ოთხი ქალაქის უმაღლეს სასწავლებლებში პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს 19 ოქტომბრიდან შეუდგებიან
ნინო ცხვარაძე 595 96 63 65 –
ეპიდემიური ვითარების გართულებამ საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილება მიაღებინა – უნივერსიტეტებში სტუდენტების ეტაპობრივი დაბრუნება ამა წლის 19 ოქტომბრიდან ოთხ ქალაქში დაიწყება.
თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2020 წლის 19 ოქტომბრიდან პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს არადისტანციურ რეჟიმში შეუდგებიან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით. უნივერსიტეტები უფლებამოსილი არიან სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები წარმართონ დისტანციურად.
უმაღლესი სასწავლებლები პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ცხრილსა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას სტუდენტებს თავად მიაწვდიან.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.
გორში, თელავსა და ახალციხეში მოქმედი უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებები სწავლას ჩვეულ რეჟიმში, არადისტანციურად აგრძელებენ.
სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნების შემდგომ ეტაპებთან დაკავშირებით, ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.