ კერძებსა და დესერტებს ადგილობრივ მზარეულებთან ერთად ამზადებენ, ასევე ტრადიციული კერძების სერვირების, შეფუთვისა და მომხმარებელთან მიტანის საკითხებს განიხილავენ.