წერს, რასაც განიცდის, სულჩაღრმავებულად და გულჩატანებულად
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
,,ნაზი აბაშიძე სულ ახლახან გაიცნო მკითხველმა და გაცნობისთანავე სიყვარული და ავტორიტეტი მოიპოვა“, – ცნობილი პოეტის ცისანა ანთაძის ამ სიტყვებს ნაზი აბაშიძის წიგნის ,,სულ სხვაა, როცა უყვარხარ პოეტს“
წინასიტყვაობაში ვკითხულობთ, რომლის რედაქტორიც თავად გახლავთ და გვარწმუნებს, რომ პოეზიისა და პროზის ეს კრებული ალალმართალი სიტყვის კონაა. გზა მკითხველის გულამდე არცთუ იოლია, ამ გზაზე მეგზურობა ისევ წიგნის ავტორს – ქალბატონ ნაზი აბაშიძეს ვთხოვეთ.
– თქვენი წიგნის სათაური უმალ იქცევს ყურადღებას – ,,სულ სხვაა, როცა უყვარხარ პოეტს“, რა შეგიძლიათ თქვათ ამ სიყვარულზე?
– ვთვლი, რომ პოეტობა რამდენადაც ნიჭია, იმდენად სასჯელიცაა იმ თვალსაზრისით, რომ რთულია ყველაფერი გასაგებად თქვა, ხშირად საკუთარი გული და გონება იმდენად განსხვავებულად კარნახობს კალამს, რომ შედეგი ჩემთვისაც კი გამოცანაა. ამ სათაურით იმის თქმა მინდა, რომ პოეტის სიყვარული უჩვეულოზე ბევრად უჩვეულოა, რადგან მის ყველა ქმედებაში (გარდა სიტყვებისა), ყველაფერში ეს გზავნილია – ,,გთხოვ გაიგო, ჩემი სხვანაირი, უჩვეულო სიყვარული“ მაშინაც კი, თუ შენი ხედვა ამქვეყნიური და ჩვეულებრივია.
-როგორ დაიწყო თქვენი შემოქმედებითი გზა, რა იყო ამ გზაზე და რას უნდა ველოდოთ?
-ვფიქრობ, შემოქმედებითობა იბადება ემოციით, ვწერ რასაც განვიცდი, სულჩაღრმავებულად და გულჩატანებულად. ბავშვობიდან ვწერდი და თუმცა სამწერლო ასპარეზზე არც კი მიოცნებია, ბებიის გარდაცვალებამ იმდენად დიდი ტკივილი მომაყენა, გავბედე და მისი ცხოვრება პოემად დავწერე, ფოტომასალაც დავურთე და საზოგადოებამ აღფრთოვანებით მიიღო ,,დაბადებიდან დაბადებამდე“ – ასე ჰქვია ამ პოემას. მალე დედაჩემს 50 წელი უსრულდებოდა, მან კი ამ თარიღის აღნიშვნაზე (როგორც დედამთილზე მგლოვიარემ) უარი თქვა. შვილებმა მოვიფიქრეთ და სახელდახელოდ აკინძული ლექსების კრებულით ,,დედის თვალები“ მივულოცეთ იუბილე. შემდეგ იყო რამდენიმე კრებულის თანაავტორობა: ,,წერილები ბათუმსა და ბათუმელებს“, ,,სიყვარულის ოდა“ და ,,ჩვენი ხმა“. ახალი კრებულით ,,სულ სხვაა, როცა უყვარხარ პოეტს!“ მინდა თითოეულ მკითხველს ვუთხრა: – მახსოვხართ და გულწრფელად მიყვარხართ!
-პირველად როდის და სად გესტუმრათ მუზა?
-პირველი ლექსი პირველ კლასში დავწერე, როცა ჩემი ერთადერთი და უსაყვარლესი ბიძა ტრაგიკულად დაიღუპა. ლექსში ღმერთს ვთხოვდი, გასვენება სიზმარი ყოფილიყო და გამღვიძებოდა. . .
-როგორც ვიცით, ,,მწიგნობარში,, მუშაობთ, როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ამ ორგანიზაციაში
-,,მწიგნობარში“ პირველად შვილებთან ერთად მივედი. პირველი ნაბიჯი იყო ჟიურის წევრობა ,,ყველაზე აქტიური მშობლის“ სახელით, შემდეგ დამკვირვებელი გახლდით საგნობრივ კონკურსებზე, როგორც ,,მწიგნობრის“ ნდობით აღჭურვილი პირი. ბავშვებთან ურთიერთობამ მიმახვედრა, რომ მათთან ბევრად მეტი უნდა ვიმუშაოთ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. გამიჩნდა იდეა, რომ ორგანიზაციის ბაზაზე დაგვეფუძნებინა ტრენინგცენტრი, რაც დასაწყისში ბავშვებთან და მშობლებთან ურთიერთობით შემოიფარგლებოდა. მიმდინარე მოვლენებიდან ან მოახლოებული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ძირითადი თემის ირგვლივ ვატარებ ტრენინგებს და პიროვნული თუ პროფესიული ზრდის სურვილით, თვითონაც ხშირად ვესწრები ლაივ თუ ონლაინ ჩატარებულ სხვადასხვა სახის ტრენინგებს. ,,მწიგნობარში“ შევქმენით პედაგოგთა მოსამზადებელი კურსები. გამოვყოფდი ქალბატონ თამთა თალაკვაძეს, რომელიც პირველი იყო, ვინც მხოლოდ ნდობის საფუძველზე დამთანხმდა, ემუშავა ჩვენს ცენტრში, დაწყებითის კომბინირებული, ქართული ენა, ლიტერატურისა და სპეცმასწავლებლების მოსამზადებლად. მალე შემოგვიერთდა ქალბატონი მეგი ბობოყვაძე – პროფესიულისა და უცხო ენების ტრენერად. ნელ-ნელა ჩვენი რიცხვი გაიზარდა და რაც მთავარია, სულ რამდენიმე წელიწადში ტრენინგცენტრს უკვე ჰყავს კმაყოფილი მსმენელები, ახლახან კი ჩამოვაყალიბეთ ლიტერატურული კლუბი ,,წიგნიერი“, სადაც დისკუსია-დებატებში მოკრებილ მარგალიტებს თანდართული ფოტოებით განვათავსებთ ჟურნალ ,,მწიგნობარში“.
-თქვენი პედაგოგიური გამოცდილება რას გკარნახობთ აღზრდის მეთოდების გასაუმჯობესებლად, ახლა რა არის უმთავრესი?
-მშობლის და შვილის სულიერი ჰარმონია. სამწუხაროდ, მათ, უმეტესად, ცუდად ესმით ერთმანეთის, აუცილებელია ოჯახის, სკოლის და სოციუმის მჭიდრო ერთობლიობა, კომუნიკაცია.
-ქვეყანა ოჯახიდან იწყება, თქვენი ოჯახი. . .
-ბავშვი ოჯახის სარკეა და ოჯახი – ქვეყნის, რომელიც მინდა ჰუმანური და მტკიცე იყოს. მყავს მეუღლე და ორი შვილი, ასევე, დედამთილ-მამამთილი, მადლობა მათ, რომ ჰყოფნით ძალა, ჩემს პოეტურ სიგიჟეებს გაუძლონ.
-როგორია დედის ფაქტორი და როლი ამ ეტაპზე, რას ურჩევდით დედებს, თავად როგორ დედად მიგაჩნიათ თავი?
– ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი დედამ შეასრულა. მისი წყალობით, ვარ მადლიერი ადამიანი, ვთვლი რომ მნიშვნელოვანია ვიყოთ მიმღებლები. დედებს ვურჩევ, რომ არასდროს დაკარგონ შვილის გულამდე მისასვლელი გზა. ვთვლი, რომ კარგი დედა ვარ, რადგან ვზრდი პატიოსან და ჯანსაღად მოაზროვნე ქალ-ვაჟს, რომლებიც ბათუმის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, ასევე – ფოლკლორულ საესტრადო სტუდია ,,ლალეს“, ქორეოგრაფიულ ანსაბლ ,,ფერხისას“, სტუდიის ,,მომავლის ტალღა“, საგანმანთლებლო ორგანიზაცია ,,მწიგნობრის“ საპატიო წევრები.

