დემოკრატიისა და ტოტალიტარიზმის ჭიდილი ახალი მსოფლიო რეალობისთვის
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
ახალმა კორონავირუსმა მსოფლიო ახალი საერთაშორისო წესრიგის საჭიროების წინაშე დააყენა. აგორდა გეოპოლიტიკური ჭიდილის ახალი ტალღა, რომელშიც ზესახელმწიფოები მონაწილეობენ. ყველა თავისი გავლენისა და ინტერესებისათვის იბრძვის. ეს ბრძოლა ჯერ-ჯერობით პოლიტიკურ-ეკონომიკური ხასიათისაა. მისი ძირითადი კომპონენტი ინფორმაციული ომია. . . იმას, რომ ახალი კორონავირუსი სწორედ ამ ომის სახეობაა, ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი აცხადებს. სხვები არ იზიარებენ ამ მოსაზრებას. ასე თუ ისე, ცხადია, რომ ეს ომი მარტში დაიწყო, ამჟამად უკვე ფართომასშტაბიან ომს ზესახელმწიფოები (რუსეთი გამონაკლისია) აღარ აწარმოებენ, ეს ძვირი ,,სიამოვნებაა“, თანაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვება. . . გარდა ამისა, როგორც ამბობენ, ენერგორესურსების (გაზი, ნავთობი) მსოფლიო მარაგი, დაახლოებით 30 წელიწადში, განახევრდება, რაც ზესახელმწიფოების განვითარებას, ამბიციებს შეაფერხებს. ძირითადად, ესენია: აშშ, რუსეთი, ჩინეთი და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები. ახალმა კორონავირუსმა ნათლად დაგვანახა თვით ზესახელმწიფოების უსუსურობაც, ახალი კორონავირუსის გავრცელებაში ზოგი – ჩინეთს, ზოგიც აშშ-ს ადანაშაულებს. ერთი რამ ცხადია, მსოფლიო მოუმზადებელი შეხვდა პანდემიას. უდავოა, რომ იგი ისეთი აღარ იქნება, როგორიც აქამდე იყო. ისმის კითხვა: _ რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე მსოფლიო და როგორი იქნება მისი ახალი წესრიგის კონტურები? მსოფლიოს მდგრადობის ტესტის პირველი შედეგები ვნახეთ ჯერ კიდევ 1991 წელს, როდესაც დეკოლონიზაცია ფორმალურად დასრულდა, შემდეგ კი ჩამოყალიბდა ახალი მსოფლიო წერიგი. დღეს ვხედავთ, რომ ფორმირების პროცესი ძალიან დამძიმდა და ეს ახლა სირიაზე, უკრაინაზე გაივლის თუ სხვაგან, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. საკითხი ასე დგას _ როგორი იქნება ახალი მსოფლიო წესრიგი, ანუ რა გზით დამყარდება იგი – დიპლომატიურად თუ ძალისმიერი გზით, ანუ მოხდება თუ არა მესამე მსოფლიო ომი? ამას, ცხადია, მომავალი დაგვანახებს, დღესდღეობით კი საინტერესო პროცესი მიდის – დემოკრატია ტოტალიტარიზმს შეეჯახა: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები და ზოგადად, დასავლეთი დემოკრატიის სადარაჯოზე დგანან, ანუ იცავენ დემოკრატიულ სტანდარტებს. ეს გულისხმობს პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას და ა. შ. და არსებობენ ტოტალიტარული ქვეყნები (რუსეთი, ჩინეთი. . .) რომლებისთვისაც ადამიანის უფლებების დარღვევა, სხვადასხვა სახელმწიფოს ინტერესების ხელყოფა მუდამ დღის წესრიგშია. ამ მხრივ რუსეთი მართლაც ,,სანიმუშო“. მისი მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ოკუპაცია, სწორედ რუსეთის დესტრუქციულობას ცხადყოფს. ამიტომაც დაუწესდა ეკონომიკური სანქციები. დასავლეთმა ეს იარაღი გამოიყენა მის მიმართ. ამ სანქციების მიზანი ისიცაა, რომ რუსეთი დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს. ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში ე. წ. დაუსჯელობის სინდრომითაა გამორჩეული, აკეთებს იმას, რაც სურს. რაც შეეხება კონკრეტულ შედეგს, ამაზე პასუხი საკმაოდ რთულია, ხელი არ მიგვიწვდება შესაბამის ეკონომიკურ დოკუმენტებზე. ყოველ შემთხვევაში, იმ ფაქტით, რომ რუსეთი თავის პოლიტიკას იმავე მიზნებით, იმავე დოზით, იმავე რესურსებით აგრძელებს, როგორც ბოლო 10-12 წელი, აშკარაა, რომ აღნიშნული ეკონომიკური სანქციები არ აღელვებს და აქ ჩნდება კითხვა, რა სტრატეგია შეიმუშავა დასავლეთმა რუსეთის მიმართ? როგორც ჩანს, ევროკავშირი და აშშ სხვა საშუალებებით ცდილობენ რუსეთის ამბიციების მოთოკვას, ბელარუსი ამის თვალსაჩინო მაგალითია. ვიღაც იკითხავს, ეს როგორ, ევროპა ხომ არ ერევა ბელარუსის საქმეებში და თანაც რუსეთი არ დათმობს ბელარუსს? საქმე ის არის, რომ, მართალია, დასავლეთი აქტიურად არ ერევა ბელარუსის საქმეებში, მაგრამ დიპლომატიური საშუალებებით ცდილობს ბელარუსი ხალხის უფლებების დაცვას, ხოლო რუსეთი აქტიურად ერევა ამ ქვეყნის საქმეებში, რის შედეგადაც ბელარუსებმა კარგად დაინახეს კრემლის რეალური სახე. დასავლეთი ბელარუსის საზოგადოებას თავისი ორბიტისკენ თანმიმდევრულად უბიძგებს. შეიძლება ზოგიერთმა დაასკვნას, რომ დასავლეთმა რუსეთს დაუთმო ბელარუსი, თანაც კრემლი ფარულ ომს აწარმოებს სხვადასხვა რეგიონში, რაც, ერთი შეხედვით, მის გაძლიერებას ცხადყოფს, რეალურად კი ამით დასავლეთი მის გამოშიგვნას ცდილობს, რაც საბოლოოდ (როგორც ავღანეთის ომმაც დაადასტურა) რუსეთის გარკვეულწილად, დაშლას გამოიწვევს, ყოველ შემთხვევაში, ექსპერტები ამის შესახებ საუბრობენ. რა თქმა უნდა, ზემოაღნიშნული ვარაუდი ორ ან სამ წელზე არაა გათვლილი, ყველაფერს დრო სჭირდება, რომელიც რუსეთის საზიანოდ მოქმედებს. . . ეს პროცესები ახალმა კორონავირუსმა დააჩქარა. მან გარკვეულწილად ცვლილებები შეიტანა მსოფლიოს ახალი წესრიგის ფორმირებაში. უდავოა, რომ მსოფლიო არაა ორპოლუსიანი. თანამედროვე საერთაშორისო სისტემა ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. ამ 15 წლის განმავლობაში გლობალურ პოლიტიკაში საკმაოდ სერიოზული ძვრები მოხდა, გამოჩნდნენ ახალი მოთამაშეები. ვერავინ უარყოფს, რომ აშშ და რუსეთი თავს განიხილავენ როგორც მოწინააღმდეგე ძალები – აშშ რუსეთს კონკურენტად მიიჩნევს გლობალურ პოლიტიკაში გავლენის სფეროების მოპოვების თვალსაზრისით, თავის მხრივ რუსეთი თვლის, რომ აშშ არის სახელმწიფო, რომელიც ხელს უშლის მისი გავლენის გაფართოებას დანარჩენ მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, დაძაბულობა თეთრ სახლსა და კრემლს შორის შეუქცევადი პროცესია. მსოფლიოში, როგორც ვთქვით, დემოკრატია ტოტალიტარიზმს შეეჯახა. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ მოახლოებული არჩევნები საქართველოში. ამ არჩევნებმა არანაირი კითხვის ნიშნები არ უნდა დატოვოს. თუ ამ ტესტს ჩავაბარებთ, მაშინ საქართველოსთვის ევროატლანტიკური (ნატო, ევროკავშირი) კარი გაიღება და ამით დასავლეთს უდანაკარგოდ დავუკავშირდებით, რაც ქართველი ერის ისტორიული არჩევანია და სწორედ ეს არჩევნები ცხადყოფს, საქართველო განვითარების რა გზას დაადგება.
რაც შეეხება მსოფლიოს ახალ გადანაწილებას, გლობალურ სამყაროში არის სამი ჰეგემონური ძალა _ ამერიკა, რუსეთი და ჩინეთი. ობამას ადმინისტრაციამ რუსეთი და ჩინეთი დააახლოვა ერთმანეთს. არადა ჩინეთი ის სახელმწიფოა, რომელსაც შეუძლია რუსეთის ჩაყლაპვა. არაოფიციალური ცნობით, რუსეთში 20 მილიონი ჩინელი ცხოვრობს, რაც მრავლისმთქმელია. ჯერ-ჯერობით რუსეთი და ჩინეთი თანამშრომლობენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. სამაგიეროდ, დასავლეთი უკვე არაოფიციალურად უპირისპირდება ჩინეთს და ეს ცხადზე უცხადესია. დასავლეთის ქვეყნები არაოფიციალურად ჩინეთს ადანაშაულებენ ახალი კორონავირუსის გავრცელებაში, რასაც ჩინეთი უარყოფს.
ყველაფრიდან ცხადია, რომ მიმდინარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების პროცესი. მნიშვნელოვანი საკითხია, შეძლებს თუ არა მსოფლიოს თანამეგობრობა, დაძლიოს მწვავე გამოწვევები და მიაღწიოს ახალ წესრიგს მშვიდობიანი გზით, თუ ისევ და ისევ, სავალალოდ, უნდა ვიწვნიოთ 1940-45 წლების მსგავსი უბედურება, როცა მეორე მსოფლიო ომის შედეგად მივიღეთ მსოფლიოს ახალი წესრიგი? ამ კითხვას ყველაზე უკეთ მომავალი უპასუხებს, მომავალი, რომელიც ნათლად ცხადყოფს თითოეული სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობას.