ორმაგად მნიშვნელოვანი დღე
ნინო ცხვარაძე: 595 96 63 65 –
N19 ოქტომბერს ბათუმში განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის (115 ავტობუსი და 250 მიკროაბტობუსი) მოძრაობა. მოსახლეობის უმრავლესობისთვის ამ სასიამოვნო ფაქტს დაემატა ისიც, რომ დღეიდან ჩვენს ქალაქში, საქართველოში პირველად, ელექტროავტობუსები იმოძრავებს. რვა უახლესი ტექნოლოგიით შექმნილი ელექტროავტობუსის ღირბულება 4 მილიონამდე ევროა. პირველ ეტაპზე ხაზზე 5 მათგანი გამოვა.. ტრანსპორტი სამოცდაათ მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე მგზავრებისთვის.
პრეზენტაციას, რომელიც დღეს, დილით გაიმართა ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
– დღეს ბათუმში აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, მოქალაქეებთან ერთად, შევაჩეროთ ეს პანდემია. ამიტომ მოქალაქეებს, მგზავრებს მინდა ვთხოვო, მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები, პირბადის გარეშე არ გადაადგილდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან მივიღეთ ახალი ელექტროავტობუსები, რომლებიც იბიარდის EB დაფინანსებითაა შეძენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც ეტაპობრივად გულისხმობს ქალაქის სატრანსპორტო პარკის განახლებას, მიუხედავად პანდემიისა, არ გაჩერდა. ეს არის თანამედროვე სერვისებით აღჭურვილი ავტობუსები, შშმ პირებზე ადაპტირებული. რეგიონში ბათუმი იქნება ერთ-ერთი პირველი ქალაქი, სადაც იმოძრავებს ელექტროავტობუსები. წელს გვექნება 8 ახალი ასეთი ავტობუსი. ეს პროცესი მუდმივად განახლებად რეჟიმში მომავალ წელსაც გაგრძელდება, რათა მთლიანად განვაახლოთ ბათუმის სატრანსპორტო პარკი, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მთავრობის თავმჯდომარემ მასმედიასთან საუბარში იმასაც გაუსვა ხაზი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოველდღე სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდება, მუნიციპალური სამსახურები კი ტრანსპორტში მგზავრებს მკაცრად გააკონტროლებენ, რათა მათ აუცილებლად ეკეთოთ პირბადეები. იმ შემთხვევაში, თუკი მგზავრი არ გაიკეთებს პირბადეს, მძღოლს უფლება აქვს, არ დაძრას ტრანსპორტი.
მოსახლეობას შესაბამისი წესების დაცვისკენ მოუწოდებს ბათუმის მერია. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლის აღდგენისა და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას საზოგადოებას უახლოეს დღეებში აცნობებენ.