გიორგი გაბაიძე: უკეთესი საქართველოსთვის ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას
ოთარ ცინარიძე: 599852114 –
მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარულ ოლქში პოლიტიკური გაერთიანებიდან „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ კენჭს იყრის ახალგაზრდა პოეტი, ისტორიული სხალთა-ხიხანის ხეობის მკვიდრი გიორგი გაბაიძე. „აჭარა“ მასთან ინტერვიუს გთავაზობთ.
– ბატონო გიორგი, რა წინაპირობა იყო, რომ გახდით იმ მოძრაობის წევრი, რომელსაც ალეკო ელისაშვილი ხელმძღვანელობს?
– საქართველოში ხშირად ამბობენ, საავადმყოფოში მანამდე არ მიხვალ, სანამ სიკვდილის პირას არ იგრძნობ თავსო. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა იმ კრიტიკულ ზღვარზეა მისული, როცა მისი რეანიმირებაა საჭირო. ჩავთვალე, რომ სანამ არ დაკარგულა ქვეყნის პულსაცია, უნდა ჩავერთო მის გადარჩენასა და გაჯანსაღებაში, ამიტომ შევუერთდი პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ გუნდს. ერთი მხრივ, ჩემზე ძალიან იმოქმედა 20 ივნისის აქციებისას ახალგაზრდებისთვის გამოთხრილმა თვალებმა და იქ მყოფ ადამიანებზე დათვის ტყვიებით დამიზნებით ნადირობამ, მეორეს მხრივ კი – პანდემიის პერიოდში სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ, რაც მომავალი თაობის განათლებითვის მიზანმიმართული ხელშეშლა მგონია.
– საზოგადოება ქვეყნისა და კუთხის პატრიოტად, ნიჭიერ პოეტად გიცნობთ. საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში, როგორ დაიცავთ ეროვნულ ინტერესებს, შემოქმედი ადამიანების პოზიციებს?
– ჩემი პოლიტიკაში მოსვლის ერთადერთი მიზანია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. ჩვენს პარტიას „მოქალაქეები“ ჰქვია და ჩვენი ვალდებულება, საქართველოს პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, იქნება არა მხოლოდ შემოქმედი ადამიანების, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესების დაცვა. კონკრეტულად შემოქმედ ადამიანებს რაც შეეხება, მე როგორც მათ წიაღში გაზრდილს, მათ მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივისცემა მაქვს და, რა თქმა უნდა, როგორც მათი ნაწილი, ყოველთვის გვერდით დავუდგები.
– თქვენი ერთ-ერთი ოპონენტი ტარიელ ნაკაიძეა. იგი ამბობს, რომ არჩევის შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოში ქართველ მუსლიმთა ინტერესების დამცველი იქნება. როგორ შეაფასებთ ამ პოზიციას?
– კონსტიტუცია იცავს ყველა მოქალაქეს, მათ შორის რელიგიურ უმცირესობებს. ისლამური მრწამსის ოჯახში დავიბადე, გავიზარდე და ჩემი მშობლები დღესაც ამ რელიგიის მიმდევარნი არიან. 19 წლის ასაკში დავუბრუნდი ჩვენი წინაპრების რელიგიას, მართლმადიდებლობას. აღდგომას ოჯახში დედაჩემი ტრადიციულად ღებავს კვერცხს და აცხობს პასკას, ხოლო მე და ჩემი და ბაირამის დღესასწაულს ვზეიმობთ ოჯახსა და ნათესავებთან ერთად. შესაბამისად, თუ ჩვენს მოქალაქეებს, ისლამის მიმდევრებს ჩვენს ქვეყანაში დასჭირდებათ დაცვა, მათ დაიცავს ქვეყნის კონსტიტუცია და მათ გვერდით აუცილებლად ვიქნები მეც.
– ისტორიული სხალთა-ხიხანის ხეობის მკვიდრი ხართ, მუსლიმი ინტელიგენტების ოჯახში გაზრდილი, მიიღეთ ნორმალური სწავლა-განათლება, ეზიარეთ მართლმადიდებლობას. ეს საკუთარი გონებისა და გრძნობის კარნახი იყო თუ . . .
– ზემოთ აღვნიშნე, როდის მოვინათლე. ეს შეგნებული ცხოვრების ასაკში გადავწყვიტე და არჩევანზე მეტად ის ისტორიული ვალის მოხდა იყო, რასაც წინაპრების ჭეშმარიტ რელიგიაზე დაბრუნება ჰქვია. „ზარი მხოლოდ ეკლესიის, არა – გლოვის, არა, სამშობლოსთვის გულის ფიცრის მიცემაც არ კმარა“. ეს სტროფი ჯერ კიდევ მაშინ დავწერე, როცა მონათვლას არც კი ვფიქრობდი. მე მშობლებმა გამზარდეს ქვეყნის და ჩვენი ღირსეული წინაპრების სიყვარულითა და პატივისცემით, ამიტომაც ჩემს პირველ ლექსებში ხშირი იყო პატრიოტულ-ქრისტიანული სულისკვეთება, რაც საბოლოოდ წინაპრების რელიგიაზე დაბრუნებაში გამოიხატა.
– 31 ოქტომბრამდე ძალიან მცირე დრო რჩება. უკვე მრავალი საჯარო და კარდაკარ შეხვედრა გქონდათ. რას ითხოვს ამომრჩეველი და როგორი იქნება თქვენი მიდგომა პრობლემებისადმი?
– ჩვენ, პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ გუნდი მაქსიმალურად ვცდილობთ, მივიდეთ ყველა ამომრჩეველთან, ვიყოთ მათთვის ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში გავასაჯაროეთ ჩვენი პირადი ტელეფონის ნომრები და ვისთანაც ვერ მოვახერხეთ მისვლა, გვინდა თვითონ დაგვიკავშირდნენ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ დღეისათვის ყველაზე დიდი პრობლემა არის ხელმისაწვდომობა: მოქალაქეებს, ვისთანაც ვერ მივედით, მოვუწოდებთ, მათთვის საჭირო ნებისმიერ საკითხზე დამიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 555522415 და მე, როგორც მათი მომავალი მაჟორიტარი, როგორც ახლა, ისე პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაშიც, დავიცავ მათ ინტერესებს.
– დღემდე რა შეხება გქონდათ იმ ამომრჩევლებთან, რომელთაც ახლა მხარდაჭერას სთხოვთ?
– მე დავიბადე ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირში, ამ ულამაზეს სოფელში მცხოვრებ ბრძენ და მოსიყვარულე ხალხში გავიზარდე. ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები ხიხაძირში და სარიჩარის მთაში მაქვს გატარებული. სტუდენტობის ასაკში მეგობრებთან ერთად, პროექტ „ლიტერატურული კლუბის“ ფარგლებში, ხშირად ვსტუმრობდი ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის სკოლების მოსწავლეებს მოხალისე მასწავლებლად, მათთან მიმქონდა თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურა და ვცდილობდი, მათი ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად ისინი მეტად ჩამერთო ლიტერატურულ პროცესებში, ლიტერატურულ კონკურსებსა თუ ახალგაზრდულ ბანაკებში. მათთვის მეტი ხელმისაწვდომობისათვის კი ჩვენ შევქმენით ერთ-ერთი პირველი ელექტრონული ბიბლიოთეკა.
– წინასაარჩევნო შეხვედრები, დაძაბული დღეები მალე უკან დარჩება. თუ გაქვთ სურვილი, რომ ეს პროცესები პროზის ან პოეზიის სახით შთამომავლობას დაუტოვოთ?
– პოეზია და შემოქმედებითი შთაგონება ჩემთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფენომენია, რომელშიც ხელოვნურად არასოდეს ვერევი. ამიტომ, თუ შთაგონება მომცემს რაიმეს დაწერის საშუალებას, რა თქმა უნდა, დავწერ, თუმცა პოლიტიკა უფრო საქმე მგონია, ვიდრე პოეზია. ეს ორი ერთმანეთისაგან გამიჯნული მაქვს და ვფიქრობ, არ ღირს მათი ერთმანეთში აღრევა. პოლიტიკა ჩემთვის ქვეყნისთვის გაწეული საქმეა და პოეზიისაგან დამოუკიდებელი, რაციონალური საქმიანობაა. შეიძლება შემოქმედებითობა დამეხმაროს პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტიკა – შემოქმედებაში, ნაკლებ სავარაუდოა.
– იტყვიან, ცდა ბედის მენახევრეაო. არავინ უწყის, ამომრჩეველი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. იმედგაცრუების შემთხვევაში, პოლიტიკაში დარჩებით?
– პოლიტიკა ჩემთვის არც თვითმიზანია და არც სპორტული ინტერესი. ჩვენი გუნდის მიზანი ქვეყნის მომავლის სწორი მიმართულებით განვითარებაა და არ ვაპირებთ, მცდელობა დავაკლოთ ამ მიზანს. სასურველი, ღირსეული შედეგი მხოლოდ სწორი, ნაყოფიერი და ხარისხიანი შრომითა და ბრძოლით მოდის. ჩვენ უკეთესი საქართველოსთვის ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას, რადგან საქართველოს მოქალაქეები უკეთეს საქართველოს ვიმსახურებთ.