ჩაქვში მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა 13 ჰექტარზე მოეწყობა
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
ბათუმში, ჩაქვის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური ზონა მოეწყობა. როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა და სკვერის მშენებლობა.
იპოდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა ღია და დახურული არენები, ტრიბუნები, ცხენების სადგომი შესაბამისი დამხმარე ნაგებობებით და სცენა სხვადასხვა ღონისძიებისთვის.
ცხოველთა თავშესაფრისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია საზაფხულო და ზამთრის ვოლიერების, ძაღლების სავარჯიშო ტერიტორიის, საკარანტინე და პოსტოპერაციული ბოქსების, ვეტერინარული აფთიაქის, საოპერაციოს, კრემატორიუმისა და სასტუმროს ტიპის ინდივიდუალური ჯიხურების მოწყობა.
რაც შეეხება რეკრეაციულ ზონას, დაგეგმილია ველობილიკების, ინკლუზიური პარკისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, სადაც ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი ბუნებაში დასვენებისა და განტვირთვისთვის.
– თვითმმართველოობამ ძალიან შემჭიდროებულ ვადებში მოახერხა, რომ შეეკრა პროექტი, რომლის განხორციელების შედეგად ბათუმში იქნება ახალი, უნიკალური რეკრეაციული სივრცე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანა ისიც, რომ ის გამოწვევა, რომელიც ასე აწუხებდა ქალაქს, ცხოველთა დამცველებს, თითოეულ ჩვენგანსა და განსაკუთრებით, ტურისტებს – მიუსაფარი ცხოველების პრობლემები საბოლოოდ მოგვარდება, – თქვა ჩვენთან საუბარში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
– ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით მიუსაფარ ძაღლებს, რომლებიც ჩვენი ქალქის ნაწილად იქცნენ. სამწუხაროდ, მათი მოვლა-პატრონობის საკითხი სისტემურ დონეზე არც თუ ისე ეფექტიანია. საკითხი კომპლექსურია და მას გადაჭრა სჭირდება. შინაურ ცხოველთა და საზოგადოების თანაარსებობისთვის აუცილებელია მრავალმხრივი, ყოვლისმომცველი ნაბიჯების გადადგმა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შინაურ ცხოველთა პოპულაციების მართვის ჰუმანურ საშუალებებს ვიყენებთ, წლების განმავლობაში იზრდება მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა. პანდემიის პერიოდმა კი გვაჩვენა, რომ მათ ჩვენი მხარდაჭერა და მაქსიმალური მზრუნველობა სჭირდებათ. დღეს წარმოგიდგენთ სწორედ ისეთ პროექტს, რომლის ფარგლებშიც დაცული იქნება როგორც მოქალაქეთა, ასევე, ცხოველთა უფლებები. ჩვენ ასევე, მზად ვართ, არასამთავრობო სექტორთან ერთად, დავიწყოთ კამპანია ცხოველთა დაცვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, რათა შევცვალოთ საზოგადოების დამოკიდებულება და დავიცვათ მათი უფლებები, – განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა.

