პოეტი – პოლიტიკაში
მარი ხითარიშვილი: 27 48 93 –
„მელაპარაკე ქართულად, –გუმბათი ეტყვის მინარეთს“…
მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე ისევ პოლიტიკაშია. ამჯერად იგი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით იყრის კენჭს აჭარის უმაღლეს საბჭოში. რიგით მეცხრე ნომერს უდავოდ, აქვს დეპუტატობის შანსი. მით უმეტეს, რომ თვლის: „აჭარაში „ოცნება“ დიდი პროცენტით გაიმარჯვებს. ამის თქმის საშუალებას მაძლევს მოსახლეობაზე ხელისუფლების ზრუნვა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი იმდენი სიბინძურე დათესა, რომ აღმოსაფხვრელად ათეული წლები დაგვჭირდება.“
რას ფიქრობს მიმდინარე მოვლენებზე დავით თედორაძე და რა აღელვებს გამორჩეულად, ამაზე საუბრობს „აჭარასთან“ ინტერვიუში, რომელიც მმართველი გუნდის მიღწევებზე საუბრით დაიწყო: „ქვეყანა თანდათან ძლიერდება. მაგალითად, ზემო და ქვემო აჭარაშიც, ყველა სოფელში ასფალტის და ბეტონის ცენტრალური გზები კეთდება, შენდება სკოლები. . . ერთ დღეში არაფერი აშენებულა და ასე თუ გაგრძელდა, ძალიან მალე გვექნება ქვეყანა, სადაც ცხოვრება იქნება შესანიშნავი. დღეს ყველაფერს გვკარნახობენ აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან და რა ვიცი, კიდევ საიდან. . . სიბრძნით თუ დავიცავთ ჩვენს საქართველოს, თორემ გარშემო ისეთი ძლიერი ქვეყნებია, ძალით მათ ვერაფერს დავაკლებთ.“
– ბატონო დავით, ახლა უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი ხართ და ისევ იყრით კენჭს იგივე სტატუსის მისაღებად. მიგაჩნიათ, რომ ასე აუცილებელი ხართ საკანონმდებლო ორგანოში?
-ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გადაწყვეტილებით შემიყვანეს პარტიულ სიაში, რაც მეამაყება. გამოდის, საჭირო ვარ აჭარის საკანონმდებლო ორგანოში, რადგან აქედან უკეთ შევძლებ ჩემი ხალხის, კუთხის და ქვეყნის სამსახურს.
-„პატრიოტთა ალიანსის“ აჭარის ფრთის თავმჯდომარეც იყავით, იქიდან რატომ წამოხვედით?
– არასოდეს ვყოფილვარ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი და მით უმეტეს რომელიმე ფრთის თავმჯდომარე, რადგან ეს პოსტიც არ ჰქონიათ ჩვენს რეგიონში. მე, უბრალოდ, კენჭი ვიყარე ბათუმის საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსის“ კვოტით. შემდეგ შემომთავაზეს „ქართული ოცნების“ პარტიაში შესვლა, რასაც დავთანხმდი, გამოვედი საკრებულოდან და გავხდი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
– რატომ არჩიეთ მმართველ პარტიაში გადასვლა?
– როგორ თუ რატომ? „ქართული ოცნება“ ახლოს იდგა ჩემთან თავისი პროგრამით, იდეებით, მმართველობის ტაქტიკით. იმას, რაც ბიძინა ივანიშვილმა შეძლო, ვერავინ გააკეთებდა. ის ჯერ კიდევ მაშინ ზრუნავდა საქართველოსა და ქართველ ხალხზე, როდესაც არც კი ჩანდა პოლიტიკაში. მისი გუნდი იმდენად ძლიერი, მობილიზებული და მცოდნეა, რომ არ შეგეშინდება მართვის სადავეების ჩაბარება. ასეთ ხალხთან ერთად ქვეყნის შენება ჩემთვის დიდი პატივია.
– როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია?
– უმაღლეს დონეზე. ვხვდებით ამომრჩევლებს, ვესაუბრებით გაკეთებულსა და გასაკეთებელზე. ხალხის განწყობა პოზიტიურია, „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად მზად არიან და გულწრფელად გვეუბნებიან ამას. ცხადია, არის გამონაკლისი, მაგრამ, ძირითადად, გვეთანხმებიან, რომ ხელისუფლებაში უნდა დარჩეს ძველი გუნდი, რადგან სწორედ მისი იმედი აქვთ.
– რა არის აჭარის და აჭარის მოსახლეობის ყველაზე დიდი პრობლემა ამ ეტაპზე?
– ზუსტად იგივე, რაც მთელი საქართველოსთვის – უმუშევრობა და მძიმე სოციალური ფონი.
– თუკი ყველაფერ ამას 8 წლის განმავლობაში ვერ გაართვა თავი „ქართულმა ოცნებამ“, რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ახლა მოაგვარებს?
– იმიტომ, რომ ყველაფერი ერთ და ორ წელიწადში ვერ გაკეთდება. არსებული პრობლემები მომდინარეობს ჯერ კიდევ საბჭოეთის რღვევის პერიოდიდან. ინგრეოდა ძველი ფაბრიკები, ქარხნები და სანაცვლოდ არაფერი კეთდებოდა. სხვადასხვა მთავრობის ხელში გამოვიარეთ, ზოგჯერ იმედი გვქონდა უკეთესობის, ზოგჯერ – არა, მაგრამ ფაქტია, რომ თანდათან უმჯობესდება ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობა, რაც ყველაზე უკეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის წლებში გამოჩნდა. ახლა გვყავს სტაბილური, მშვიდი, გაწონასწორებული მთავრობა, რომელიც მხოლოდ ხალხზე ზრუნავს და პრიორიტეტად ადამიანი მიაჩნია. ეს არცერთ წინა ხელისუფლებას არ ჰქონია. ყველა საკუთარი ამბიციების მსხვერპლი გახდა. ის, რაც გააკეთა „ოცნებამ“, უკვე იკიდებს ფეხს და მალე ძირფესვიანად აღმოიფხვრება გაჭირვება, უმუშევრობა, სიღატაკე. გამოჩნდა უზრუნველი, მდიდარი ცხოვრების პერსპექტივები, რაც მთელ საქართველოს დააყენებს ფეხზე.
– ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყანა დაპაუზებულია.
– დაპაუზებული და განადგურებული იქნება მაშინ, თუ ესენი მოვლენ ხელისუფლებაში. გაიხედ-გამოიხედეთ, აშენდა აჭარა. რომელი ერთი ჩამოვთვალო: სტადიონი, სხვადასხვა ტიპის აუზი, სპორტული კომპლექსები, შემოვლითი გზები, ინფრასტრუქტურა, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები, სათბურები, ფერმები და ა.შ. იმდენი რამ კეთდება, თანაც ისე უჩუმრად და რეკლამირების გარეშე, რომ გაოცებული რჩები, როდესაც თავად წააწყდები სადმე. სწორედ ეს მომწონს ამ მთავრობის, რომ ყველაფერი წყნარად, მშვიდად და ხარისხიანად კეთდება და არანაირ ყურადღებას არ აქცევენ ოპოზიციის შეურაცხმყოფელ, არაადეკვატურ გამოსვლებს.
– ბატონო დავით, თქვენთან, როგორც პოეტთან, ეკონომიკასა და ფინანსებზე საუბარი უხერხულად მეჩვენება. მოდით, ისევ პოეზიას, კულტურას მივხედოთ. ამ ბოლოს, დეფიციტი შეიმჩნევა ამ კუთხით. აღარავის სცხელა ლექსებისთვის, თუ. . .
– პოეზია, მწერლობა და საერთოდ, ლიტერატურა ყოველთვის იყო და იქნება ქართველი კაცის მამოძრავებელი ძალა. ჩვენი ხალხი იმდენად ნიჭიერია, რომ ვერანაირი გაჭირვება ხელს ვერ ააღებინებს კალამზე. პანდემიამ, ეკონომიკასთან ერთად, კულტურასაც ავნო, რადგან დახურულ სივრცეში შეუძლებელია საზოგადოების თავშეყრა და კონკრეტული ღონისძიების ჩატარება. ბევრი მათგანი, რომელიც ბიუჯეტში იყო ჩასმული – გადაიდო. ამის მიუხედავად, სექტემბრის შუა რიცხვებამდე, მწერალთა კავშირი პარკში, ღია სივრცეში ატარებდა საღამოებს, აწყობდა წიგნების პრეზენტაციებს, ღონისძიებებს – საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით. ამ ბოლოს, ეს შეხვედრებიც შევწყვიტეთ, რადგან აჭარაში გამძაფრდა ეპიდემიოლოგიური ვითარება, თუმცა წიგნების გამოცემას წინ რა დაუდგება და ონლაინრეჟიმში ვაქვეყნებთ ახალ ნაწარმოებებს, დისტანციურად მუშაობს ჩვენი ორგანიზაცია. დავბეჭდეთ ცისანა ანთაძის, იაშა თანდილავას, ბადრი თევზაძის და რამდენიმე ახალგაზრდა ავტორის წიგნები. მთლად ჩამკვდარი არ ვართ პანდემიის გამო. რაღაცებს ვაკეთებთ, რისი გაკეთების საშუალებაც ინტერნეტით გვეძლევა.
– ქართველი ან დიდი გაჭირვების ჟამს წერს ლექსებს, ან დალხინებისას. ამ ბოლო დროს რომელიმე ახალმა ტალანტმა ხომ არ მიიპყრო თქვენი, როგორც პროფესიონალის ყურადღება?
– პანდემიის მიუხედავად, ჟურნალი „ჭოროხი“ კვლავ გამოდის. რაც შეეხება ტალანტს, წელს და შარშან ახალი არავინ გამოჩენილა, თუმცა გვყავს ახალგაზრდა პოეტების ძალიან ძლიერი ფრთა. მაგალითად, გასულ კვირას ახალგაზრდა მწერლების კონკურსში გაიმარჯვეს როინ აბუსელიძემ და სულხან წულუკიძემ, მთარგმნელობით კონკურსში კი – ბადრი თევზაძემ და ცისანა ანთაძემ. ყველამ საჩუქრები და ფულადი ჯილდოები მიიღო.
– ახლახან ჩავწერე ინტერვიუ აჭარის მაღალმთიანეთში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატ ტარიელ ნაკაიძესთან, რომელიც ამტკიცებს, რომ აჭარის მოსახლეობის ხმა არ ისმის საქართველოს პარლამენტში და მთავრობა ავიწროებს მუსლიმთა თემს. . .
– არავითარი რელიგია არ იზღუდება აჭარაში და აქვე მინდა განვაცხადო, რომ ამდენი მედრესე, მეჩეთი არ ყოფილა ოსმალთა ბატონობის დროსაც კი. ტარიელ ნაკაიძე ვერასოდეს გახდება აჭარის ხმა მისი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე. მაღალმთიანეთში „ქართულ ოცნებას“ ძალიან კარგი კანდიდატი ჰყავს, ვგულისხმობ ანზორ ბოლქვაძეს, რომელმაც ზედმიწევნით იცის, რა უჭირს და ულხინს აჭარას, აჭარის მოსახლეობას და, საერთოდ, – საქართველოს. სწორედ მას უნდა მიენდონ და მისცენ ხმა ამომრჩევლებმა. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, რადგან ვეღარავის მოატყუებენ იმ ფარსით, ოპოზიცია რომ აწყობს ყველა მედიასაშუალების მეშვეობით, ლამის ყოველდღიურად. ტარიელ ნაკაიძეზე საუბარიც არ მსურს. თუკი მუსლიმი მრევლი არის, სამლოცველოებიც არის. თითქმის ყველა სოფელშია მეჩეთი აშენებული. ბათუმში, შემოერთებული ტერიტორიების ჩათვლით, 8 მეჩეთია და რომ აცხადებს, არ არის საკმარისი რაოდენობა, ხალხი ქუჩაში ლოცულობსო, გაიხედ-გამოიხედოს და დარწმუნდება, რომ ცარიელი მეჩეთებით სავსეა აჭარა. ერთმანეთისგან მხოლოდ 3-4 კმ აშორებს ამ სამლოცველოებს და წავიდნენ იქ, ვინ უშლის? დაახლოებით 4-5 წლის წინ, ბათუმში ჩავატარეთ გამოკითხვა, თუ ვინ იყო თანახმა, ქალაქში მეჩეთი აშენებულიყო. გამოიკითხა 67 ათასი ბათუმელი და მათგან 93%-მა ეს საჭიროდ არ ჩათვალა, მხოლოდ 3% ითხოვდა მეჩეთის აშენებას, 3%-მა კი თავი შეიკავა. აქ მარტო სარწმუნოებაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ გავლენის სფეროების გაფართოებაზე. ასე რომ, ნუ იჩემებს, თითქოს აჭარას მისი ხმა სჭირდება, რადგან ჩვენს კუთხეს იმაზე დიდი მომავალი აქვს, ვიდრე წარმოუდგენია.
– თავად ეკლესია ააშენეთ მშობლიურ სოფელ ერგეში, ვინ დაგაფინანსათ და რატომ გადაწყვიტეთ ქრისტიანული სალოცავის აშენება?
– ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რამდენიმე საუკუნის შემდეგ, ჩვენს სოფელს საკუთარი ეკლესია ისევ ჰქონოდა. გადმოცემით ვიცოდი, რომ ერგეში დავით აღმაშენებლის დროს აშენებულა დიდი ეკლესია, რომელიც თურქებმა დაანგრიეს და მის ადგილას მეჩეთი ააშენეს, რომელიც კომუნისტების დროს მთლიანად დაინგრა. ოთხი ძმა ვართ და გადავწყვიტეთ, იმ ადგილას მღვდელი თევდორე კველთელის სახელობის ეკლესია აგვეშენებინა. მეუფე დიმიტრისგან მივიღეთ კურთხევა. დღეს ეკლესიაში წირვა-ლოცვა და ნათლობებიც იმართება. მოსახლეობის უმრავლესობა უკვე მონათლულია. მეც გვიან მომნათლა მამა სერაფიმემ მდინარე მაჭახელაში, სადაც ჩვენს წინაპრებს, თუკი სარწმუნოებას არ შეიცვლიდნენ, თავებს კვეთდნენ.
– პოპულარულმა პოეტმა რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?
– პრინციპში, პოეტიც და პოლიტიკოსიც ხალხის მსახურია. ერთი მეორეს არ გამორიცხავს. კარგი მწერალი, ამავდროულად, პოლიტიკოსიცაა. საქართველოს დიდებული მწერლები თუ პოეტები პოლიტიკაშიც წარმატებით მოღვაწეობდნენ. ამ ეტაპზე, მიმაჩნია, რომ სწორედ იქ ვარ, სადაც ჩემს ხალხს, სამშობლოს ვჭირდები. პოეზია და პოლიტიკა კარგად რომ ეწყობა ერთმანეთს, ამისი მაგალითია ბუმბერაზი ილია ჭავჭავაძე, რომელიც დუმის წევრი იყო, რაც ხელს არ უშლიდა მთელი ერის ტვირთის ზიდვაში. ისიცაა, რაც პოეზიით ვერ გავაკეთე, პოლიტიკის დახმარებით შევძლებ.
– მაინც რაში მდგომარეობს პოლიტიკოსის, მწერლის თუ საზოგადო მოღვაწის მთავარი ღირსება, რომელიც გეხმარებათ საკუთარი პიროვნების, მეობის შენარჩუნებაში?
– მუდამდღე საკუთარ ხალხზე ზრუნვა და მათი პრობლემების გათავისება, მათი მოგვარებისთვის ბრძოლა. თუკი კაცი იცხოვრებს საზოგადოების, მოსახლეობის პრობლემებით, არასოდეს დაძაბუნდება, არ გახდება ზედმეტი არც თავისი ოჯახისთვის, არც ქვეყნისთვის. ყველას თავისი ფუნქცია გვაქვს და თუკი ზედმიწევნით შეასრულებ დაკისრებულს, იმ სანთელ-საკმეველს დაანთებ, რომელიც მთელ ერს დაეხმარება ტაძრამდე მისვლაში.
– თქვენ თვლით, რომ „ქართული ოცნება“ სწორედ ასეთი სანთელია?
– დიახ, ასე ვთვლი და ამის საფუძველიც მაქვს, რადგან მათი მოსვლით ქვეყანამ ამოისუნთქა, აღსდგა კულტურის კერები, გარემონტდა სკოლები, ბავშვთა ბაღები, ხელმისაწვდომი გახდა ჯანდაცვა და განათლება მოსახლეობის ღარიბი ფენისთვის. არავის გაუყიდია სახლი ონკოლოგიური პაციენტის გადასარჩენად, არც საზღვარგარეთ გაქცევა დასჭირვებიათ დედებს, მათი შვილებისთვის უმაღლესი განათლების მისაცემად. რომელი ერთი ჩამოვთვალო, როგორ ვერ ხედავს ეს ხალხი, რა გვაქვს ახლა და რა შეგვრჩება, თუკი ეს გუნდი ისევ არ მოვა მმართველობის სადავეებთან? სამეზობლოში ომია გაჩაღებული. ვინ შესძლებს ამ ცეცხლში დამწვრობის გარეშე გავლას, თუ არა ჩვენი მთავრობა, რომელიც არასოდეს გაწირავს საკუთარ მოსახლეობას უთანასწორო ბრძოლებისთვის. გაიხსენეთ, რა გააკეთა ექს-პრეზიდენტმა 2008 წელს, როდესაც უპატრონოდ დაყრილი ბიჭები ტყე-ტყე გამორბოდნენ თავის გადასარჩენად. კარგად გახსოვთ ამ ომის შემდგომი ეკონომიკური კრიზისიც, როდესაც არ დაეხმარა მთავრობა ბიზნესს. შევადაროთ ეს ფაქტები მსოფლიო პანდემიას, რომლის პირობებშიც კი შესძლო ჩვენმა პრემიერმა სტაბილურობის შენარჩუნება, გადასახადების გადავადება, უპროცენტო სესხებით ბიზნესმენებისთვის ხელშეწყობა. „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანად, ღირსეულად გადალახა ყველა დაბრკოლება და წინაღობა, არავინ დაუტოვებია დახმარების გარეშე. ამას ხომ უნდა დანახვა და დაფასება.
– როგორ მიმართავდით ამომრჩეველს, რატომ უნდა აირჩიონ „ქართული ოცნება“ უკვე მესამედ?
– ბევრი პროექტია განსახორციელებელი და ბოლომდე მისაყვანი – პირველ მიზეზად მე ამას ვასახელებ. აგრეთვე იმიტომ, რაც ზემოთ ვილაპარაკე. ისიცაა, დაასახელონ თუნდაც ერთი ძალა, რომელიც ხალხზე ზრუნავს და არა საკუთარი ჯიბის გასქელებაზე და მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის ზრახვები არ ამოძრავებს. ამას, მათ მიერ დატრიალებული რეკლამებითაც კარგად მიხვდებით. ზოგი ხელფასის გაზრდას პირდება 3000-მდე, ზოგი – პენსიის – 500 ლარამდე. ამასთან, საშემოსავლოებსაც გავაუქმებთო. . . ახლა ასე იტყუებიან და ხელისუფლებაში თუ მოაღწიეს, რაღაც იზამენ?! „ქართულ ოცნებას“ კი არა, უკეთეს ცხოვრებას და აღმშენებლობას, საკუთარ კეთილდღეობას და უზრუნველ მომავალს უნდა დაუჭირონ მხარი. ჩვენი ხალხი ბრძენია. დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებს და „ქართული ოცნება“ დიდ პროცენტულ მხარდაჭერას მიიღებს, რაც ისევ და ისევ ქართველი ხალხის გამარჯვება იქნება.
– ბატონო დავით, თუ შეიძლება საუბარი თქვენი რომელიმე ლექსით დავასრულოთ?
– რადგან მეჩეთებსა და ეკლესიებზე ვისაუბრეთ, მინდა ამ თემაზე დაწერილი რამდენიმე ტაეპი გითხრათ:
არ არსებულა, არ თქმულა,ზღვა ამოევსოს მდინარეს,
მელაპარაკე ქართულად, –გუმბათი ეტყვის მინარეთს.
მელაპარაკე ქართულად,წყალში მდგომს წყალი მწყურია,
ვერ ვეგუები ამ სურათს, ენა სამშობლოს გულია.
ამ ენის სათავეებთან უფლის სურვილი ჩათქმულა. . .
ქედს ნუ მოვიდრეკთ დევებთან,მელაპარაკე ქართულად!