კვალიფიციური რჩევები – იტალიაში დასაქმებულ ქართველებს
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
საქართველოდან ქვეყნის მოქალაქეების გადინება ყოველწლიურად იზრდება. მიგრაციის კატასტროფული ზრდა ქვეყანაში შექმნილმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა.
იტალია ის ერთ-ერთი ძირითადი ქვეყანაა, სადაც ქართველებს იმაზე ხშირად შეხვდებით, ვიდრე წარმოგიდგენიათ. აქამდე ემიგრანტებს არალეგალურად უწევდათ მუშაობა, ახლა კი დამალვა აღარ უწევთ, თუმცა მთავარი მაინც სწორი გზის პოვნაა. სწორედ, ამაში ეხმარება ქართველ ემიგრანტებს ინგა სიხარულიძე, რომელიც იტალიაში სოციალური ორგანოს – ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომელია.
დღეს ის ჩვენს მკითხველს მოუყვება, თუ რა ძირითადი პრობლემების წინაშე დგანან ჩვენი თანამემამულენი და რა უნდა იცოდეს იტალიაში ჩასულმა ქართველმა ემიგრანტმა.
– ქალბატონო ინგა, რამდენად სტუმართმოყვარეა იტალია ემიგრანტებისთვის ?
– საემიგრაციო პორტალი კარგა ხანია გახსნილი აქვს იტალიას, თუმცა იყო ჩავარდნაც, ანუ პერიოდი, როცა ემიგრანტების მიღება წელიწადნახევრით შეწყვიტა. ეს ამბავი ფაშისტური პარტიის გამარჯვებასა და შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვანის სახელს უკავშირდება. მატეო სალვანის, როგორც არაჰუმანური მინისტრის, წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მისი გადაყენების შემდეგ გამოსცეს „სანატორია“ ანუ საბუთი, რომელიც ემიგრანტებს ქვეყანაში ლეგალურად მუშაობის საშუალებას აძლევს. ახლახან კი ძალაში შევიდა ახალი საბუთი – „ფლუსი“, რომელიც „სანატორიის“ მაგვარია. იტალიამ ის ემიგრანტებისთვის 12 ოქტომბერს გახსნა, ხოლო, ჩვენი ინფორმაციით, 31 დეკემბერს დახურავენ.
– თუ ფლობთ სტატისტიკას, რამდენად ხშირად ირჩევენ ქართველები ემიგრაციისთვის იტალიას ?
– სტატისტიკა ძალიან მაღალია მანდილოსნების შემთხვევაში, რომლებიც, ძირითადად, ოჯახებში სამუშაოდ ჩამოდიან. სხვა შემთხვევებში, როცა საქმე ოჯახით გადასვლასა და უცხო ქვეყანაში დარჩენას ეხება, ძირითადად, სხვა ადგილებს ირჩევენ, რაზეც ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა.
– ახერხებთ თუ არა ყველა ემიგრანტთან კომუნიკაციას ?
– ნამდვილად ყველა ემიგრანტისთვის მისაწვდომი და ღია ვარ. მაქსიმალურად ვცდილობ თითოეულ მათგანს აღმოვუჩინო დახმარება. ამას, ალბათ თავადვე დაგიდასტურებენ.
– რა არის ყველაზე რთული მათთვის ?
– ენის ბარიერი და კონტრაქტის სწორად გაფორმება. არის შემთხვევები, როცა მათ არ იციან თავისი უფლებები და ამიტომ ხელშეკრულებას ჩვენ ვაფორმებინებთ, ვაცნობთ მას ძირფესვიანად, ამისთვის კი მხოლოდ მომართვაა საჭირო.
– კიდევ რა პრობლემებით მოგმართავენ ემიგრანტები ?
– ხშირია მომართვა საბუთთან დაკავშირებით, თუ რამდენი უნდა გადაიხადონ თავად და რამდენი დამსაქმებელმა. არის შემთხვევები, როცა მათ ამუშავებენ 24 საათის განმავლობაში და შემდეგ ამას ჩვენ დამსაქმებელთან ვარკვევთ. ძირითადად, არ იციან, რა ევალებათ, რა არის მათი ძირითადი საქმე და რისი გაკეთება არ ეკუთვნით.
– რა არის ის მნიშვნელოვანი საბუთი ან საბუთები, რაც უნდა ჰქონდეთ მათ იტალიაში მუშაობისთვის ?
– პასპორტი, კარტა „იდენტიტა“ და „კოდიჩე ფისკალე“, ეს არის ის ყველაფერი, რაც მათ აქ, იტალიაში მუშაბის უფლებას აძლევთ.
– ხშირად არეპორტებენ ქართველებს ?
– შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად, იტალიას დეპორტი არ აქვს, გამონაკლისია შემთხვევა, როცა დააკავებენ მძიმე მუხლით.
– რა უნდა იცოდეს იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა ?
– ყველაზე მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ. დაგვიკავშირდნენ და შეძლებისდაგვარად მოვუგვარებთ ყველა პრობლემას. არაფრის უნდა შეეშინდეთ. ზოგს სტრესში აცხოვრებს დამსაქმებელი ან ქართველი დამხვედრი და ძალადობს მასზე ფსიქოლოგიურად! მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა საბუთი, შეუძლიათ შვილები ატარონ იტალიურ სკოლებში. ახსოვდეთ, რომ იტალიის ნებისმიერ ორგანოში დაიცავენ მათ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, ამიტომ ნუ შეეშინდებათ და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ მათ, ამისთვის არავინ დაარეპორტებთ.
– კიდევ რა რჩევას მისცემდით მათ ?
– თითოეულს, ვინც სამუშაო ადგილად იტალია აირჩია, ვთხოვ არ მიიტანონ გულთან სამსახურის პრობლემები. მიუდგნენ ამ ყველაფერს, როგორც ჩვეულებრივ ამბავს, იცოდნენ მათი სამუშაო დრო და იცხოვრონ თავისუფლად თავისუფალ ქვეყანაში, როგორიცაა იტალია. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ძალიან მინდა ეს თავისუფლება, რომელიც ვახსენე, ჩემს საქართველოშიც ვიგრძნო.