ბათუმელი „ფეოლა“ – ტარიელ ვარშანიძე
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
ნაჩუქარი ფორმები, მშობლების დახმარებით შეძენილი საჭირო ინვენტარი, საკუთარი ხელით შეკეთებული მიტოვებული სტადიონი და რაც მთავარია, ფეხბურთზე შეყვარებული 50 ბავშვი – ეს ბათუმელი „ფეოლას“ უახლესი ისტორიაა. ტარიელ ვარშანიძემ საფეხბურთო გუნდი ,,ურეხი იუნაიტედი’’ სპონტანურად, მაშინ დააარსა, როცა საკუთარ შვილს ავარჯიშებდა. ამჟამად, უკვე დიდი გეგმები აქვს და ფიქრობს, მისი გუნდი მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს. დღეს ტარიელ ვარშანიძე – „ფეოლა“ როგორც ბათუმელებმა შეარქვეს (თუმცა იგი ნამდვილი ფეოლასგან ფეხბურთის სიყვარულითაც განსხვავდება და შრომისმოყვარეობითაც), ჩვენი გაზეთის სტუმარია და საკუთარ გეგმებზე თავად გვესაუბრება.
– სანამ მთავარ თემაზე, საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბებაზე ვისაუბრებთ, ჩვენს მკითხველს გაეცანით.
– დავიბადე 1978 წელს უზბეკეთში, ქალაქ ტაშკენტში, სადაც ჩემი წინაპრები იყვნენ გადასახლებულნი. პირველიდან მეხუთე კლასამდე ბათუმის მე -7 სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ მე-19 სკოლაში გადავედი და სამი წელი იქ ვისწავლე, მერე კი ტაშკენტში დავბრუნდი. სკოლა და პროფესიული კოლეჯიც იქ დავასრულე. ჩემმა ბავშვობამ 1989-1994 წლებში ჩაიარა, არ იყო ადვილი პერიოდი, თუმცა ამას ჩემი განვითარებისთვის და მიზანსწრაფულობისთვის ხელი არ შეუშლია. თავდაპირველად, თეატრის მსახიობობა მინდოდა, მაგრამ საბოლოოდ, აჭარის ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა და უკვე 25 წელია, აქ ვარ, ამჟამად – სპორტული რედაქციის პროდიუსერი.
– როდის გაგიჩნდათ საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბების იდეა? გვიამბეთ, რა წინააღმდეგობებს წააწყდით, ვინ დაგეხმარათ. . .
– ყველაფერი სპონტანურად მოხდა. როდესაც პანდემია დაიწყო და ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოცხადდა, გვახსოვს ყველას, როგორ ჩავიკეტეთ სახლებში. დაიხურა სკოლები და შესაბამისად, ბავშვთა ფეხბურთის სექცია, რომელიც ბათუმის „დინამოს“ ბაზაზე არსებობს. იქ, 2016 წლიდან, ჩემი ერთადერთი შვილი დამყავდა, რომელიც ახლახან 10 წლის გახდა. წონაში მომატების საშიშროება ჰქონდა, ამიტომ სისტემატურად ვავარჯიშებდი სახლთან ახლოს მდებარე, მიტოვებულ სტადიონზე. პროფესიონალი მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ დიდი ხანია საფეხბურთო მატჩებს თვალს ვადევნებ და ელემენტარული ცოდნა გამაჩნია. მინდოდა ბავშვი სპორტულ ფორმაში ყოფილიყო. ასე ვავარჯიშე კვირაში რამდენიმე დღეს, ერთხელაც, ვარჯიშის დროს ვიდეო გადავუღე და სოციალურ ქსელში ავტვირთე. ამის შემდეგ ნელ- ნელა შემოგვიერთდნენ მეზობლად, ახლოს მცხოვრები ბავშვები. ფეხბურთის მოყვარულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდებოდა. მივხვდი, რომ მათ უკვე პროფესიონალი მწვრთნელი სჭირდებოდათ. მოკლედ, ბავშვის სტადიონზე ვარჯიში ასე ნელ-ნელა გადაიქცა სპორტულ სექციად და გუნდიც – ,,ურეხი იუნაიტედი’’ ჩამოვაყალიბე. რამდენიმე თვეში გამოვლინდნენ მათ შორის პერსპექტიული (გუნდის ყველა წევრი 2010 წელს დაბადებულია), გამორჩეული, საუკეთესო უნარების მქონე მოზარდები და ისინი უფრო გამოცდილ მწვრთნელს ჯაბა ჭანტურიას ჩავაბარე. მომდევნო 3 წელიწადში მათ უკვე ჯაბა მასწავლებელი, ასისტენტთან ერთად, გაწვრთნის, „ურეხი იუნაიტედი“ კი პერიოდულად მიაწვდის ახალ, ნიჭიერ სპორტსმენებს. ჩემი იდეის ხორცშესხმაში ბავშვების მშობლები დამეხმარნენ. მიტოვებული სტადიონი შევაკეთეთ, შევიძინეთ სპორტული ვარჯიშისთვის საჭირო ატრიბუტები. მიხარია, რომ ბევრი ისეთი ადამიანი გამოჩნდა, ვინც ახალშექმნილი გუნდის დახმარების სურვილი გამოთქვა. ფორმები ერთმა კარგმა ბათუმელმა, ექიმმა ლევან კალოიანმა გვაჩუქა. მისმა სიკეთემ ბავშვები ძალიან გაახარა, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას.
– რამდენ მოზარდს ავარჯიშებთ , რა ასაკიდან იღებთ ბავშვებს და დღემდე რა მიღწევები გაქვთ?
– ახლა 50 ბავშვი მყავს, ძირითადად, 2010 წელს დაბადებულები. პანდემიის გამო ბევრ გუნდს ვერ შევხვდით, მაგრამ რამდენიმეს მაინც ვეთამაშეთ: თბილისის „აკადემიას“, ქობულეთისა და ჩაისუბნის გუნდებს. შედეგით კმაყოფილები ვართ. საყურებლადაც კარგი გამოვიდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვები კარგად ვითარდებიან. რა თქმა უნდა, ეს არაა საკმარისი, წინ ბევრი საინტერესო თამაში გველოდება. მთავარია, პანდემია დამთავრდეს და ჭაბუკთა ლიგაშიც აუცილებლად გვნახავთ, უცხოთის ტურნირებშიც მივიღებთ მონაწილეობას.
– „ურეხი იუნაიტედს“, როგორც აღნიშნეთ, ახალი მწვრთნელი ჯაბა ჭანტურია ჰყავს, ეს უკვე დიდ გეგმებზე მიუთითებს?
– კი, ნამდვილად ასეა, ნაპოლეონის გეგმები გვაქვს (ეგ ხუმრობით). ჯაბას გეგმის მიხედვით, რჩეული, ნიჭიერი ბავშვების გაწვრთნა ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ, ანუ პროფესიონალ ფეხბურთელებად ჩამოვაყალიბოთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯაბა დააარსებს ახალ კლუბს და ,,ურეხი იუნაიტედის’’ გამორჩეული ბავშვები ნელ-ნელა გადავლენ მასთან, რაც ნიშნავს იმას, რომ წვრთნის ხარისხი ამაღლდება.
– გასაგებია, რასაც გვირჩევდით მშობლებს შვილების ინტერნეტსამყაროდან მოსაწყვეტად, მაგრამ მაინც როგორ დავაინტერესოთ ისინი სპორტით?
– სტადიონი საუკეთესო ადგილია ამისთვის. როდესაც ბავშვები აქ ვარჯიშობენ, შებინდებულზეც kი არ უნდათ სახლში წასვლა. თამაშის დროს ინტერნეტი არავის ახსოვს. ჩემი შვილიც არაა გამონაკლისი, მასაც უყვარს კომპიუტერთან ჯდომა და მობილურით გართობა, მაგრამ ფეხბურთის თამაშის დროს იმდენ ენერგიას ხარჯავს, ამისთვის აღარც დრო რჩება და აღარც ენერგია.
– და ბოლოს , რით შეგვიძლია ჩვენ, უბრალო ბათუმელებს, გვერდით დაგიგდეთ, ელემენტარული მხარდაჭერა და მადლიერება გამოვხატოთ ?
– ბათუმელებს შეუძლიათ მომბაძონ და მსგავსი გუნდი ყველა უბანში, ანუ ბევრი დააარსონ. ამით მივიღებთ ჯანმრთელ თაობას და ქართულ ფეხბურთსაც ეშველება, რადგან დიდი კონკურენცია და არჩევანი გვექნება.

