,,ტყეში უნდა დავტოვოთ”
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
შუახევის სატყეო სააგენტოს რამდენიმე წელია სათავეში რამაზ ტაკიძე უდგას. ტყისა და მისი რესურსების დაცვა, მიზნობრივი გამოყენება მისი და სააგენტოში დასაქმებულთა მთავარი საზრუნავია. ოქტომბერში მეტყევეები პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ მიზეზით და ასევე, საჭირბოროტო საკითხებზე პასუხების მისაღებად რამაზ ტაკიძეს ვესაუბრეთ.
– ტყისა და მისი რესურსების დაცვა, გონივრული გამოყენება თაობების, განსაკუთრებით სისტემაში დასაქმებულთა საზრუნავი იყო და რჩება. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ იმ საქმეებს, რომლებსაც შუახევში სათავე მამია ძირკვაძემ, ვალერიან ქარცივაძემ, ნოდარ აბუსელიძემ, ამირან თურმანიძემ, თემურ დიასამიძემ, თემურ ქათამაძემ, დიმიტრი ცეცხლაძემ, შაქრო ტაკიძემ დაუდეს. ისინი დღემუდამ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებსაც ითვალისწინებდნენ და ტყის რესურსებსაც მომჭირნეობით იყენებდნენ. ახლა შუახევში მოსახლეობის ის რაოდენობა აღარაა, რაც გასული საუკუნის მეორე ნახევარში იყო. ტყის რესურსების მოხმარებაც მნიშვნელოვნად შემცირდა. გვახსოვს ის დრო, როცა თითქმის ყველა ოჯახს თამბაქოს საშრობი ფარდული ჰქონდა. შენობა, გასაშრობი ვაგონები, სხვა საჭიროებანი ყოველწლიურად ასეულობით კუბურ მეტრ მერქანს ითხოვდა. ადრინდელი ტემპით აღარც საცხოვრებელი სახლები, დამატებითი სათავსოები შენდება. შუახევში ერთ დროს 43 კოლმეურნეობა იყო. ტყეს ესეც აზარალებდა.
– გასული საუკუნის მიწურულს და 21-ე საუკუნის დასაწყისში შუახევის ტყეებიდან ათასობით კუბური მეტრი მერქანი გაიზიდა და უცხოეთში გაიყიდა. ახლა ამ პროცესის შესაჩერებლად რა კეთდება?
– ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ ხელისუფლებაში ყოფნის წლებში ჩემი წინამორბედები გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ, ხოლო ვისაც ხე-ტყე გაჰქონდა ან მათთან კავშირში იყვნენ, დაუსჯელნი დატოვეს. ჩვენ ადგილობრივი თვითმართველობის, გარემოს დამცველების, სხვა რგოლების აქტიური მხარდაჭერით, შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ მინიმუმამდე შემცირდეს უკანონო ჭრები. გატარებული ზემოქმედების შედეგად, საკმაოდ კარგი ნაზარდები წამოვიდა ოლადაურის, შუახევის, ჭვანის სატყეოებში. მათი უფროსები შოთა სურმანიძე, ზურაბ აბაშიძე, რომან (მურად) ჯოიძე, დასაქმებული რეინჯერები ცდილობენ ეროზირებული, ერთ დროს გაკაფული ფართობები ნარგავებით შეავსონ, ბუნებრივ აღმონაცენს მოუარონ. ბუნებრივი აღმონაცენის, ფოთლოვანი ტყეების გამანადგურებლად ითვლებოდა ერთ დროს მომრავლებული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი (თხა). ამ ეტაპზე არათუ წვრილფეხა, მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობაც ნაკლებია. ალპურ ზონასა და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ტყეებში ნაძვნარი კორომები გახმა. ზეხმელი მერქანის გამოტანის შემდეგ აღმონაცენები წამოვიდა.
– ბუნებრივი აღმონაცენების შესანარჩუნებლად, მოშიშვლებული ტერიტორიების გატყევებისთვის რა კეთდება?
– 15 ჰექტარი ტყეა შუახევის სატყეო მეურნეობის დაქვემდებარებაში. ეს ტყეები ზამლეთის, უჩამბის თემების სოფლების მომიჯნავეა. ჩვენთვის ისიც ნათელია, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტიორები ტყეს. შორს აღარაა ის დრო, როცა მთა ღომა, მთა ჩირუხი სამთო-სათხილამურო კურორტებად გამოცხადდება. ჩვენი ვალია მთა ღომაზე არსებული ტყე შევინარჩუნოთ. არცერთ მთაში ღომას მსგავსი ტყე არაა შენარჩუნებული. ეს იმ მეტყევეების დამსახურებაა, რომლებიც ზურაბ ბერიძემდე მუშაობდნენ. ნოდარი აბუსელიძე, ბაირამალ ნაკაშიძე, ახმედ ბერიძე, მართლაც, ბუნების ქომაგები იყვნენ. წინა ხელისუფლებამ ბაირამალ ნაკაშიძეს ნაშრომ-ნაღვაწი იმით დაუფასა, რომ სასამართლოში არბენინა და გირაოც გადააახდევინა. ახლაც, მთა ღომაზე 125 ჰექტარი ტერიტორიაა შემოკავებულია და განაშენიანება მიმდინარეობს. 5000 კვადრატული მეტრი ტერიტორია შემოკავებულია ზამლეთში.
– პროფესიული დღესასწაულის დღეს 30-ზე მეტი მეტყევე ჩირუხს ეწვიეთ და ნერგები გააშენეთ. ეს კამპანია ერთჯერადია თუ?. .
– თქვენი გაზეთის მკითხველს კარგად ახსოვს, შარშან მთა ჩირუხში გამართული ოფროუდის ფესტივალი. ასეულობით უცხოელი და ადგილობრივი ტურისტი, რალის მიმდევარი და სპორტსმენი იყო აქაურობის სტუმარი. ჩირუხის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ერთ დროს ნაძვის, სოჭის ხეებით იყო შემოსილი. ახლა მოშიშვლებული, ჩამოხრიოკებული ადგილებია დარჩენილი. ჩვენი სააგენტოს, აჭარის გარემოს დამცველების მიზანია, ჩირუხის ტერიტორიები აღმონაცენთან ერთად ხელოვნურად გაშენებული კორომებით შევავსოთ. მარტო წელს 2000-მდე ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარე დაირგო.
– ხეების დარგვა ერთია, მისი გახარება და შემდგომი მოვლა – მეორე. გვახსოვს როგორი ზარზეიმით გაშენდა ხეები შუახევი–გომარდულის, შუახევი–ჩირუხის საავტომობილო გზების, ბათუმი–ახალციხის მაგისტრალის გასწვრივ. ხეები დაირგო, მაგრამ. . .
– უკვე წარსულს ბარდება ის პროცესები, საქმეები, რომლებიც თავის მოსაწონებლად კეთდებოდა. ჩვენი ვალია დავრგოთ, გავახაროთ და მოვუაროთ. ჩირუხი გამონაკლისი არ იქნება, სხვა ტერიტორიებზეც გაშენდება ხეები.
– ტყეს მრავალი ფუნქცია აქვს. ის მარჩენალიც არის. ადგილობრივი მოსახლეობა სისხლხორცეულადაა დაკავშირებული ტყესთან. სამშენებლო მასალად, შეშად ათასობით კუბურ მეტრ მერქანს მოიხმარს. წელს რა სიტუაციაა?
– სპეციალსიტების, გარემოს დამცველების რეკომენდაციების გარეშე ტყეში შესვლა, ჭრაგაუვალ კორომებში გზის გაყვანა დანაშაულად ფასდება. შუახევში ათეულობით ჰექტარია, სადაც დღემდე მიზნობრივი ჭრები არ ჩატარებულა. იქ არსებული მერქანი დროზე გამოსატანი და გამოსაყენებელია. წელსაც 2500 კუბური მეტრი სამასალე და 21 ათასი კუბური მეტრი საშეშე მერქანი გამოგვაქვს ტყეებიდან. ამ მიზნით რამდენიმე ჭრაგაუვალ კვარტალებში საავტომობილო გზები გავიყვანეთ. მეტწილად ზეხმელი, ჩაქცეული, მასალად უვარგისი მერქანი შეშად გაიცემა. ადგილობრივი მოსახლეობა სამასალე მერქანს ითხოვს და ჭრის ბილეთი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რეკომენდაციით გაიცემა.
– ზოგიერთებმა ვერ მოიშალეს ბიზნესის მართვა, ხელის მოთბობა ტყის რესურსების ხარჯზე. ამ კატეგორიის მომხმარებლები ისევ იბოგინებენ თუ. . .
– ტყის რესურსის ხარჯზე ვინც ხელის მოთბობა ცადა, ბოლო კეთილი არ ჰქონდათ. ჩვენი ვალია, ხე ტყეში დავტოვოთ. ხუთი წელია ამ სამსახურის უფროსი ვარ. მომთხოვნელობა, მომკითხველობა რომ უმჯობესია, ეს ცხადზე ცხადია. უკვე მინიმუმამდე შემცირდა უკანონო ჭრები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იშვიათობაა გაუფორმებელი სახერხი დაზგები. დაზგების კანონიერი მეპატრონეები უკანონოდ მოპოვებულ მერქანს აღარ ხერხავენ. გარემოს დამცველები კონტროლს სისტემატურად აწესებენ.

