ქართველ მუსლიმთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე პარლამენტარობისთვის ემზადება
მარი ხითარიშვილი: 27 48 93 –
„ევროპულმა საქართველომ“ წინასაარჩევნო მარათონში მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე ჩააბა, რომელმაც ხულო-შუახევი-ქედის ოლქში უნდა წარმოადგინოს პარტია, როგორც პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
„ის ღირსეული ადამიანია კარგი რეპუტაციით, ჯანსაღი ღირებულებებით. ჩვენი პოზიციები მთელ რიგ საკითხებში, განსაკუთრებით, რელიგიური თავისუფლების საკითხში, ემთხვევა. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი აჭარის მთიანეთის ღირსეული წარმომადგენელი იქნება. ტარიელს კარგად იცნობთ, აქაური კაცია. მას იცნობენ მთელ საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც განსხვავებული ეთნიკური ჯგუფები, სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები ვცხოვრობთ. ჩვენი ქვეყანა თანაარსებობისა და ჰარმონიის მაგალითი უნდა იყოს. ბატონი ტარიელის საქმეა ჩვენი ქართველი მუსლიმების უფლებების დაცვა. ქვეყანად შევდგებით მხოლოდ მაშინ, როცა განსხვავებული აზრის თუ რელიგიის გამო ერთმანეთს ყელში არ ვწვდებით“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ხულოში დეპუტატობის ახალ კანდიდატზე საუბრისას.
ქედის მოსახლეობას ტარიელ ნაკაიძე პარტიის მეორე ლიდერმა დავით ბაქრაძემ წარუდგინა. ძირითად აქცენტს პოლიტიკოსები თურქეთში გადასვლის შეზღუდვაზე აკეთებდნენ, რომლის მოხსნასაც ჰპირდებოდნენ მოსახლეობას კანდიდატის მხარდაჭერის შემთხვევაში.
თავად კანდიდატი, რომელიც მეჩეთების მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე არაერთ აჟიტირებულ პროცესს უძღვებოდა, თვლის, რომ ღირსეულად წარმოადგენს პარლამენტში არა მხოლოდ საარჩევნო ოლქის 97 ათას ამომრჩეველს და მთელ აჭარას, არამედ საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს, რაც აქამდე ვერავინ შეძლო.
აირჩევენ თუ არა მას მაჟორიტარად, წინასწარ ვერ ვიტყვით, მაგრამ პარტიული სიით მისი გასვლა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, მართლაც, მოსალოდნელია.
რა მიზნები და ამოცანები აქვს მუსლიმთა ლიდერს პარლამენტარად არჩევის შემთხვევაში? ამაზე ბატონი ტარიელი „აჭარის“ მკითხველს თავად ესაუბრება.
-თქვენ მიდით ყოფილ „ნაციონალებთან“ თუ მიგიწვიეს?
– მთელმა გუნდმა შემომთავაზ. მითხრეს, რომ მაღალმთიანი აჭარა პარლამენტში სწორედ მე უნდა წარმოვადგინო, როგორც მაჟორიტარმა. დიდხანს ფიქრის შემდეგ დავთანხმდი, რადგან ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანია ამ ადამიანების გულისტკივილის მთავრობამდე მიტანა. სამწუხაროდ, აქამდე დუმდნენ, არ აქტიურობდნენ ჩვენი რელიგიის წარმომადგენლები და ვერ აღწევდნენ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომდე.
– დასტურისთვის დიდხანს ფიქრი რატომ დაგჭირდათ?.. პარტია „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანდით თუ როგორც უპარტიო კანდიდატი მონაწილეობთ?
– პარტიაშიც შევედი და პოლიტსაბჭოშიც. რაც შეეხება პასუხის დაყოვნებას, არასოდეს ვყოფილვარ არცერთი პარტიის წევრი, თან 2001 წლიდან ვმონაწილეობ სამოქალაქო მოძრაობაში. ვიცავ რელოგიური უმცირესობის, კერძოდ, მუსლიმი თემის წარმომადგენლებს. ყველა ხელისუფლებასთან გვქონდა დიალოგი, ვაწვდიდით მათ რეკომენდაციებს, ვეუბნებოდით, რა უნდა გამოსწორებულიყო და რა გვსურდა გაკეთებულიყო. ამიტომ დავფიქრდი, ღირდა თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა შემდეგ დავასკვენი, რომ უმჯობესია თავად მართო პროცესები, ვიდრე მოითხოვო ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტა.
– რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც „ევროპულ საქართველოში“ გაერთიანება, „ოცნების“ წინააღმდეგი ხართ?
– მეჩეთების ნგრევის ის ტალღა, რომელიც 2012 წლიდან დაიწყო, სწორედ მათ ხელისუფლებას უკავშირდება, რადგან ირღვეოდა არა მხოლოდ მუსლიმთა, არამედ ადამიანის უფლებები და თავისუფლება. რა თქმა უნდა, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ უფრო მეტი – გასაკეთებელია. აუცილებელია, მთავრობამ გაითვალისწინოს რეგიონის მნიშვნელობა და წინა პლანზე, პრაქტიკულად, წამოწიოს თვითმმართველი ერთეულების დამოუკიდებლობის სტატუსი. მაშინ ნაკლებად დაირღვევა ადამიანის უფლებები და შევძლებთ ადგილობრივი თემების გადაწყვეტილებების შესაბამისად ქვეყნის ცალკეული მუნიციპალიტეტების მართვას. თუკი ეს ასე არ უნდა იყოს, მაშინ რა აზრი აქვს საკრებულოებს და არჩევითობის პრინციპს?! ცენტრალიზაცია არღვევს დემოკრატიის კანონებს და წარმოქმნის უსამართლობას.
– მსგავსი და უფრო მეტი უსამართლობა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში დაფიქსირდა, თქვენ მათთან არ აიგივებთ „ევროპულ საქართველოს“?
– რა თქმა უნდა, არა. ჩემთვის მისაღებია ის ხედვა, რომელიც დღეს გააჩნია „ევროპულ საქართველოს“ და არა – წარსულის შეცდომები, რასაც თავადაც აღიარებენ და გამოსწორებას აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
– რამდენად გჯერათ, რომ აღარ გაიმეორებენ შეცდომებს?
– როდესაც ადამიანი ხვდება დანაშაულს, აღიარებს და გამოსწორებას ცდილობს, მას აუცილებლად უნდა ენდო. ამ ხალხს აქვს მმართველობის, ქვეყნის აღმშენებლობის გამოცდილება, რაზეც არავინ კამათობს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ახალ პარტიაში გაერთიანებული, გამოცდილი პოლიტიკოსები და მეურნე ადამიანები, კარგად გაართმევენ თავს ქვეყნის მართვას და დემოკრატიის ხარისხის ამაღლებას.
– რა მიგაჩნიათ მთიანი აჭარის ძირითად პრობლემად?
– პირველი და უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ის, რომ არ ისმის აჭარის ხმა არც საკანონმდებლო არც აღმასრულებელ ხელისუფლებებში. მაღალ თანამდებობაზეც კი აქედან წასულს არავის ნიშნავენ. მმართველი გუნდის სიის პირველ ოცეულშიც ვერ მოხვდნენ აჭარის წარმომადგენლები. ზოგადად, ასეთი დამოკიდებულებაა ჩვენი მხარის მიმართ. ცხადია, წარმოუდგენელია აჭარის განვითარება საქართველოს გარეშე და საქართველოს განვითარება აჭარის და ზოგადად, ყველა რეგიონის გარეშე. პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღების სურვილი გვაქვს მაშინ, როცა რეგიონები აშკარად უგულებელყოფილია. პირველი საკითხი, რომელსაც დავაყენებ პარლამენტის დღის წესრიგში, ეს იქნება. კერძოდ, ჩართონ რეგიონების წარმომადგენლები ქვეყნის მართვაში. ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ აჭარის კონკრეტულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებებში. პრობლემებია ეკომიგრანტებთან მიმართებაშიც. ჩვენი მაღალმთიანეთიდან სხვა რეგიონებში ჩასახლებული ოჯახები ბევრ საკითხს აყენებენ წინა პლანზე, მაგრამ არ არსებობს სამართლებრივი ბაზა, რის გამოც არაერთი პრობლემა გადაუჭრელი რჩება. ამ ადამიანებს უნდა შევუქმნათ ცხოვრების ნორმალური პირობები, რისთვისაც ვიბრძოლებ, როდესაც პარლამენტარი გავხდები.
– თქვენი სლოგანი რა არის?
-„აჭარის ხმა პარლამენტში“. ეს სლოგანი მივაწერე ყველა ბანერს და სარეკლამო ფირნიშს, რადგან ნათლად გამოხატავს იმ ძირითად მიზანს, რაც მამოძრავებს არჩევნებში მონაწილეობისთვის.
– როდის ჩამოყალიბდა და რა გააკეთა არსებობის მანძილზე „მუსლიმთა კავშირმა“?
– არაოფიციალურად „მუსლიმთა კავშირი“ ფუნქციონირებს 2001 წლიდან, ხოლო ოფიციალურად დავარეგისტრირეთ 2008 წელს. ჩვენი ამოცანაა საქართველოს მუსლიმი თემის ცნობადობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით და ამ კუთხით წამოჭრილი საკითხების მოგვარება. ჩვენ ვახორციელებთ რელიგიურ, კულტურულ და საგანმანათლებლო პროგრამებს. 2012 წლიდან გამოიკვეთა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის აუცილებლობა რელიგიური შემწყნარებლობის კუთხით. აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში პრობლემები აქვთ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს. კერძოდ, ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში სალოცავებში არ უშვებდნენ მორწმუნეებს. ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო, როდესაც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში, ხელისუფლების უშუალო ბრძანებით, სამხედრო ტექნიკის მეშვეობით მოახერხეს მეჩეთს მინარეთი. ეს იყო მუსლიმი თემის სერიოზული გამოწვევა, ბეწვის ხიდზე გავლა, რადგან ჩვენი მხრიდან უნდა გვეჩვენებინა ძალა.
– ქართველების დაპირისპირებას გულისხმობთ რელიგიურ ნიადაგზე?
– არა, ვგულისხმობ დაპირისპირებას კანონიერ საფუძველზე. მართლაც ასე მოხდა. გამოგვეხმაურნენ ადგილობრივი აქტივისტები, სხვა რელიგიების წარმომადგენლები, საქართველოში მოღვაწე უფლებადამცველები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებმაც ფაქტობრივად, ორ თვეში შეძლეს დაებრუნებინათ მინარეთი. ჩვენმა კავშირმა ბევრი წინააღმდეგობა გადალახა, მათ შორის, სახელწოდების შენარჩუნების კუთხით. გვედავებოდნენ, რომ არ შეიძლებოდა ქართველი ყოფილიყო მუსლიმი. ამიტომაც ვთვლი, რომ გარკვეული სტრეოტიპების დამსხვრევა მოახერხა ჩვენმა კავშირმა და მეამაყება, რომ ვხელმძღვანელობდი ისეთ ორგანიზაციას, რომელიც რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტერესების აქტიური დამცველია.
-კავშირს აღარ ხელმძღვანელობთ?
-არა, ახლა სხვა ხელმძღვანელი ჰყავს და იმედს ვიტოვებ, უფრო მეტს გააკეთებენ ქართველი მუსლიმებისა და საქართველოსთვის.
– გამოდის, პოლიტიკა არჩიეთ თანამორწმუნეების დაცვას, დარწმუნებული ხართ, რომ მიაღწევთ სასურველ პოზიციას და შეძლებთ დასახული ამოცანის განხორციელებას?
– დარწმუნებული ვარ, რადგან ამ ხნის განმავლობაში ვიბრძოდით, რომ ხელისუფლებამდე მიგვეტანა პრობლემები, ახლა კი თავად ვიქნები ხელისუფლებაში და მეტის გაკეთების შანსი მომეცემა. პოლიტიკა ხელისუფლების წარმმართველი ძალაა, რომელიც იმ შეზღუდული რაოდენობის პარლამენტართა ხელშია, რომლებსაც ხალხი ირჩევს. ანუ მათი ნება-სურვილის განსახორციელებლად მივდივარ იქ, საიდანაც უკეთ შევძლებ საკუთარი თემის დაკვეთის შესრულებას. აქვე აღვნიშნავ, რომ ყოველთვის ვიყავი და ვიქნები უკომრპომისო ბრძოლაში. ჩემი მოსყიდვა, სხვის აზრზე გატარება ან გადაბირება შეუძლებელია. უკვე კარგა ხანია გამოვცადე საკუთარი თავი, რაც მაძლევს ამის თქმის საფუძველს. უკან არასოდეს დამიხევია, რადგან, რასაც ვაკეთებ, რწმენითა და სიყვარულით, საკუთარი ხალხის პატივისცემით ვაკეთებ და ბოლომდე მიმყავს საქმე, რომელსაც შევეჭიდები. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ რეგიონების უგულებელყოფის, მათზე „ზემოდან“ დახედვის მავნე გადმონაშთი და გავითავისოთ, რომ სახელმწიფო შედგება კუთხეებისგან და იმ ადამიანებისგან, რომლებიც იქ ცხოვრობენ. სულაც არ არის სავალდებულო, ყველა დედაქალაქის მკვიდრი იყოს. ვპირდები ამომრჩეველს, ვიქნები ძალიან მაღალი ხმა პარლამენტში, სადაც მაღალმთიანი აჭარა და მისი მოსახლეობა მინდა წარმოვადგინო.
– რა გააკეთა კარგი და რა – ცუდი „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოსთვის?
– ვერ ვხედავ ისეთ დადებითს, რაც გადაფარავდა ყველა უარყოფითს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან აქამდე. მთელი ამ ხნის განმავლობაში, იმდენად გართულდა ცხოვრება და იმდენი ცუდი რამ მოხდა, კარგს ვერაფერს ვიხსენებ. აჭარაში ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რასაც არავინ აქცევს ყურადღებას. მმართველი გუნდის დამოკიდებულება რეგიონების მიმართ ღია და ნათელია. პრინციპში, არც კი თვლიან, რომ ვარსებობთ, რადგან მათ ეს სრულიადაც არ სჭირდებათ. ასევე, მაფიქრებს პრორუსული დამოკიდებულებებიც, რაც უკვე თვალნათელია. ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა შეიყვანა სერიოზულ ჩიხში, როგორც ეკონომიკურად, ასევე, პოლიტიკურად. ეს უკვე გამჟღავნდა საერთაშორისო არენაზე, რაც წინაღობებს გვიქმნის. ამიტომაც დადგა დრო, ივანიშვილმა გადააბაროს მმართველობის სადავეები კოალიციურ მთავრობას, რასაც მხარს უჭერს „ევროპული საქართველო“. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს „ბელადომანია“. ერთი ხელისუფალის ხელში არ უნდა იყოს ქვეყნის და მისი მოსახლეობის ბედ-იღბალი. ამას რაც მოსდევს, ყველამ კარაგად ვიცით.
– თქვენ ახსენეთ ივანიშვილის პრორუსული მიმართულება, არადა, თავად ღიად გიწოდებენ პროთურქული იდეების მატარებელს. . .
– მე თავშივე ვთქვი, რომ საქართველოში მუსლიმთან დაკავშირებით სტერეოტიპებია შემორჩენილი. მე უკვე დავამსხვრიე ბევრი მსგავსი წარმოდგენა, არასოდეს ვაქცევდი დიდ ყურადღებას მსგავს ბრალდებებს და ყოველთვის ვაკეთებდი იმ საქმეს, რაც ქართველობისთვის, საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი. ბათუმში მეჩეთის მშენებლობისთვის ჩვენმა ბრძოლამ დაადასტურა, ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ ქვეყნისთვის, ხალხისთვის. ვინც პროთურქობას გვაბრალებს, თავად პრორუსული ძალაა. ეს ჩანს იმ ადამიანების ქმედებებისგან, რომლებიც მრავლად დარჩნენ ჩვენ ირგვლივ, როგორც გასული საუკუნის გადმონაშთი. ბანერები გაიხსენეთ, სადაც აჭარა წითლადაა გამოყოფილი. ამით თითქოს შიშებს აღვივებენ… სწორედ ამიტომ მიმაჩნია მნიშვნელოვნად ჩვენი თანმიმდევრული ბრძოლა, საქმიანობა, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს არ ემუქრება ერთიანობის დაკარგვის საფრთხე მუსლიმანი ქართველებისგან. პირიქით, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ეროვნულობა არ იყოს მრწამსის განმსაზღვრელი და განსხვავებული რელიგიის გამო ადამიანი არ ჩაითვალოს მტრად.
– ერთმანეთს დაეჯახა სომხეთი და აზერბაიჯანი, რომელთაც შესაბამისად, მხარში უდგანან რუსეთი და თურქეთი. აჭარას ხომ არ ემუქრება ამ კუთხით საფრთხე, მასზე ხომ ორივე ზესახელმწიფოს უჭირავს თვალი?
-ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმპერიული ზრახვების მქონე სახელმწიფოების პოლიტიკის გამტარებელი. უნდა ვაკეთოთ მხოლოდ ის, რაც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი. ომს, რომელიც სამეზობლოშია გაჩაღებული, სჭირდება სერიოზული გაანალიზება და მიდგომა. თუნდაც დავით-გარეჯთან დამოკიდებულებაში აშკარად ჩანს, რომ ჩვენი მთავრობა სათანადოდ ვერ აანალიზებს არსებულ ვითარებას. ხშირად არასწორად აპელირებს პროვოკაციებზე, რაც შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს ქვეყნისთვის. აუცილებელია, სწრაფად გავუშვათ ხელისუფლება, რათა შევძლოთ არსებული საფრთხის თავიდან აცილება მოქნილი პოლიტიკითა და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით.
– რამდენად კონკურენტუნარიანად მიგაჩნიათ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე?
-ანზორ ბოლქვაძე რამდენიმე მოწვევის პარლამენტარია, თუმცა მისი ხმა არსად სმენია საქართველოს. მასზე ახლა დიდი ფული იხარჯება, რათა გაიყვანონ პარლამენტში, მაგრამ იმედი მაქვს, მოსყიდვისა და ზეწოლების მიუხედავად, აჭარის მოსახლეობა არ შეცდება და იმას მისცემს ხმას, ვინც უფრო ეიმედება და რომელიც ღიად იტყვის მათ სატკივარს საქართველოს ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან.