როგორ აისახება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები გლობალურ პოლიტიკაში?
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
საერთაშორისო არენაზე დღეს ყველას ყურადღება გამახვილებულია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ხუმრობა ხომ არ არის – ირჩევენ ზესახელმწიფოს პრეზიდენტს. როგორ აისახება ამერიკის პრეზიდენტის არჩევა გლობალურ პოლიტიკაში? ეს კითხვა აქტუალურია, ვინაიდან აღნიშნული არჩევნების შედეგები გარკვეულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე, მათ შორის საქართველოზეც. „ყველაზე დიდი წარმატება მაშინ მოდის, როდესაც დინების საწინააღმდეგოდ მიცურავ“. ეს სიტყვები აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ ტრამპს ეკუთვნის. როგორც ჩანს, ამ გზავნილით იმის თქმა სურდა, რომ ოპონენტისგან (ბაიდენი) განსხვავებით, ის წინააღმდეგობებს და გამოწვევებს არ უშინდება, რაც მან პრეზიდენტობის პერიოდში დაამტკიცა. ისმის კითხვა – რისი მიღწევა შეძლო დონალდ ტრამპმა საერთაშორისო და საშინაო პოლიტიკაში? ვიდრე ამის შესახებ ვისაუბრებდეთ, მანამდე კანდიდატების შანსებზე ვიმსჯელოთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ეპოქალური იქნება ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების ფონზე. დიდი დემოკრატი, ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ბაიდენი და მოქმედი პრეზიდენტი ტრამპი დგანან ერთმანეთის პირისპირ… განსაკუთრებით თვალსაჩინოა ამ ორი კანდიდატის განსხვავებული შეხედულებები საგარეო და საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მაგალითად, ბაიდენი ამბობს, რომ აშშ-მა უნდა გააგრძელოს მოკავშირეების მხარდაჭერა, მოსკოვს ეკონომიკური სანქციები მანამდე არ მოეხსნას, ვიდრე იგი უკრაინისადმი ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებ, დონალდ ტრამპი კი დროდადრო შოკისმომგვრელ განცხადებებს აკეთებს : ნატო აშშ-ის ფინანსურ დახმარებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, რუსეთი „დიდი შვიდიანის“ კლუბს უნდა დაუბრუნდეს, ყირიმის ოკუპაცია სწორედ ობამას ადმინისტრაციის ბრალია და „გადატვირთვის პოლიტიკა“ გარკვეულწილად, რუსეთის მიმართ კაპიტულაცია იყო… მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო მარათონი დასასრულს უახლოვდება, ჯერჯერობით პროგნოზის გაკეთება ძნელია, რადგან ამერიკაში ყველაფერს საჯარო დებატები წყვეტს, სადაც კონკურენტები საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე მსჯელობენ, პაექრობენ და ჩამჭრელ კითხვებსაც უსვამენ ერთმანეთს. ეს დებატები ამასწინათ გაიმართა და ანალიტიკოსთა თქმით, მეტწილად, ბაიდენისთვის იყო წარმატებული. საშინაო პოლიტიკაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკაა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აშშ-ისსთვის საგარეო ურთიერთობებს აქვს. ამერიკა დღემდე ცდილობს ძლიერი, დემოკრატი, მდიდარი სახელმწიფოს იმიჯი შეინარჩუნოს, ანუ საიმედო პარტნიორია და მსოფლიოს თამაშის წესებს კარნახობს, თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში მომხდარი გლობალური მოვლენების გამო ვაშინგტონი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. საქმე ისაა, რომ თუ გეოპოლიტიკურ სივრცეს ორ ნახევარსფეროდ (ამერიკად და ევრაზიად) დავყოფთ, აღმოჩნდება, რომ აშშ-ის პოლიტიკური გავლენის არეალი ორივე კონტინენტზე შემცირებულია, კერძოდ, რუსეთ-საქართველოს ომის და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ თვალნათელი გახდა, რომ რიგ საკითხებში დასავლეთ ევროპა თეთრი სახლის პოზიციებს ბოლომდე ვერ, ან არ იცავს. ზოგიერთი ექსპერტის შეხედულებით, ამერიკას მყარი პარტნიორები აღარ ჰყავს ევრაზიის კონტინენტზე, თუ არ ჩავთვლით ინგლისსა და ისრაელს. დასავლეთ ევროპა, ინგლისის გამოკლებით, აშშ-ის მიმართ ყოველთვის მერკანტილურად იყო განწყობილი, ბოლო დროს ეს სულ უფრო ხშირად ჩანს, მით უფრო, რომ მსოფლიოში რამდენიმე ღია თუ ფარული კონფლიქტია და არც ცენტრალურ აზიაშია ომის საფრთხე შორეული პერსპექტივა, რუსეთი კი კვლავ აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას . . . ამ მხრივ ახალმა კორონავირუსსმა აშშ-ის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა, რაშიც ბაიდენი ტრამპს ადანაშაულებს. ამ მიმირთებით ჯერჯერობით, რუსეთის „გაკეთილშობილებაზე“ საუბარი ნაადრევია. არადა, კარგად გვახსოვს, ამ კუთხით როგორ აკრიტიკებდა თავის დროზე ტრამპი ობამას და მას რუსეთისადმი ლოიალობაში ადანაშაულებდა, თუმცა მისი პრეზიდენტობის ოთხწლიან პერიოდში ვერც მან შეძლო რუსეთის ამბიციების მოთოკვა. მიუხედავად ტრამპისა და პუტინის ცივილური ურთიერთობისა, აშკარაა, რომ ორ სახელმწიფოს შორის „ცივი ომი“ მძვინვარებს. ეს გამოიხატება ერთი მხრივ, რუსეთის მიმართ გამკაცრებულ სანქციებში და მეორე მხრივ, რუსი პოლიტიკოსების ანტიამერიკულ განცხადებებში. ისინი დაუფარავად საუბრობენ, რომ აშშ-ს რუსეთის დაშლა სურს, რის გამოცკრემლმა ადეკვატური ნაბიჯები უნდა გადადგას დასავლეთის წინააღმდეგ. თავის მხრივ, ტრამპი აცხადებს, რომ მისი მმართველობის დროს აშშ გაძლიერდა როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით, რასაც მოწმობს თუნდაც “აისისი”-ის მებრძოლების დამარცხება, ჩრდილო კორეასთან შეთანხმება ბირთვულ იარაღთან მიმართებით, ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობა და ა. შ. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ გარკვეული მიზეზების გამო მოვლენები კრემლისთვის სასარგებლოდ წარიმართა. დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა, თურქეთი საეჭვოდ დაუახლოვდა რუსეთს, გერმანია და საფრანგეთი კრემლის მიმართ ლოიალურნი გახდნენ. ამ ფონზე თუ აშშ რუსეთის ინტერესებს დააკმაყოფილებს, მაშინ ჩრდილოელ მეზობელს აღარ გაუჭირდება საქართველოს დამორჩილება, რაც ჩვენმა პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ. დღეისათვის არჩევნების შედეგების პროგნოზირება ექსპერტებს შეუძლებლად მიაჩნიათ. ცხადია, ბრძოლა დაძაბული იქნება და მისი შედეგი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელი საკითხია ამომრჩევლისთვის გადამწყვეტი. სხვადასხვა სოციალური კვლევების თანახმად, ბაიდენი ტრამპს 5 პროცენტით უსწრებს. რითაა ეს გამოწვეული? ანალიტიკოსთა თქმით, უმთავრესად, ეს კოვიდ-19-ს უკავშირდება, აშშ მოუმზადებელი დახვდა პანდემიას. თავის მხრივ ტრამპი აცხადებს, რომ მან ამერიკა ახალ სიმაღლეზე აიყვანა და ამის არდანახვა უმადურობაა. პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს, რადგან ორივე მათგანს გააჩნია ინტერესი საქართველოს მიმართ . . . ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს, თუმცა ცხადია, რომ ამერიკის მომავალ პრეზიდენტს მნიშვნელოვანი საკითხების (სირიის კონფლიქტი, რუსეთის ამბიციების მოთოკვა, ახალ კორონავირუსთან გამკლავება და ა. შ.) მოგვარება მოუწევს, რამდენად წარმატებულად გადაწყვეტს აშშ ამ საკითხებს, მეტწილად, მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს, მომავალს განსაზღვრავს, იმედია, ეს მომავალი საქართველოსთვის სასიკეთო იქნება, რაც ოკუპირებული ტერიტორიების (აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის) დეოკუპაციასა და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში საქართველოს გაერთიანებას გულისხმობს.