რამდენს ხარჯავენ პარტიები წინასაარჩევნოდ?
ირმა ცეცხლაძე: 577 20 45 63 –
ყველას აინტერესებს, რა თანხები იხარჯება წინასაარჩევნოდ, რომელი პარტია რამდენს მოიხმარს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებში მოსასვლელად. ფაქტია, რეკლამებსა და სხვადასხვა სახის ღონისძიების მოწყობაში გაცილებით მეტი იხარჯება, ვიდრე იმ ადამიანების გასამრჯელოებისთვის, რომლებსაც დროებით ქირაობენ პოლიტიკური პარტიები. არც ისაა საიდუმლო, რომ შესაძლოა, ადამიანი ერთ პარტიას უწევდეს რეკლამირებას, მაგრამ სულ სხვას მისცეს ხმა ოფიციალური კენჭისყრის დროს. ახლობლებიც ეხმარებიან წინასაარჩევნოდ დასაქმებულებს, ეგზიტპოლების შედგენაშიც მონაწილეობენ, თუმცა თავს არ ივალდებულებენ, რომ საბოლოოდ იმ პარტიას მისცენ ხმა, რომლის წარმომადგენელსაც ტელეფონით გაკონტროლებისას არწმუნებდნენ – თქვენ თუ გვიშველით, აბა, სხვას როგორ მივცემთ ხმასო.
ასეა თუ ისე, უმუშევრობით და მიზერული ხელფასებით გამწარებულმა ქართველობამ პრინციპულობაც დაივიწყა და ყველა ხერხს მიმართავს ოჯახის გამოსაკვებად, თუმცა ამ ფონზე, იმ ციფრებს რომ გადახედავ, რაც იხარჯება არჩევნების ჩატარებისთვის, პრინციპულობაზე კი არა, იქნებ ყველა პოლიტიკოსზეც აგიცრუვდეთ გული (თუ აქამდე არ აგცრუებიათ. . .) და ბოიკოტი გამოაცხადოთ.
გთავაზობთ ციფრებს, რომლებიც გამოაქვეყნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში, სადაც აღნიშნულია, რომ პირველი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა რეკლამასა და შრომით ანაზღაურებაში სულ 22 973 913 ლარი დახარჯეს.
„ქართული–ოცნება დემოკრატიულმა საქართველომ“სულ დახარჯა 10 612 565 ლარი. აქედან- 8 213 467 ლარი რეკლამაზე, ხოლო 39 888 ლარი შრომით ანაზღაურებაზე.
ოპოზიციური პარტიებიდან რეკლამაში ყველაზე მეტი – 1 864 982 ლარი დახარჯა„ნაციონალურმა მოძრაობამ“. ჯამურად მისი ხარჯი 2 მლნ 230 ათას 757 ლარია,საიდანაც 9 ათას 523 ლარი პარტიამ შრომის ანაზღაურებაზე დახარჯა.
პარტიამ„ლელო საქართველოსთვის“აღნიშნულ პერიოდში რეკლამაში დახარჯა 1 მლნ 793 ათას 441 ლარი, მისი ხარჯი სულ 2 მლნ 566 ათას 897 ლარია, აქედან 242 ათას 942 ლარი შრომის ანაზღაურებისთვის მიმართული თანხაა.
რეკლამაზე დახარჯული თანხის მხრივ მესამე ადგილს იკავებს„სტრატეგია აღმაშენებელი“.მისი სარეკლამო ხარჯი 1 მლნ 773 ათას 88 ლარია. ჯამურად ამ პარტიის ხარჯი 1 მლნ 856 ათას 467 ლარს შეადგენს, საიდანაც 3 ათას 824 ლარი შრომის ანაზღაურებაზე მოდის.
„ევროპულმა საქართველომ“ პირველი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში 1 მლნ 634 ათას 575 ლარი გაიღო, ხოლო შრომის ანაზღაურებისთვის – 14 ათას 694 ლარი, რაც ჯამში 2 მლნ 8 ათას 235 ლარია.
„პატრიოტთა ალიანსმა“ რეკლამას 953 ათას 478 ლარი მოახმარა. ჯამურად მისი ხარჯი 1 მლნ 242 ათას 466 ათას ლარს შეადგენს და აქედან 55 ათას 388 ლარი შრომითი ანაზღაურებისთვის გაღებული თანხაა.

