ბათუმელი გოგონა, რომელიც ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში ისწავლის.
ნაირა ფუტკარაძე: 27 48 93 –
18 წლის ბათუმელმა, ქეთევან კოპალიანმა ევროპის სამი უნივერსიტეტიდან მიიღო მოწვევა: მარბურგის ფილიპსის, ბერლინის თავისუფალი და ასევე ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტებიდან. უცხოეთში სწავლის სურვილი სკოლის პერიოდიდანვე ამოძრავებდა და აისრულა კიდეც. ქეთევანი თავად მოგვიყვება, როგორ მიაღწია ამ წარმატებას:
– დავამთავრე სკოლა „ევრო-2000“. გერმანიაში განათლების მიღების სურვილი სწორედ სკოლის პერიოდში გამიჩნდა, ამიტომ მიზნად დავისახე ჯერ კოლეჯში ჩამებარებინა. ასეც მოვიქეცი და ერთი წელი ვისწავლე კოლეჯში. ეს ყველა უცხოელისთვის აუცილებელი წინაპირობაა, იმისთვის, რათა გაეცნოს სისტემას და მისი კომპეტენცია გერმანულ აკადემიურ სტანდარტებს გაუთანაბროს. მხოლოდ ამ ეტაპის გადალახვის შემდეგ, შესაძლებელია საბუთების სასურველ უნივერსიტეტში გაგზავნა.
– რატომ შეაჩერეთ არჩევანი ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტზე?
– კონკრეტული უნივერსიტეტების სიის შედგენა ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი იყო. ვცდილობდი, ამერჩია ინსტიტუციები, რომლებიც, ჩემი ყველა ინტერესის გათვალისწინებით, მომცემდნენ მომავალი პროფესიის შერჩევის საშუალებას. ასეთი სწორედ ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი აღმოჩნდა.
– თქვენს ფაკულტეტზე გვიამბეთ.
– ფაკულტეტიც ყველა იმ ასპექტთა ზუსტი კომბინაციაა, რომელთა შესწავლაც მსურს. ეს არის პუბლიცისტიკა და კომუნიკაციათმცოდნეობა, კომბინირებული უცხო ენებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობასთან. ეს ფართო სპექტრის დარგია, რომელიც გზას გამიკვალავს და უკეთ გამარკვევს, რისი კეთებაც მინდა. ვთვლი, რომ ურთიერთობა, ლინგვისტიკა და კომუნიკაცია ჩემი სამი ძლიერი მხარეა, რომლებიც შემიძლია მოვახმარო დადებით ცვლილებებს საზოგადოებაში.
– როდის დაიწყება სასწავლო პროცესი და რა უპირატესობებს ხედავთ საზღვარგარეთ სწავლაში?
– სასწავლო წელი ნოემბერში იწყება. უკვე ადგილზე ვარ და ერთი სული მაქვს, ჩავება სასწავლო პროცესში. მიმაჩნია, რომ საზღვარგარეთ მეტი შესაძლებლობაა, რომელთა გამოყენებით ვცდილობ კვლავ ბევრი რამის საკუთარი თავისთვისა და სხვებისთვის დამტკიცებას, მრავალწლიანი შრომის საბოლოო პროდუქტს კი სამშობლოს მოვახმარ.
– სწავლის წარმატებაზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს, თქვენ რომელმა აგიმაღლათ მოტივაცია?
– მოტივაციას ყველა განსხვავებულად იძენს. ჩემი პირველი ნაბიჯი თავდაჯერებულობა იყო. რა თქმა უნდა, ოჯახისა და ახლობლების გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია.
– რა რჩევას მისცემდით თანატოლებს?
– არასდროს დანებდნენ, სირთულეებს კი საბოლოოდ, შედეგი მაინც მოაქვს. მთავარია, ენდო საკუთარ იმპულსებს, რომლებიც არასდროს გიღალატებენ.