„იდუმალი ფრონტის რაინდის“ საიდუმლო
ოთარ ცინარიძე: 27 48 93 –
მკითხველის სამსჯავროზეა მწერალ აკაკი მახარაძის ტრილოგია „იდუმალი ფრონტის რაინდი“.
თანამედროვე მკითხველს, გადაღლილს ყოველდღიური წვრილმანებით თუ საფიქრალ-საზრუნავით, თითქოსდა დროც აღარ რჩება სააზროვნოდ თუ ერუდიციის გასაღრმავებლად. ასეთ ვითარებაში, ყოველ მათგანს სურს მსუბუქად და ლაღად იკითხოს, ბევრი თავისმტვრევის გარეშე ჩაწვდეს მწერლის, პოეტის თუ პუბლიცისტის ნაწარმოებებში სათქმელის არსს. მწერალმა უნდა წეროს, მაგრამ იმდენად საინტერესოდ და მსუბუქად, რომ მკითხველი არ გადაღალოს, არ გაექცეს. აკაკი მახარაძის რომანი ტრილოგია „იდუმალი ფრონტის რაინდი“ ამ კატეგორიას განეკუთვნება.
რომანი სამი წიგნისაგან შედგება. თითქოს მოცულობა დიდია, მაგრამ თხრობის სტილისა და ენის სისადავის გათვალისწინებით, ასევე თემის აქტუალობიდან გამომდინარე, იგი იკითხება სწრაფად და საინტერესოდ. რომანის მთავარი გმირი ვამეხ ბაქრაძეა. იგი მთიელი აჭარელის სინთეზირებული, კონსოლიდირებული პროტოტიპია ანუ მასში რამდენიმე რეალური ადამიანის ბედ-იღბალია განვრცობილი, გადაკვეთილი და ასახული.
პირველი წიგნის პირველი თავები ფსიქოლოგიურად მძიმეა. მწერალი ისე მრავლისმომცველად აღწერს საპატიმრო სისტემასა და მის ნიუანსებს, უნებურად სოლჟენიცინის „გულაგის არქიპელაგი“ გახსენდება. არცაა გასაკვირი, რომანში აღწერილი წლები ხომ გულაგის სისტემის მოქმედების ეპოქაა?! მწერალი გულაგის სისტემის საპატიმროების – ციხე-კოლონიების, იქ გამეფებული რეჟიმის და პატიმართა ცხოვრების წესისა და პირობების ისეთ ღრმა და ყოვლისმომცველ ცოდნას ავლენს, რომ უნებლიეთ მოვლენების თანამონაწილე ხდები. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პატრიოტული მუხტი იგრძნობა თითქმის ყველა სტრიქონსა და ეპიზოდში. რომანის დასაწყისშივე ვამეხი პანტა ვაშლს გადააწყდება დაბურულ ტაიგაში. მწერალს მოვუსმინოთ: „ პანტა ვაშლი დედის სახებასავით წამოიმართა, მომნატრებია ფრიად. კოცნა და ამბორი მომინდა. პანტის პატარა, ჩია ტანს ვეფერებოდი და ვეალერსებოდი. . .“ აქ პანტა ვაშლი თითქოს მეტაფიზიკურ ელფერს იძენს და ცოცხალ არსებასავით საამბოროდ იწვევს სამშობლოს დანატრებულ ვამეხს. მართლაცდა, ფიქრებმა წაიღო ვამეხი: „სანატრელ და საოცნებო სამშობლოში -საქართველოში მეათე გაზაფხული დგება უჩემოდ… სულის შეძვრამდე მენატრება ჩემი საქართველო, აჭარა. მშობლიური სოფელი. წელიწადის ნებისმიერ დროს რა ლამაზია ჩემი სოფელი და სრულიად საქართველო: ხასხასა, ნორჩი ბალახით ამწვანებულ-აბიბინებული მდელოები, ახლად შეფოთლილი მშობლიური მთების ფერდობები. . .“. დანარჩენი წიგნში უნდა იხილოს მკითხველმა.
მესამე თავში გულაგების სისასტიკისა და არაადამიანურობის საილუსტრაციოდ აღწერილია ერთი ეპიზოდი, რომელიც ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს შეძრავს. საუბარია იმაზე, რომ ვამეხის ბრიგადის წევრებს უბრძანებენ, ჩაჭრან ლატანები და მორები მდინარის ნაპირისკენ დააგორონ, არადა იქ უამრავი პატიმარი მუშაობს, რომლებსაც ციცაბოზე დაგორებული მორები უეჭველად ქვეშ მოიყოლებენ და დაიხოცებიან. ვამეხი იქ მომუშავეებს ქართულად ჩასძახებს, გაიქეცითო, ცდილობს ქართველები მაინც გადაარჩინოს. აი, რეჟიმის უფროსის რეაქციაც არ აყოვნებს: „- ახ, შე ძაღლიშვილო! როგორ ბედავ ხმის ამოღებას, თანაც ჩემთვის გაუგებარ, ველურთა ენაზე! აა, შენები გააფრთხილე, არა?! მე შენ გიჩვენებ სეირს“, – გაცოფებული მომვარდა, მუშტი სახეში ჩამარტყა და პარაბელუმის ყინულივით ცივი ლულა საფეთქელზე მომაბჯინა. სიკვდილს თვალებში ვუყურებდი, დასაკარგი აღარაფერი მქონდა. . .“, – იგონებს ვამეხი, რომელმაც ფიზიკური ტკივილის, გაუგონარი, უპატიებელი შეურაცხყოფისა და უსუსურობის აღქმის გათავისებისაგან გამწარებულმა გონება დაკარგა. . . ინციდენტის შემდეგ კი ჯალათებმა ზემდგომებს მოახსენეს, თითქოსდა ადგილი ჰქონდა პატიმრების ბუნტსა და გაქცევის მცდელობას, რის გამოც ჩახოცეს. სამაგიეროდ ბანაკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები დაჯლდოვდნენ ორდენებითა და მედლებით. ამაზე დიდი მარაზმი და უსამართლობა რა გინდა. . .
როგორ შეძლო მწერალმა საპატიმროების ასე ზუსტად მიმოხილვა?! პასუხი შემდეგშია: მან პირადად მოინახულა კომის ავტონომიური რესპუბლიკა, უშუალოდ, ადგილზე გაეცნო იქ არსებული კატორღების, კოლონიებისა და საპატიმროების ისტორიებს, ისუნთქა იქაური ჰაერით. . . მან შეძლო ციხე-კოლონიის კამერაში თუ ბარაკში ჩაჯდომის გარეშე შეეგრძნო და წარმოეჩინა საპატიმროების სუსხი, იქაური ატმოსფერო და დოკუმენტური სიზუსტით, დამაჯერებლად აესახა.
ავტორი დამაჯერებლად აღწერს მეოცე საუკუნის დასაწყისში აჭარაში შექმნილ რთულ საზოგადოებივ-პოლიტიკურ თუ სამხედრო ვითარებას, კომუნისტური რუსეთისა და ქემალისტური თურქეთის მისწრაფებებს, რაც შეიძლება მეტი წაეგლიჯათ დამოუკიდებლობამოპოვებული თუ ახლად გასაბჭოებული საქართველოსთვის. მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებმა თურქეთს საშუალება მისცა, გარკვეული გავლენა მოეხდინა აჭარაზე მისთვის სასურველ, ხელსაყრელ მომენტში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თურქეთის სპეცსამსახურები ხალხის უკმაყოფილებას მოხერხებულად იყენებდნენ და თურქოფილების, ხოჯა-მოლების და სპეციალურად შემოგზავნილი და ჩანერგილი ემისრების მეშვეობით ხალხში ეწეოდნენ ანტიქართულ აგიტაცია-პროპაგანდას.
ასეთი რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ეპოქალურ-ისტორიული ქარტეხლების პირობებში ხდებოდა ვამეხ ბაქრაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება. ძალიან რთული იყო ახალად თუ ახლებურად ცხოვრების მოწყობა, პერსპექტივის განჭვრეტა და საერთოდ მომავლის დაგეგმვა. საბჭოთა კავშირ-თურქეთს შორის ახლად გავლებულმა საზღვარმა ხომ საერთოდ ორად გახლიჩა მთელი რიგი საზღვრისპირა სოფლები: სარფი, მარადიდი, ოღლაური, ქავთარეთი, მალაყმეთი და სხვები (სულ თორმეტზე მეტი დასახლებული პუნქტი).
ვამეხი ადრიდანვე ჩაებმება შრომის ფერხულში. უკვე თვრამეტი წლისა დაოჯახდება, წლისთავზე ვაჟიშვილი შეეძინება, მაგრამ უკურნებელი სენი მეუღლეს ნაადრევად გამოაცლის ხელიდან. ცხოვრება კი თავისას ითხოვდა… ვამეხიც ერთ-ერთ სახალხო დღესასწაულზე – შუამთობაზე გაიცნობს ფატიმას, რომელიც შეუყვარდება და იქორწინებენ კიდეც. იმხანად შუამთობის დღესასწაული მართლაც მრავალმხრივ საინტერესო და სასარგებლო იყო. მწერალი ძალიან დაწვრილებით აღწერს ამ ტრადიციას და იგრძნობა, რომ შიშობს, იგი არ დაიკარგოს, არ შეიცვალოს და მომავალმა თაობებმაც შეძლონ მისით დატკბობა. შუამთობაც იმ ტრადიციათა რიცხვს განეკუთვნება, რომლის ძალამაც გააძლებინა აჭარელ გლეხს ისტორიული ქარტეხილებისა თუ მასიური გაჭირვების დროს. ამ ტრადიციული დღესასწაულის მრავალჯერადი მომსწრე და მონაწილეა მწერალი აკაკი მახარაძე. ამიტომაც შეძლო დიდი დამაჯერებლობითა და რეალისტურად, ამავე დროს კი ხატოვნად წარმოეჩინა ვამეხის მიერ საცოლის გამორჩევისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების სცენები.
1936 წლის დამდეგიდან სრულიად იკეტება საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი. ჩნდება შლაგბაუმები. . . აჭარის სოფლების უდიდესი ნაწილი სასაზღვრო ზონასა და ზოლში ექცევა და სპეციალური ნებართვის გარშე არათუ სხვა კუთხის, ადგილობრივიც კი თავისუფლად ვერ გადაადგილდება. ყველაფერთან ერთად, ეს ფაქტორიც თავის უარყოფით როლს ითამაშებს იმაში, რომ დანარჩენ საქართველოს დიდხანს არ ეცოდინება ნამდვილი აჭარის, ნაღდი აჭარელის ფენომენი და სახე. . . ყალბი წარმოდგენების ტყვეობაში ისინი დიდხანს იქნებიან. . .
სახელმწიფო საზღვრის დაცვა ასევე გულისხმობს ფარულ სადაზვერვო და კონტრდაზვერვით, ოპერატიულ-სამძებრო და ოპერატიულ-წინმსწრები საქმიანობის განხორციელება-წარმოებას. კონსპირაციული, ფარული საქმიანობა მოითხოვს სათანადო კადრების შერჩევას, საიდუმლო სამსახურში მათ გადმობირება-ჩართვას, მომზადებასა და ეფექტიან ჩანერგვა-გამოყენებას. აგენტურული ქსელების ჩამოყალიბებაში საზღვრისპირა რაიონებისა და დასახლებების მოსახლეობას თავისი წვლილი უნდა შეეტანა და ამ რთულ, ხიფათიან და ფათერაკიან საქმიანობაში საკუთარი წილი მსხვერპლიც გაეღო… ვამეხ ბაქრაძეც ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა.
ფაქტობრივად, რომანის პირველი წიგნი არის ისტორიული ვითარებისა და გარმოებების ღრმა ანალიზი, რომელიც მკითხველს ამზადებს, რომ ნათლად აღიქვას რომანის მთავარი გმირის თავგადასავალი, მისი მოქმედების მოტივაცია და გამძლეობის საიდუმლო. . .
რომანის მეორე წიგნი ეხება საიდუმლო აგენტ-კურიერის შერჩევას, გადმობირებასა და ინსტრუქტაჟს, მის პირველ „საბრძოლო ნათლობას“, საზღვრისპირა რეგიონებში შექმნილი ოპერატიული ვითარების მიმოხილვას, რეზიდენტის ჩანერგვას, რეზიდენტურის შექმნას თურქეთში და, ბოლოს კი რეზიდენტურის ჩავარდნის რეალურ საფრთხეს, რამეთუ – „კოკა წყალს ყოველთვის ვერ მოიტანს“.
როგორ შეძლო მწერალმა აკაკი მახარაძემ უზარმაზარი სპეციფიკური ინფორმაციის „გადახარშვა“ და მისგან მშვენიერი რომანის შექმნა? ვინ არის აკაკი მახარაძე?
მწერალმა აკაკი მახარაძემ ბავშვობა შუახევის რაიონის საზღრისპირა სოფელ მახალაკიძეებში გაატარა. ბათუმიდან მშობლიურ სოფლამდე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტის – შლაგბაუმის გავლა იყო საჭირო, ხოლო საზაფხულო იალაღებზე ასასვლელად – კიდევ მესამე საკონტროლო ზონა და სპეციალური საშვი. . . ავტორმა, ისევე როგორც მთიანი აჭარის საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებმა მოსახლეობამ, საკუთარ თავზე იწვნია, რა მკაცრი პროცედურები იყო გასავლელი თითოეულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, როგორი დამამცირებელი იყო „რუსული ხელის“ ფათური ისედაც დაჩაგრულ-დაბეჩავებული მთიელი გლეხის სულში. . . აჭარელი გლეხი, თავის, მამაპაპისეულ ნალოლიავებ და ნაანდერძევ ნაკვეთ-სავარგულებში, რომელიც საზღვრის ახლებურად ჩაჭრის გამო მოექცა ხუთკილომეტრიან განსაკუთრებულ ზოლში, ან საერთოდ ვერ შედიოდა, ან იშვიათად, ხანმოკლე დროით, ისიც – სპეციალური ნებართვისა და საშვის მეშვეობით. . .
მწერალმა შუახევის რაიონის სოფელ მახალაკიძეების რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისში, კადეტთა კორპუსში (კონსტანტინე ლესელიძის სახელობის სპეციალიზებულ სასწავლებელში). შემდეგ დაამთავრა ალმა-ატის უმაღლესი სასაზღვრო სამეთაურო სასწავლებელი, ბოლოს კი მოსკოვში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აკადემია. თადარიგში გავიდა ვიცე-პოლკოვნიკის ჩინით. არ გადავამეტებთ, თუ ვიტყვით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის შედეგად, 1999 წელს ჩვენი მიწიდან რუსეთის სასაზღვრო ჯარების გაყვანისას აკაკი დადგა არჩევანის წინაშე: ან რუსულ ჯარს უნდა გაჰყოლოდა, სადაც უეჭველი დაწინაურება, მატერიალური პირობების გაუმჯობესება და ჩინ-მედლები ელოდა ან ქართულ ჯარში დარჩენილიყო. აკაკის ბევრი არც უფიქრია – სულითა და ხორცით პატრიოტმა მშობლიური ქართული სახელმწიფოს სამსახური ამჯობინა, თუმცა უამრავი გაჭირვება და იმედგაცრუებაც გამოიარა. . .
მწერალმა სამსაფეხურიანი განათლება რუსულ ენაზე მიიღო, სიჭაბუკე და მთელი მოწიფული ცხოვრება სამხედრო გარნიზონებში, რუსულ გარემოცვაში გაატარა. ამის მიუხედავად, შესანიშნავად შეინარჩუნა და შემოინახა თავანკარა ქართული, თავისუფლად იმორჩილებს კალამს, ფლობს აკადემიური-სალიტერატურო ქართული სიტყვის მარაგს, სინონიმებს, ომონიმებს, მეტაფორებს იმდენად, რომ ზოგჯერ, ალბათ თავის დაზღვევის მიზნით, გაექცევა თითქოს კალამი და საჭიროზე მეტ სინონიმებს მოიშველიებს ხოლმე.
ერთი პირობა კიდევაც ვიფიქრე – მწერალი აკაკი მახარაძე თავისი განვლილი ცხოვრების გზითა და პერიპეტიებით აჭარის დიდ ქომაგს დავით კლდიაშვილს ემსგავსება.
აი, მოკლედ გასაღები იმ საიდუმლოსი, თუ როგორი რუდუნებითა და ძალისხმევით შეძლო აკაკი მახარაძემ ამ ურთულეს და საიდუმლო, იდუმალებით მოცულ თემაზე შესანიშნავი რომანის დაწერა.
ჩვენდა დასანანად, გლობალიზაციის ეპოქის ადამიანს უჭირს გაიგოს და აღიქვას ყოველივე ეს. დღეს, როცა მსოფლიო გახსნილია, თურქეთში კი ყველა ყოველგვარი შეზღუდვისა თუ დაბრკოლების გარეშე მოდის და საქმიანობს, ვერც კი წარმოიდგენს, რომ სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ თურქეთისკენ გახედვაც სახიფათო და ჟრჟოლვის მომგვრელი იყო. სამწუხაროდ, რომანში აღწერილი ისტორიული მოვლენები რეალობაა და ჩვენი რეგიონის ყოველდღიური ცხოვრების გუშინდელი დღეა. ისტორიის დავიწყება კი არ ეგების. . .
ტრილოგიის მესამე წიგნში მოთხრობილია თუ როგორ აპატრიმრებენ თურქეთის კავალერიის ნაწილების მომმარაგებლის ფირმაში ჩანერგილ-ლეგალიზებულ ჩვენს რეზიდენტს და სადაზვერვო საქმიანობაში ჩაბმულ რამდენიმე თურქ სამხედროს – ცუდი ხარისხის ფურაჟით ცხოველების გამოკვებისა და მასიური დაცემის გამო, რაც ჩვენს რეზიდენტურას ჩავარდნის რეალურ საფრთხეს უქმნის. მართალია, ვამეხ ბაქრაძე სხვა გამოცდილ კურიერებთან ერთად ახერხებს ჩვენი რეზიდენტის არტაანის ციხიდან გამოპარებას და სამშობლოში უვნებლად ჩამოყვანას, ის საბჭოთა დაზვერვისთვის უკვე დამუშავებული, გამოუსადეგი მასალაა. ქვეყნის სადაზვერვო სისტემის ზემდგომი ხელმძღვანელობა, როგორც უშრეტი საიდუმლოს მატარებელის, კურიერის მიმართ ლიკვიდაციიის გადაწყვეტილებას იღებს. ვამეხს აპატიმრებენ, ბოლოს, ისიც მისი გონებაგაჭრიახობისა და მოხერხებულობის წყალობით, ოცწლიან პატიმრობას უფარდებენ და ასე იწყება სასჯელაღსრულების ციხე-ბანაკში თავის დამკვიდრების ისტორიები. . .
წიგნში განსაკუთრებით დაწვრილებითაა მოთხრობილი კომის ასსრ ტერიტორიაზე განლაგებული შრომა-გასწორების ბანაკების ისტორია და იქ გამეფებული არაადამიანური, გაუსაძლისი ყოფა. აქ ავტორი თითქოს ზედმეტად შედის ზოგიერთ ისტორიულ ნიუანსში, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ მწერალმა ეს მოიშველია იმისათვის, რათა ზედმიწევნით დამაჯერებლად აღეწერა ვამეხის ბანაკში დამკვიდრებასთან დაკავშირებული სირთულეები.
მწერალი დამაჯერებლად აჩვენებს გულაგის სისტემის ციხე-ბანაკებსა და სხვა ტიპის საპყრობილეებში შექმნილ უმძიმეს ვითარებას, რომ იქ გაბატონებული პირობები ადამიანებს მორალურად ამახინჯებს, ზნეობრივად ანადგურებს, ფსიქოლოგიურად რყვნის, ხრწნის და პირუტყვულ ინსტინქტებამდე დაჰყავს პატიმართა უმრავლესობა. – „ნამდვილი გმირობაა, ბოლომდე შეინარჩუნო უბრალო ადამიანური თვისებები, მორალურად არ გატყდე, ფსიქოლოგიურად არ გადაგვარდე და ფიზიკურად ჯანმრთელი და შეურყეველ-შეურყვნელი დაუბრუნდე თავისუფალ საზოგადოებას“, – წერს ავტორი.
მწერლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან თავი გაართვა ურთულეს სპეციფიკურ ტერმინებს, ცნებებს და შეძლო ზუსტად და გასაგებად გადმოეცა ფარული და, ამასთანავე, იდუმალებით მოცული, ფრონტთან დაკავშირებული არასაყოველთაო ტერმინების მნიშვნელობები ისე, რომ მკითხველი არ დაიძაბოს და სწრაფად ჩაწვდეს მოვლენების თუ სპეციფიკური ტერმინოლოგიის არსს.
გამოგიტყდებით, რომანში აღწერილი თემა ძალიან მძიმე და რთულია, მკითხველი სულ დაძაბულია, იღლება. . . ამას მწერალიც გრძნობს და ითვალისწინებს. ლირიკული გადახვევის შესანიშნავი ნიმუშია „ქალი სამლოცველო“ და გამიჯნურების სხვა სცენები. . . სასჯელაღსრულების ბანაკებში დაღლილ-დაქანცული, ფათერაკიან გზა-ბილიკებზე მოხეტიალე მთავარი გმირი შვებას პოულობს და მასთან ერთად დაძაბული და გათანგული მკითხველიც ისვენებს. . .
ბრაზი გვიპყრობს და ბედის სევდიან ირონიას გვაგონებს ის მომენტი, როცა უთვალავ ტანჯვა-ვაებას გამოვლილ და სახლში ახალდაბრუნებულ ვამეხს სპეცსამსახურები კვლავ მიაკითხავენ და საზღვარგარეთ მივლინებას სთავაზობენ. სამშობლოსთვის ნაღვაწი კაცი სამშობლოს ღალატის მუხლით გაასამართლეს, 13 წელი ციხე-ბანაკები ახეხინეს და დასვენებაც არ აცალეს, ისე მიაკითხეს ახალი დავალებით. რა ცინიზმია, რა სისასტიკე!. .
აქაც მწერალი გვამშვიდებს და გვარწმუნებს, რომ ეს მას რომანის ფინალის გამძაფრებისთვის კი არ ჭირდება, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, რეალურ აუცილებლობას გვანახებს, თურქეთის ტერიტორიაზე გადამალული საიდუმლო ინფორმაციის ფლობა ჩვენი ორგანოებისთვის აუცილებელია, ხოლო ფასდაუდებელი დოკუმენტაციის ადგილსამყოფელი მხოლოდ ვამეხ ბაქრაძემ იცის და მის გარდა იმ სამალავს სხვა ვერ მისწვდება, ვერავინ გადმოიტანს.
ვამეხი ამ ბოლო დავალებასაც მაღალ დონეზე პირნათლად შეასრულებს და სათანადო სამსახურებიც, როგორც იქნა, შეუსრულებენ პირობას – უზრუნველყოფენ მას საარსებო თანხით და შვილების მომავლის კეთილმოწყობაშიც დაეხმარებიან. . .
რომანი ასე მთავრდება: . . . „ ადგილობრივი მცხოვრებნი და ხეობის სტუმრები კიდევ დიდხანს ნახავენ მთის ფერდობზე შეფენილ ცხვრის ფარას, კომბალზე დაყრდნობილ სპეტაკ, ბრგე, მხარბეჭიან მოხუცს… ხშირად შენატრებენ სახლის აივანზე მოქეიფე თანამეინახეებს შორის ტახტზე მოკალათებულ, ხელში ჯიხვისყანწიან, დათოვლილ, სპეტაკ თმაწვერიან მოხუცს. ყურს ეამება იმ აივნიდან გადმოფრქვეული მშობლიური ჰანგები და ცხვირის ნესტოებს საამოდ გაუღიტინებს მაყალზე აშიშხინებული ცხვრის მწვადის სურნელი!
ჭეშმარიტად, მან ეს დაიმსახურა! მამაცობის, ერთგულების, სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულისა და მისთვისვე თავგანწირვის ხარჯზე!
შეერგოს!“
მკითხველი ალბათ დაგვეთანხმება, რომ საუცხოო დასასრულია.
ქართველ გემოვნებიან მკითხველს ვულოცავთ რომანი-ტრილოგიის „იდუმალი ფრონტის რაინდის“ გამოსვლას და პირველად წაკითხვის შედეგად მიღებულ დაუვიწყარ სიამოვნებას!!!
ვლადიმერ მახარაძე
ოთარ ცინარიძე