ხათუნა სამნიძე: მილიონი ხმა ბოლოს მოუღებს მის მილიარდებს…
მარი ხითარიშვილი : 27 48 93 –
„ნაციონლური მოძრაობის“ და მის ირგვლივ გაერთიანებული პარტიების ბლოკის სია ქართული პოლიტიკის ისეთი წარმომადგენლებით შეივსო, რომლებიც აქტიურად იბრძოდნენ თავად „ნაციონალების“ წინააღმდეგ და მათზე გამარჯვების შემდეგ ტრიუმფით აღნიშნეს ხელისუფლებაში მოსვლა. ვგულისხმობ „რესპუბლიკურ პარტიას“, რომელსაც ისეთი დაპირისპირება ჰქონდა სააკაშვილთან და მის გუნდთან, რომ მათი ერთ სიაში ყოფნა საზოგადოებას წარმოუდგენლად მოეჩვენა. „რესპუბლიკელების“ ამჟამინდელი ლიდერი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ: „მთავარი მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა, ამასთან, არცერთ პარტიას არ აქვს იმხელა მხარდაჭერა, რომ მთავრობა დამოუკიდებლად დააკომპლექტოს“. რა ამოძრავებდათ ერთ დროს ყველაზე ინტელექტუალ და პოპულარულ პოლიტიკოსებს 5 ნომრის ირგვლივ გაერთიანებისას, რას ფიქრობს ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებზე და რომელი გზა მიაჩნია გამართლებულად, ამაზე საუბრობს ხათუნა სამნიძე ჩვენთან ინტერვიუში.
– არ დავმალავ, ყველა გაოცებულია თქვენი „ნაციონალებთან“ გაერთიანებით. ასე რატომ შეიცვალეთ პოლიტიკური გემოვნება, ან რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ეს ადამიანები იმავეს არ გააკეთებენ, რის გამოც თავის დროზე მათ წინააღმდეგ წახვედით?
– თუ გადახედავთ ჩვენი პარტიის ისტორიას, დარწმუნდებით, რომ არასოდეს გვიღალატია არც საკუთარი პრინციპებისთვის, არც ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. ყოველთვის ვსახავთ მიზნებს და შემდეგ ბოლომდე მივყვებით მათ განხოციელებას, ხოლო თუ არ გამოგვდის, გავდივართ ოპოზიციაში. ჩვენ ვხდებით იმ ძალის პარტნიორები (ასე იყო 2003-ში, 2012-ში), რომლის ინტერესები თანხვედრაშია ჩვენთან და გაერთიანება სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნისთვის. როგორც 2012-ში აუცილებელი გახდა, ორი ვადით (8 წელი) ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ ხელისუფლების შეცვლა, ზუსტად ასეა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ძალა, რომელმაც სრულად მიიტაცა ძალაუფლება, გადადგეს. „ქართული ოცნება“ ამ ეტაპზე მომავალზე კი არა, წარსულზეა ორიენტირებული.
– პარტნიორებად სხვა პარტიები არ გამოდგნენ?
– არა, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი ძალაა დღესდღეობით, რომელმაც შემოიკრიბა პოლიტიკური პარტიები და ყველას დაუმტკიცა, რომ შესაძლებელია დიალოგით, თანამშრომლობით და თანხმობით მოვიდეთ ხელისუფლებაში. ეს თავისთავად ადასტურებს პარლამენტში კოალიციით მოსვლის მზადყოფნას, რაც უზრუნველყოფს ძლიერი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას და ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებას.
– რა გარანტია გაქვთ, რომ არ მოგიშორებენ პარტნიორებს, ამის მაგალითი ხომ არსებობს?
– ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ პროპორციული არჩევნებით, რაც უზრუნველყოფს, რომ ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ მიიღოს ერთპარტიული უმრავლესობა პარლამენტში. ამიტომ გამორიცხულია, ერთ რომელიმე ძალას შერჩეს ძალაუფლება. გარდა ამისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვა პარტიებთან ერთად უკვე შექმნა ერთიანი სია, სადაც მათ გარდა არიან სხვა პოლიტიკოსები, რაც ადასტურებს, რომ მზად არიან ძალაუფლების გაზიარებისა და ქვეყნის მრავალპარტიული მართვისთვის. ჩვენ გვექნება კოალიციური მთავრობა, რასაც მოწმობს ყველა გამოკითხვა და რაც თავისთავად ქმნის გარანტიას, რომ მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მოვა სათავეში. ყოველივე ეს კი იმ პროპორციული არჩევნების სისტემის დამსახურებაა, რაც ბრძოლით მოვიპოვეთ.
– მოდით, გადავხედოთ „რესპუბლიკური პარტიის“ ისტორიას, რომელიც მოწმობს, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან მოვიდა და პოპულარობით სარგებლობდა მოსახლეობაში, დამოუკიდებლად ვერ გახდა მმართველი ძალა. ამის გამო ერთიანდებოდა სხვა პარტიებთან, მოდიოდა მთავრობაში, შემდეგ გადადიოდა ოპოზიციაში . . . ვერც ერთხელ რატომ ვერ შეინარჩუნა ძალაუფლება პარტიამ, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ინტელექტუალური რესურსით?
– ჩვენ ვირჩევთ პარტნიორებს, რომლებთანაც გვაერთიანებს მიზანი და ხედვა. რაც შეეხება თემებს, ყველაფერზე ვერ შევთანხმდებით, რადგან ყველა პარტია სხვადასხვა იდეოლოგიის ვართ, მაგრამ თუ რომელიმე პარტნიორი უხვევს არჩეული გზიდან, ჩვენ ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ და ვიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში, მინდა მივმართო მოსახლეობას, ჩვენი პარტიის ეს თვისება გამოიყენონ იმის დასტურად, რომ არასოდეს დავდგებით იქ, სადაც შეილახება ადამიანის უფლებები და თავისუფლება და დაეცემა დემოკრატიის ხარისხი. სწორედ ესაა ჩვენი გზავნილი ამომრჩევლებისთვის – გვქონდა და გვაქვს პრინციპული პოზიციები. ყველა გადაწყვეტილების მიღებისას ვიქნებით მკაცრი, პირუთვნელი და ღია – საზოგადოებისთვის. ჩვენ, „რესპუბლიკელებმა“, სანამ ხელს მოვაწერდით ერთიან ბლოკში გაერთიანებას, ოფიციალურად გავაფორმეთ („რესპუბლიკელებმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“) თემატური თანამშრომლობა, სადაც ჩამოვწერეთ ის საკითხები, რომლებზეც ერთად ვიმუშავებთ.
– ეს გასაგებია, მაგრამ თუკი ხმას მოგცემთ, გაგიყვანთ ხელისუფლებაში, მაგრამ თქვენ უკანვე დაბრუნდებით, რატომ უნდა გავაკეთოთ თქვენზე გათვლა?
– არა, ამ შემთხვევაში გვაქვს შეთანხმება, რომელსაც ვერავინ გადაუხვევს. ჩვენ ჩვენს კვოტას მივიღებთ, რაც სულ სხვა უფლებამოსილებას მოგვანიჭებს. სწორედ ესაა პროპორციული არჩევნების დადებითი მხარე. თანაც, ხელისუფლებაში გასვლაზე ან დატოვებზე ლაპარაკი ნაადრევია. არჩევნებამდე დრო გვაქვს, შემდეგ კი დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა შევქმნათ ძლიერი კოალიციური პარტია. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენს პარტნიორებს ანალოგიური ინტერესები გააჩნიათ და იციან, რაზე მიდიან, რადგან დეტალურად შევათანხმეთ სამომავლო ურთიერთობა. კონკრეტული პროგრამით უნდა შევეცადოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას. დარწმუნებული ვარ, გაერთიანებული ოპოზიცია კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში შესძლებს თანამშრომლობას. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამის მაგალითი ოპოზიციამ უკვე აჩვენა საზოგადოებას. პირველი შემთხვევაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როცა ყველა პროდასავლური პარტია ახერხებს ერთი მიზნით გაერთიანებას და საკმაოდ მძიმე, სერიოზულ და ქვეყნისთვის მნიშველოვან საკითხებზე საუბარს.
– ძირითადად, რა ტიპის საკითხებს განიხილავთ?
– მაგალითად, შევთანხმდით, როგორი უნდა იყოს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ცვლილებები ან განათლების სისტემა ანუ უკვე მივაღწიეთ თანამშრომლობის ფორმას. საქართველოში კოალიციური მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები არ უნდა ატარებდეს დროებით ხასიათს. ყველა მათგანი უნდა იყოს ზედმიწევნით გაანალიზებული, დამუშავებული და გამართლებული, რათა დამკვიდრდეს და არ შეიცვალოს მთავრობების ცვლილებასთან ერთად. ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია ექსპერიმენტების არც დრო და არც საშუალება. კიდევ ერთხელ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვიქნებით ის პოლიტიკური ძალა ამ ბლოკში და შემდეგ კოალიციურ მთავრობაში, რომელიც ხმამაღლა იტყვის სიმართლეს და საჯაროდ მიუთითებს, თუ პარტნიორებმა გადაუხვიეს გზიდან. როდესაც გაერთიანებული ვიყავით„ქართულ ოცნებასთანაც“, როგორც კი მათ საერთო გზიდან გადაუხვიეს, ამის შესახებ მაშინვე განვაცხადეთ.
-„ერთ-ერთ წინა ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ ივანიშვილს ახლა ეშინია ოპოზიციური პარტიების კოორდინირებული მუშაობის და მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ლიდერი დააკავოს, მათი დევნით დაძაბოს მუხტი წინასაარჩევნოდ, რადგან მშვიდ და სამართლიან არჩევნებში მოგების შესაძლებლობა არ აქვს“. ახლაც ამ აზრზე ხართ?
-ეს ვთქვი, როდესაც პოლიტპატიმრებზე იყო საუბარი. ახლაც ეშინია ბიძინა ივანიშვილს და ყველანაირ ძალადობრივ მეთოდს მიმართავს. უკვე გვხვდება ქვების სროლა, უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაგზავნა, პოლიტიკური პარტიების ლიდერთა ცილისწამება. მას სურს მტრის ხატზე ააგოს პოლიტიკა და წინა ხელისუფლების მსგავსად, მოღალატეების სახელით შეამკოს, ვინც მის წინააღმდეგ იბრძვის. თუმცა ხალხს უკვე მაგალითი აქვს მიღებული ამ კუთხით და რთულია კვლავ ამ ანკესზე წამოგება. თანაც, პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს არ ილაპარაკებს მომავალზე და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე, ვერ მოიპოვებს მხარდაჭერას. პოლიტიკური რეპრესიების მიზანი საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაჩენაცაა, რომ აი, აქტიურ ადამიანებს აკავებენ და რა აზრი აქვს ბრძოლას, არაფერი იცვლებაო. ივანიშვილს ასევე სურს, რომ ჩვენ, ოპოზიცია, გადავიდეთ სამართლებრივი რელსებიდან, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ ვაპირებთ ძალიან ბევრ შეხვედრას ხალხთან, მათ შორის, რეგიონებში, რომ ვუთხრათ ადამიანებს, რა არის ივანიშვილის მიზანი, რომ ვერ გაგვაჩუმებენ…
– თქვენ ივანიშვილის ქმედებებს ასლან აბაშიძის ქმედებებსაც ადარებთ. . .
– დიახ, რასაც ახლა ივანიშვილი გადის – ასლან აბაშიძის გზაა. ყველაზე კრიტიკულ მომენტში აბაშიძემ ააფეთქა ხიდები, ივანიშვილი კი ხიდებს წვავს დასავლელ პარტნიორებთან. ის ზურგით დგება საზოგადოებასთან და ფიქრობს, რომ მას შეაშინებს ან გააჩუმებს. ასეთი ქცევა არ არის ამ ტიპის პოლიტიკური ლიდერისგან პირველი შემთხვევა. გვინახავს და ვიცით, როგორ რეაგირებს ამაზე ხალხი. ივანიშვილი აგონიაშია. ეშინია, ხოლო მშიშარა ძალა არასოდეს მოუყვანია ქართველს ქვეყნის სათავეებთან.
– რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ისევ ფიქრობთ, რომ ივანიშვილი ჩრდილოელებთან მეზობლობს? რას უნდა ველოდოთ ამ პროცესში რუსეთისგან, საზღვრებთან მიმდინარე ომის ფონზე?
– დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი აძლევს ივანიშვილს უსაფრთხოების გარანტიებს. მთავარია, ახლა არ ჩავრიოთ არჩევნების მსვლელობაში, ისე როგორც ამას სხვა ქვეყნებში აკეთებს და ზეგავლენას ახდენს არჩევნების საბოლოო შედეგებზე. ამისთვის რუსეთი გამოიყენებს ყველა ბერკეტს, ხელმისაწვდომ საშუალებას, მათ შორის, პროპაგანდა-აგიტაციას და ჩართავს მობილურ ჯგუფებს.
-ასეთ ბრალდებას რაღაც დადასტურება, ფაქტები ხომ სჭირდება?
-ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო ამ ხელისუფლებამ საპატრიარქოსთან ერთად, ციხეში რომ გაუშვა ორი უდანაშაულო ადამიანი და კარტოგრაფების საქმე შექმნა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამხელა გავლენა აქვს საქართველოს მთავრობაზე რუსეთს. ეს არის პირდაპირ რუსული ნარატივი, როდესაც მათი ტექსტებით და მესიჯბოქსებით ხდება „ ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა. აქ კარგად ჩანს რუსეთის როლი და ხელის ფათური ქართულ პოლიტიკაში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს არსებული ხელისუფლების უუნარობას საკუთარი საქმეებით, პროგრამით და რეალური დაპირებებით – იმოქმედოს ამომრჩეველზე.
– როგორია თქვენი პარტიის წინასაარჩევნო სლოგანი?
– ბლოკის წინასაარჩევნო სლოგანია: ძლიერი საქართველო – ძლიერი ოჯახი. ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ყველა მოქალაქე ცხოვრობდეს ღირსეულ პირობებში, თავისუფალ გარემოში, თავად იყოს ძლიერი როგორც ეკონომიკურად, ისე პიროვნულად და ჰქონდეს ყველაფრით უზრუნველყოფილი ოჯახი, რაც თავისთავად გახდება ძლიერი ქვეყნის ჩამოყალიბების საფუძველი.
– თქვენი აზრით, რაში გამოიხატება ამ არჩევნების განსაკუთრებულობა, რა უნდა გაითვალისწინოს ამომრჩეველმა?
-2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები გარდამტეხი, მართლაც განსაკუთრებული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მართალია ნაწილობრივ, მაგრამ მაინც პროპორციულ საარჩევნო სისტემას გამოვიყენებთ. მეორეც – უკვე 8 წელიწადია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და ვერ დაასახელებს ვერც ერთ დიდ პროექტს, რომელიც განახორციელა ამ ხნის განმავლობაში და რამაც ქვეყანა წინ წასწია. ყველაფერი მხოლოდ დაპირებების და პროექტების სახით მიეწოდება ამომრჩევლებს. ეკონომიკურად უაღრესად რთული ვითარებაა, გაზრდილია უმუშევრობა და უკიდურესად დამძიმდა სოციალური ფონი. მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა ისიც, რომ ივანიშვილმა საკუთარ ინტერესებს მოარგო როგორც მართლმსაჯულება – პროკურატურა, სასამართლო, ისე საერთაშორისო ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკა. იგი არ უფრთხილდება ქვეყნის უსაფრთხოებასაც კი. ამ კაცის მიერ შექმნილი პოლიტიკური ძალა ან უნდა წავიდეს პოლიტიკიდან ან გადავიდეს ოპოზიციაში. თანაც, უკვე გვაქვს პროპორციული საარჩევნო სისტემა, ხოლო ევროატლანტიკურ ალიანსზე სწორებით შევძლებთ, ჩამოვაყალიბოთ ევროპული, მრავალპარტიული, კოალიციური პარლამენტი და მთავრობა.
– ელოდებით თუ არა არჩევნების გაყალბებას?
– ბიძინა ივანიშვილი ყველანაირად შეეცდება არჩევნები არ ჩატარდეს თავისუფლად, გამჭვირვალედ, სამართლიან გარემოში და კანონის ფარგლებში, მაგრამ მილიონი ხმა ბოლოს მოუღებს მის მილიარდებს. ჩვენი მოქლაქეების აქტიურობა დაამარცხებს გაყალბების ნებისმიერ მცდელობას. ასე იყო ყოველთვის, როდესაც ხალხს აღარ სურდა მმართველი პარტიის ქვეყნის სადავეებთან დატოვება.
– დავაკონკრეტოთ, ძირითადად, რაში ედავებით „ქართულ ოცნებას“, რომელთან ერთადაც იყოფდით ქვეყნის მართვის სადავეებს?
-„ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ ეტაპზე მთავრობა მრავალპარტიული იყო. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მნიშვნელოვანი კონსტიტუციური გადაწყვეტილებები. მაგალითად, „ანტიდისკრიმინაციული კანონი“, რაც აუცილებლობას წარმოადგენდა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთვის. ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ნებართვა და გახსნილი სავიზო რეჟიმიც იმ წლებს უკავშირდება. როგორც კი დაიწყო „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობა, ქვეყანა გაჩერდა – აღარ გვაქვს არავითარი ეკონომიკური წინსვლა, არ გვყავს მთავრობა, რომელიც დამოუკიდებლად, საჯაროობის პრინციპებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს. აბსოლუტურად ყველა განკარგულება, რეფორმა თუ სახელისუფლებო ცვლილება ერთპიროვნულად მომდინარეობს ბიძინა ივანიშვილისგან. ეს სახიფათოა ქვეყნისთვის. აუცილებელია ავირჩიოთ მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც ყველა გადაწყვეტილება მიიღება ხანგრძლივი მსჯელობის, სიღრმისეული ანალიზის და საზოგადოებასთან დიალოგის შემდეგ.

