„ჭვანა“ „ნიჭიერის“ ფინალშია
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
რამდენიმე წელია შუახევის კულტურის ცენტრთან ავთენტური ანსამბლი „ჭვანა“ მოქმედებს. მის დაარსებაში, პირველივე წელს საერთაშორისო და რესპუბლიკურ ფესტივალებზე წარმატებულ გამოსვლაში ტარიელ ბოლქვაძეს დიდი დამსახურება მიუძღვის. ენთუზიასტმა ხელოვანმა ანსამბლში მოიწვია ჭვანის ხეობაში მცხოვრები მომღერლები და მოცეკვავეები. „ჭვანის“ ხელოვნებას თბილისელი მაყურებელი სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაეცნო, მათ შორის იყვნენ ეთნომუსიკოლოგი ნინო რაზმაძე და გალობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები. „ჭვანა“ ასევე, წარმატებით გამოვიდა ბათუმის კულტურის ცენტრში გამართულ საღამოზე. ანსამბლის მონაგარია ფოლკლორის სახელმწიფო ეროვნული ცენტრის დიპლომი და პრემია. გამოჩენილი ხელოვანების თანადგომითა და რეკომენდაციით, ანსამბლის ხელმძღვანელმა მოიძია და სცენაზე გააცოცხლა ხალხური სიმღერისა და ცეკვის მივიწყებული ნიმუშები, რომლებშიც შეზავებულია გურული და აჭარული ფოლკლორი.
შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლებიდან პირველად „ჭვანის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ტარიელ ბოლქვაძემ გაბედა და ტელეკომპანია „იმედის“ შეთავაზებით სახალხო პროექტ „ნიჭიერის“ 2020 წლის კონკურსში ჩაერთო. შესარჩევ ტურში „ჭვანა“ ჟიურისა და „იმედის“ ტელემაყურებლის წინაშე აჭარულ-გურული ფოლკლორის ნიმუშებით წარსდგა. განსაკუთრებული მოწონება ამ პროექტის ნახევარფინალში შესრულებულმა ნომერმა დაიმსახურა. ჟიურის წევრები და გადაცემის წამყვანები სიმღერა „ატლატიტას“ წარმოშობის ისტორიითაც დაინტერესდნენ. მაყურებელთა მაღალი შეფასების წყალობით, „ჭვანა“ ფინალში გადავიდა, რომლიც ნოემბერში გაიმართება.
„ჭვანა“ 13 წევრს აერთიანებს. სოლისტი ხასან ხილაძე უხნესია. მან 64 წელი უკან მოიტოვა, ყველაზე ახალგაზრდა ზურაბ ბოლქვაძე კი 13 წლის გახლავთ. „ნიჭიერის“ ნახევარფინალში მონაწილეობდნენ ზურაბ, ავთანდილ, ტარიელ, ბადრი ბოლქვაძეები, მერაბ მჟავანაძე, ხასან ხილაძე, დათო ბერიძე, გურამ გოგრაჭაძე, მერაბ მჟავანაძე, ნიკოლოზ ჭაღალიძე, ბეჟან დავითაძე. კონკურსში ავადმყოფობის გამი ანსამბლის ორმა წევრმა მონაწილეობა ვერ მიიღო.
– სახალხო პროექტ „ნიჭიერის“ ფინალში გასვლა ჩვენი ანსამბლისათვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაცაა. აჭარის ფოლკლორული ანსამბლებიდან მხოლოდ ჩვენ მივაღწიეთ ამ ზღვარს. ახლა ფინალისთვის ვემზადებით. გვახსოვს ის დღეები, როცა მაყურებელმა ჩვენი გამოსვლები თბილისსა და ბათუმში ძალიან თბილად მიიღო. ახლაც გვაქვს მათი იმედი. ჩვენ მხარდასაჭერად განხორციელებული თითოეული სატელეფონო ზარი მნიშვნელოვანია წარმატებისთვის, – გვითხრა ტარიელ ბოლქვაძემ.