ბიუჯეტის სამი კვარტალის ანგარიში – ხელვაჩაურის საკრებულოში
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე დღეს 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტალის ანგარიში მოისმინეს, რომლის მიხედვითაც შემოსავლების დაზუსტებული გეგმა 14 310 053 ლარი იყო, ფაქტობრივმა შემოსავლებმა კი 12 560 402 ლარი შეადგინა.
მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 9 თვის განმავლობაში 379 326 ლარი დაიხარჯა და 672 ოჯახს გაეწია დახმარება. ჯანდაცვის მიმართულების 9 მიზნობრივი პროგრამით 781 ბენეფიციარმა ისარგებლა, რასაც 370 882 ლარი მოხმარდა, განათლების მიმართულებით კი 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
– მოახერხდა და ბევრ ჩვენს მოქალაქეს დახმარება გაეწია როგორც სოციალური, ისე ჯანდაცვის კუთხით. დროულად მოხდა იმ ადამიანების ქირით გაყვანა, რომელთა სახლებიც მეწყერში მოჰყვა. საბოლოო ჯამში, ეს პროცესები ყველამ ერთად დადებითად შევაფასეთ, – თქვა ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ სალვარიძემ.
მან, ასევე, განცხადება გააკეთა ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ ჟურნალისტისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე.
-ამ შემთხვევაში ვთვლი, რომ ბატონ ჯუმბერს ნერვებმა უმტყუნა, თუმცა მან ბოდიში მოიხადა. ეს იყო ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადება, მერის გადადგომის საკითხი კი არ განიხილება, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში მალხაზ სალვარიძემ.