„მეტად უნდა გავაცნობიეროთ იმ პრობლემის სირთულე, რომელიც არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე დგას“
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
კოვიდინფექციამ თითქმის ყველა სფეროში შეაღწია. დაინფიცირდნენ მედიცინის მუშაკები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები, სპორტსმენები, ჟურნალისტები. . . სამწუხაროდ, არც გაზეთი „აჭარაა“ გამონაკლისი. ჩვენმა კოლეგამ, ნანა აბულაძემ ახალ კორონავირუსზე ტესტი 8 ოქტომბერს ჩაიტარა. მეორე დღესვე აცნობეს, რომ ის კოვიდდადებითი აღმოჩნდა. ნანა უკვე 6 დღეა, რაც კარანტინში იმყოფება. როგორც თავად გვითხრა, ძალიან რთული დღეები გამოიარა, მაგრამ კორონას ნელ-ნელა ამარცხებს. მიუხედავად სისუსტისა, ინტერვიუზე მაინც დაგვთანხმდა და ამჯერად ჩვენს შეკითხვებს რესპონდენტის ამპლუაში უპასუხებს. როგორ გრძნობდა თავს დღეების მიხედვით, როგორ ებრძოდა ვირუსს და რა ენატრება ყველაზე მეტად, ამ და სხვა თემებზე თავად გვესაუბრება.
– ნანა, რა სიმპტომებით დაგეწყოთ ვირუსი?
– დიახ, მე კოვიდინფიცირებული ვარ და ეს აბსოლუტურად არ არის ტრაგედია, მით უმეტეს, არც დასამალი ამბავი. რა სიმპტომებით დამეწყო? სიცხით. სხვათა შორის, 37.2 – 37.7 -ზე ზევით სიცხე არ ამწევია. ამას მოჰყვა სახსრების საშინელი ტკივილი, ძვლებში რომ გამტვრევს და ისეთი სიმძიმის შეგრძნება კუნთებში, გგონია, სადაცაა დაეცემი. ზოგადი სისუსტე გთიშავს და საწოლისკენ გექაჩება, რომ უფრო მეტად დაგიმორჩილოს. . . შემდეგ ვგრძნობდი, როგორ ვიღლებოდი საუბრის დროს. შეიძლება ითქვას, რამდენიმე ღამე არც მიძინია. ჩავიძინებდი თუ არა, სუნთქვა მეკვროდა, მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა და მაღვიძებდა განცდა, თითქოს ვიგუდებოდი. ყნოსვაც დავკარგე, გიჟივით ვყნოსავდი ყველაფერს, იქნებ ვიგრძნო-მეთქი, თუმცა ამაოდ. რადგან ჰაერი არ მყოფნიდა და დროგამოშვებით ხველების დროს საშინლად მტკიოდა გვერდები, ფილტვებში ანთება ხომ არ მაქვს მეთქი დავეჭვდი და სასწრაფო გამოვიძახე. კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ ფილტვები სუფთა მქონდა. ამოვისუნთქე. . .
– ამჟამად სად იმყოფებით, როგორი პირობებია?
– სასტუმრო „ეიფორიაში“. უკვე ორი ღამეა, კოვიდის დადასტურების შემდეგ, რაც შედარებით მშვიდად მძინავს. მგონი რთული დღეები გავიარე და კორონას ნელ-ნელა ვამარცხებ. პირობები კარგია, ფანჯრიდან ისეთი ხედი მაქვს, ხშირად რომ გვინატრია, თუმცა როცა იცი, რომ გარეთ სეზონისთვის უჩვეულოდ კარგი ამინდია და ამ ყველაფერს ფანჯრიდან უყურებ, ხვდები, რომ სრულ კომფორტშიც რომ იყო, თავისუფლების ფასი არაფერია!
– რა გენატრებათ ყველაზე მეტად?
– ადამიანებით ახმაურებული ქუჩები, ბავშვების ჟრიამული ბაღებსა თუ სკოლებში, ერთმანეთის ოჯახებში თავისუფლად სტუმრობა, კულტურული ღონისძიებები. თეატრი მენატრება ძალიან და ბოლოს, გემრიელად ჩახუტება. როცა აქედან გამოვალ (ალბათ 5 დღეში) ყველას უნდა ჩაგეხუტოთ, კოვიდგამოვლილებმა უფრო გემრიელი ჩახუტება ვიცით, არა შიშნარევი. ერთი წლის წინ, ალბათ ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასეთი გამოწვევის წინაშე დავდგებოდით, თუმცა ცხოვრება რომ ხან – სასიამოვნო, ხან კიდევ უსიამოვნო მოულოდნელობებითაა სავსე, ამაში ყველა ერთად კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.
– რა განიცადეთ იმ წამს, როცა ვირუსი დაგიდასტურდათ?
– ვირუსის დადასტურებამდე 2-3 დღით ადრე უკვე მქონდა კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, თუმცა მაინც ვფიქრობდი, რომ შესაძლოა უბრალო გაციება იყო, უფრო საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი. მეგონა, ერთგვარად შეგუებული ვიყავი ამ ყველაფერს, მაგრამ, როცა დამირეკეს და მითხრეს კოვიდდადებითი ხარო, გამოგიტყდებით და საკმაოდ ვინერვიულე, იმდენად, რომ სიცხემ ამიწია. თუმცა მალევე გავაცნობიერე, რომ ნერვიულობა უფრო რთულად აისახებოდა ჩემს ჯანმრთელობაზე და შევეცადე, დავმშვიდებულიყავი. ყველა უარყოფით ამბავს შეიძლება მოუნახო დადებითი მხარე, თუ პოზიტიურად განეწყობი და ყურადღებას სხვა, შენთვის საინტერესო და სასიამოვნო საკითხებზე გადაიტან. საკუთარი აზრი, ფიქრი, ემოცია, ყველაფერი შენს ხელთაა და იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ და საითკენ მიმართავ მათ.
– წარმოგედგინათ თუ არა, რომ თქვენც ინფიცირებულთა სიაში იქნებოდით? – მიუხედავად იმისა რომ ძალიან ვფრთხილობდი, უსაფრთხოების ყველა წესს ვიცავდი, ვფიქრობდი, რომ უკვე იმდენად გავრცელდა ვირუსი, შესაძლოა მეც ინფიცირებულთა რიგში ვყოფილიყავი და ასეც მოხდა. თუმცა, მთავარი ის არის, რომ რთული დღეები გავიარე და როგორც ოჯახის ექიმმა დამაიმედა, მივიწევთ ფინიშისკენ.
– ინფიცირების წყარო თუ იცით?
– ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, არაერთ ადამიანთან გვიწევს შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ თავს მაქსიმალურად ვიცავდი, არ გამოვრიცხავ რომელიმე უსიმპტომო კოვიდინფიცირებულისგან მივიღე ვირუსი.
– საზოგადოებაში გავრცელებულია ცრუ ინფორმაცია, რომ ვირუსი არ არსებობს, ამაზე რას გვეტყვით?
– ვფიქრობ, მათი ეს პოზიცია თავდაცვის ინსტინქტი უფროა. თუმცა, არიან რადიკალურად განწყობილი ადამიანები, ვისაც გარდა იმისა, რომ არ სჯერათ ვირუსის არსებობის, არც უსაფრთხოების წესებს იცავენ. პირბადის გარეშე გადაადგილდებიან ხალხმრავალ ადგილებში, დადიან სტუმრად. . . მიმაჩნია, რომ ყველაზე მეტად სწორედ ასეთი ადამიანები არიან საფრთხის შემცველები, ანუ ვირუსის გადამტანები. აუცილებლად უნდა გამოვიდეთ ამ შეთხზული შთაგონებიდან, უფრო მეტად უნდა გავაცნობიეროთ იმ პრობლემის სირთულე, რომელიც არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე დგას და რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს ერთმანეთის მიმართ. სამწუხაროდ, ბევრი მინახავს ისეთი ადამიანი, რომელიც არა მარტო კორონავირუსთან მიმართებაში, ზოგადად, ბევრი საკითხისადმი გულგრილია მანამ, სანამ მას და მისი ოჯახის წევრს არ შეეხება ესა თუ ის პრობლემა. დროა გამოვფხიზლდეთ და უფრო მეტად მივიტანოთ გულთან ერთმანეთის გასაჭირი. თანადგომა პრობლემებზე გამარჯვების ტოლფასია.
– ხშირად ცხოვრებისეულ ცვლილებებს ღირებულებების გადაფასება მოსდევს, იზოლაციის პერიოდში რამე თუ შეიცვალა თქვენში?
– აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, უფრო მეტს ფიქრობ ცხოვრებაზე, ძვირფას ადამიანებსა და მათ ჯანმრთელობაზე. ფიქრობ, რომ ყოველი დღე იცხოვრო უფრო მეტი სიკეთით, სიყვარულით, რადგან ის შეიძლება უკანასკნელი დღე აღმოჩნდეს შენს ცხოვრებაში.
– მიმართვა მოსახლეობას. . .
– პირველ როგში, მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო თითოეულ ადამიანს. მათ, ვისაც კორონავირუსი უკვე დაუდასტურდა, ან მომავალში დაუდასტურდება, აუცილებლად უნდა შეიქმნან პოზიტიური განწყობა. ვფიქრობ, ვაქცინა, რომელიც არა მარტო კორონავირუსისგან, არამედ ყველა სირთულისგან დაგვიცავს, სიყვარულია. სიყვარულით გაწვდილი ხელი ყველა მტკივნეულ იარას კურნავს. ვისურვებ, ყველა ერთად, მალე დავბრუნებოდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

