ახალი კორონავირუსით ინფიცირების 342 შემთხვევა – აჭარაში
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 342 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა ორი პაციენტი, გამოჯანმრთელდა -169. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე თავისუფალია 46 საწოლი. კოვიდსასტუმროებში რჩება 822 პირი, მათ შორის – 76 არასრულწლოვანი. აჭარაში ბინაზე 1200-მდე პირი მკურნალობს. რეგიონში კოვიდ-19-ით სულ 61 პირი გარდაიცვალა.
– გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში გამოჯამრთელდა 169 კოვიდდადებითი პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გახლავთ 4721. დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 342 შემთხვევა. კოვიდკლინიკებში მკურნალობას გადის 567 ადამიანი, აქედან 15 არასრულწლოვანია, 26 კი ორსული. რეანიმაციაში მოთავსებულია 55 მოქალაქე. თავისუფალი საწოლების რაოდენობა ამ მომენტისთვის არის 41 და ეს რიცხვი, მოგეხსენებათ, დღის განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. სამწუხაროდ, გვაქვს კიდევ ორი გარდაცვალების შემთხვევა. ერთი გახლდათ 63 წლის მამაკაცი და მეორე – 55 წლის ქალბატონი. ერთი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, მეორე – ბათუმის სამედიცინო ცენტრში, – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მაოდგილე ნონა ეფაძემ.
გარდაცვლილების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. 63 წლის მამაკაცს კოვიდ-19-თან ერთად რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, შოკი აღენიშნებოდა, 55 წლის ქალს – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დაუზუსტებელი პნევმონია, გულის გაჩერება, ჰიპერტონული დაავადება და თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი.
16 ოქტომბრის მონაცემებით სულ საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა. განახლებული სტატისტიკის თანახმად, ინფიცირებულთა რაოდენობა 15 327 გახდა. ახალი კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 124-ს მიაღწია.
ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისი – 277, აჭარა – 342, იმერეთი – 198, კახეთი – 7, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 22, გურია – 11, შიდა ქართლი – 12, ქვემო ქართლი – 3, მცხეთა- მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა – 2.
საქართველოს მასშტაბით, კრიტიკულად მძიმეა 70-ზე მეტი პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 5721 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პირი.