ბათუმის მერია – ქალაქში ავტოპარკის განახლების, ახალი სატრანსპორტო სისტემის დამკვიდრებისთვის და რეგულაციების შესრულებისთვის
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც თანამედროვე ტიპის ელექტროავტობუსები უკვე კვირაზე მეტია, რაც მოძრაობს. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა სულ 8 ერთეული ელექტროავტობუსი შეიძინა, ისინი №13 და №14 ავტობუსების მგზავრებს მოემსახურებიან. ელექტროავტობუსები ბელარუსიდან ჩამოიყვანეს. ისინი 70 მგზავრზეა გათვლილი. 9,5 მეტრი სიგრძის თანამედროვე სტანდარტების ელექტროავტობუსებში 24 დასაჯდომი ადგილია და სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ტრანსპორტში დამონტაჟებულია გათბობა და კონდიცირება, ხმოვანი სისტემა და ვიდეოკამერები. ელექტროავტობუსი დამუხტვის გარეშე 25 კილომეტრ მანძილს გადის. ბათუმისთვის 8 ელექტროავტობუსის შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საერთაშორისო ტენდერის საშუალებით განხორციელდა. მათ შესაძენად 3 მილიონ 777 ათასი ევრო დაიხარჯა. აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდმა, რომლის უმსხვილესი დონორები არიან ევროკავშირი და შვედეთი, 1 მილიონ 500 ათასი ევრო გრანტის სახით გამოყო, დარჩენილი თანხა კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკის შეღავათიანი სესხია.
ბათუმში ავტოპარკი 2018 წლიდან ახლდება და ამ ეტაპზე ქალაქს 150-ზე მეტი ავტობუსი ემსახურება. № 13 ავტობუსის მოძრაობის მარშრუტი შემდეგია: ლერმონტოვის, ბაგრატიონის, შარტავას, გორგილაძის და ბარათაშვილის ქუჩები, № 14 კი ჯავახიშვილის, ბაგრატიონის, შარტავას, ხიმშიაშვილისა და კაჩინსკების ქუჩების გავლით ახალი ბულვარისკენ მოძრაობს. უფრო დეტალურად აღნიშნულთან დაკავშირებით ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი გვესაუბრა:
– ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება. 2018 წელს ჩვენ შემოვიყვანეთ ახალი, 40 ერთეული ავტობუსი, რომლითაც მნიშვნელოვანწილად განახლდა ავტოპარკი. ერთი კვირის წინ ხაზზე დაეშვა რვა ელექტროავტობუსიც. ეს არის ულტრათანამედროვე, სრულიად უსაფრთხო ტრანსპორტი როგორც გარემოსთვის, ასევე ადამიანებისათვის. მას აქვს წინა და უკანა ხედვის კამერა, ასევე, სალონიც კამერებით არის აღჭურვილი. ავტობუსები შშმ პირებზე სრულად ადაპტირებულია, აქვს თანამედროვე კონდიცირების სისტემა. სამომავლოდ ასამდე ერთეული ავტოსატრანსოპრტო საშუალების, რომელიც ან ამორტიზებული, ან უსახური და მოძველებულია, პერიოდულად ჩანაცვლება იგეგმება როგორც ელექტრო, ისე თანამედროვე, ახალი ავტობუსებით. ელექტროავტობუსები საკმაოდ ძვირი ღირს, აქედან გამომდინარე, რა რესუსრსიც გვექნება, იმის შესაბამისად ვიმოქმედებთ. მოგეხსენებათ, ახალ სატრანსპორტო სისტემაზე გადავდივართ, რომელიც ქალაქში მეტი სივრცისა და თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა. ჩვენს თანაქალაქელებს და ქალაქის სტუმრებს უნდა შევუქმნათ კომფორტული გარემო და აუცილებელია, ავტოტრანსპორტით მგზავრობა უსაფრთხო იყოს. ამ ყველაფერს, ბუნებრივია, სათანადოდ აღჭურვილი და განახლებული ავტოპარკი სჭირდება. ამისათვის დღეს ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან და იმ ადამიანებთან, ვისაც ამ კუთხით საეთაშორისო გამოცდილება აქვს, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვაპირებთ „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემების მოწყობასაც.
– არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის რა ღონისძიებები ტარდება?
– კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, ყველა ტრანსპორტს და ავტოპარკს უტარდება დეზინფექცია. მოთხოვნების შესაბამისად მძღოლების კაბინები არის სრულად იზოლირებული მგზავრებისაგან. სადეზიფექციო ხსნარების ტერმინალები არის განთავსებული ყველა ავტობუსში და ამავდროულად, ჩვენი მუნიციპალური სამსახური, შესაბამის სამსახურებთან ერთად, უზრუნველყოფს, რომ რეკომენდაციების შესაბამისად იყოს დაცული დისტანციები მგზავრთა შორის. კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე არის კონკრეტული გათვლა. მიკროავტობუსებში ხალხის უფრო ნაკლები რაოდენობა დაიშვება. დიდ ავტობუსებში მეტრი, მეტრ-ნახევარი დისტანცია არის სრულიად საკმარისი, რათა ჯანდაცვის სექტორის მითითებები არ დაირღვეს და ავტობუსებიც იძლევა ამის საშუალებას. ყველა მძღოლს მიცემული აქვს რეკომენდაცია, არ დაძრას ავტობუსი მანამ, სანამ მოქალაქე პირბადეს არ გაიკეთებს. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი მძღოლის მოთხოვნას არ დაემორჩილება, ზედამხედველობის სამსახური რეაგირებას მოახდენს. პირველ ჯერზე გაფრთხილებას მისცემს, შემდეგ კი საჯარიმო სანქციებს აამოქმედებს. ყოველდღიურად მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფები როგორც სატრანსპორტო საშუალებებში, ასევე გაჩერებებზე ინსტრუქტაჟს უტარებენ ჩვენს მოქალაქეებს, რათა ცნობიერება ამაღლდეს და თვითშეგნება გაიზარდოს ამ მიმართულებით, რადგან ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა მოქალაქეები ამ რეკომენდაციებს არ იცავენ.
– გამოთავისუფლებულ ავტობუსებს რა ბედი ეწევა?
– რამდენიმე ავტობუსი, რომელიც მწყობრიდან იყო გამოსული და პრაქტიკულად საფრთხის შემცველია როგორც გარემოსთვის, ისე გადაადგილების მხრივ, ჩამოიწერება და მათი, როგორც ქონების, გასხვისება მოხდება აუქციონის გზით, შესაბამისი პროცედურებით. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით კი, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია, ვიმსჯელებთ სხვადასხვა სუბიექტისთვის გადაცემაზე, ან კვლავ აუქციონით გასხვისებაზე, რადგან შესაძლებელია, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სხვა მუნიციპალიტეტებმა ისარგებლონ იმ ავტოტრანსპორტით, რომელიც ქალაქისთვის უკვე მოძველებულია, თუმცა ჯერ კიდევ შეიძლება მათი გამოყენება.
– არჩევნების დღე ახლოვება, შესაბამისად, ქალაქში მგზავრთა ნაკადი გაიზრდება. კონკრეტული ღონისძიებები თუ იგეგმება რეგულაციების დაცვის კონტროლის მხრივ?
– არჩევნების დღესთან დაკავშირებით იქნება უზრუნველყოფილი ტრანსპორტის უწყვეტი მოძრაობა, მუნიციპალური სამსახურები სრული სიმკაცრით განახორციელებენ კონტროლს ტრასპორტში პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ ყველას, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და გაითვალისწინონ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები. პირბადის ტარება ქვეყანაში არის სავალდებულო, ამით ჩვენ დავიცავთ როგორც საკუთარ, ასევე ჩვენი ახლობლების სიცოცხლეს.