ბათუმის სტადიონი ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვების საფუძველი გახდება
მანანა ძიძიშვილი: 598 24 94 97 –
ზუსტად 14 წელია ფეხბურთის ბათუმელი გულშემატკივარი (არა მხოლოდ) ელოდა ახალი სტადიონის აშენებას. როგორც ცნობილია, წინა ხელისუფლებამ ბათუმის ძველი (თუმცა ადგილმდებარეობით უნიკალური) სტადიონი 2006 წელს დაანგრია ისე, რომ ახლის აშენებაზე არც კი უფიქრია. სასიხარულოა, რომ ბოლოსდაბოლოს, 2018 წლის იანვარში, დაიწყო ახალი სტადიონის მშენებლობა. ორმაგად სასიხარულო კი ის აღმოჩნდა, რომ იგი უეფას სტანდარტებით მეოთხე კატეგორიის უნდა ყოფილიყო. 2020 წლის 28 ოქტომბერი ჩვენი ქალაქის ისტორიაში ღირსახსოვარ თარიღად შევა – სწორედ ამ დღეს გაიხსნა ოფიციალურად ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონი, რომელიც 20 ათასს მაყურებელზეა გათვლილი. ამ დღისთვის ბათუმში ჩამოვიდნენ ოფიციალური და არაოფიციალური პირები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პირველი იყო, ვინც სატდიონზე შეკრებილ 200-კაციან ჯგუფს მიესალმა და სტადიონის გახსნა მიულოცა. პანდემიის გამო გახსნის ცერემონია მოკრძალებულად ჩატარდა. იგი პირდაპირი ეთერით გადაიცა. პრემიერის გარდა ეს მნიშვნელოვანი დღე ყველას მიულოცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვეტერანმა ფეხბურთელებმა ალექსანდრე ჩივაძემ და რევაზ ჩელებაძემ.
-დღეს ფეხბურთის ძალიან ბევრი გულშემატკივრის ოცნება ახდა – ვზეიმობთ შესანიშნავი სტადიონის გახსნას. მიუხედავად ამ მძიმე პანდემიისა, ჩვენ ვაშენებთ და ვხსნით ახალ სტადიონებს, ახალ საზღვაო აკადემიას, ვაგრძელებთ ქვეყნის გაზიფიცირებას, ვაგებთ გზებს და ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ასე უნდა გავაგრძელოთ. მოგეხსენებათ, რომ ეს სტადიონი უნდა გახსნილიყო ბევრად უფრო საზეიმო გარემოში, სავსე ტრიბუნებით, მაგრამ, სამწუხაროდ, კოვიდის პანდემიიდან გამომდინარე, ეს ვერ მოვახერხეთ. ვინაიდან ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ჩვენს სპორტსმენებს ეს სტადიონი უკვე დასრულებული სჭირდებათ, უნდა მივცეთ მათ აქ ვარჯიშის, თავიანთი პროფესიონალიზმის განვითარების შესაძლებლობა, რათა ჩვენს ქვეყანას მოუტანონ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები. ამიტომ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ უკეთეს დროს, უკეთეს პერიოდში ჩვენ აქ მოვაწყობთ დიდ ზეიმს, დიდი გამარჯვებების ზეიმს. ყველას მოგეხსენებათ, რომ ეს სტადიონი „ხორუმის“ აქცენტებითაა აშენებული. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ფეხბურთელისთვის ეს „ხორუმი“ შემდგომი გამარჯვებების ინსპირაცია იქნება, თითოეული ქართული გუნდისთვის. „ხორუმი“ არის სიმბოლო ქართული მებრძოლი ხასიათისა და მინდა იცოდეთ, რომ ყველანი ერთად ჩვენი მომავლისთვის ვიბრძოლებთ, ამ „ხორუმის“ ჰანგებით გავიმარჯვებთ ყველა მიმართულებით, დავამარცხებთ ეპიდემიასაც, ეკონომიკურ კრიზისსაც, ჩავატარებთ არჩევნებსაც და ყველანი ერთად სავსე ტრიბუნებით ვიზეიმებთ ჩვენი ფეხბურთელების წარმატებებს. გილოცავთ ამ სტადიონის გახსნას და გისურვებთ დიდ გამარჯვებებს, – განაცხადა თავის სიტყვაში საქართველოს პრემიერმა.
საზეიმო გახსნაზე მოსულ სტუმრებს მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ:
– მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, განსაკუთრებით ბათუმსა და ბათუმელებს, ფეხბურთის გულშემატკივრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ დღეს ბათუმი და ბათუმელები, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ჩვენი „პირატები“ 14 წელი ელოდნენ და დღეს ახდა მათი ოცნება. განვიცდით, რომ დღეს ვერ შევძელით სავსე ტრიბუნებით გაგავეხსნა ეს ულამაზესი სტადიონი, თუმცა ძალიან მალე, როგორც შევპირდით გულშემატკივრებს, ფართომასშტაბიან საზეიმო ვითარებაში გავხსნით და არაერთ მნიშვნელოვან მატჩს ვუმასპინძლებთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას – არქიტექტორებს, ინჟინრებს, კომპანიებს, მშენებლებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ საქვეყნო საქმეში, ასევე მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც გვერდით გვედგა ამ პროექტის განხორციელების დროს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მთავარი იყო, ეს 14 წლის ნატვრა ძალიან მალე ახდენოდათ ბათუმელებს და დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან ბევრნი და ხშირად ივლიან ამ სტადიონზე, იზეიმებენ არა მხოლოდ ბათუმის, არამედ ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებებს. მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს ლეგენდარულ ფეხბურთელებს, მადლობა გადავუხადო იმ წვლილისთვის, რაც მათ ფეხბურთის განვითარებაში შეიტანეს, უკვე მოქმედ და მომავალ ფეხბურთელებს კიდევ მეტი გამარჯვება და წარმატება ვუსურვო, ისევე როგორც ჩვენს კუთხეს – აჭარას და მთლიანად ჩვენს ქვეყანას, საქართველოს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა თავის სიტყვაში განაცხადა:
დღეს ვარ ამაყი, რადგან თითოეული ბათუმელისთვის და არა მხოლოდ, სტადიონის გახსნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველანი, განსაკუთრებით ბათუმელი გულშემატკივრები, მოუთმენლად ელოდნენ ამას. მივიღეთ შესანიშნავი სტადიონი, რომელიც უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს, სადაც შეგვიძლია არა მარტო საკლუბო, არამედ სანაკრებო დონეზე უმაღლეს მატჩებს ვუმასპინძლოთ, ასევე, სხვა – არასაფახებურთო, მნიშვნელოვან ღონისძიებებსაც. დიდი პატივია ჩემთვის დღეს აქ დგომა და სიტყვით გამოსვლა. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა ამ ოცნების ახდენაში. ამ ქალაქს სჭირდებოდა სტადიონი უკვე რამდენი წელია. სტადიონი კი არა, ფეხბურთის მოედანიც კი არ ჰქონდა და მეამაყება, რომ ეს ყველაფერი ერთად შევძელით. მადლობა თითოეულ თქვენგანს, მადლობა ბატონებს გიორგი გახარიას, თორნიკე რიჟვაძეს, კახი კალაძეს, თითოეულ ვეტერან ფეხბურთელს მხარდაჭერისთვის და დარწმუნებული ვარ, ეს სტადიონი ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვების საფუძველი გახდება.
ბათუმს ამ აზეიმო დღეს რამდენიმე ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი ეწვია, მათ შორის, ალექსანდრე ჩივაძე, რევაზ ძოძუაშვილი, ვახტანგ (ტუხა) ქორიძე, ოთარ გაბელია, ნუკრი კაკილაშვილი, გელა კეტაშვილი, ნოდარ ხიზანიშვილი.
ალექსანდრე ჩივაძე, ვეტერანი ფეხბურთელი:
– ჩემთვის უჩვეულოა ცარიელი ტრიბუნების წინ გამოსვლა, მაგრამ მიხარია, რომ საქართველოში, ბათუმში, ჩვენთვის უსაყვარლეს ქალაქში ასეთი ბრწყინვალე საფეხბურთო სტადიონი აშენდა. აქ სხვა ვეტერანი ფეხბურთელებიც ჩამოვიდნენ. ვსაუბრობდით და თითოეულმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში, რომელიც მოვლილი გვაქვს და ბევრი სტადიონი გვინახავს, ეს როგორღაც გამორჩეულია, ჩვენებურია, პლუს საფეხბურთოა. აქ ნორჩ ფეხბურთელებს ვხედავ და მინდა ვუთხრა, რომ მათ ასაკში ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო ასეთ სტადიონზე თამაშის შესაძლებლობა. დღეს ეს რეალობაა. დარწმუნებული ვარ, რომ მასზე ბათუმის დინამოელები გააუმჯობესებენ თამაშს, ხარისხს აიმაღლებენ, ამ სტადიონს უხარისხო ფეხბურთი არ მოუხდება. იმედი მაქვს, რომ აქ საქართველოს ფეხბურთის ყველა ასაკობრივი ნაკრებები ჩამოვლენ და სიამოვნებით ითამაშებენ და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას. ისევ დაუბრუნდება დიდება ქართულ ფეხბურთს. დინამოელებს ვთხოვ, რომ მოინდომონ, რადგან ასეთ მინდორს ცუდი თამაში არ ეკადრება.
რევაზ ჩელებაძე, ვეტერანი ფეხბურთელი:
– ჩვენი კუთხის ოცნება ასრულდა, სასწაული გაკეთდა. ასეთი სტადიონი ამიერკავკასიაში არაა. ჩვენ გვაქვს ყველაზე მაგარი სტადიონი. ყველას ვულოცავ, ჩვენს ვეტერანებს, ახალგაზრდებს, მომავალ თაობას. მადლობა მინდა გადაგიხადოთ. თქვენ დიდი საქმე გააკეთეთ. მადლობა, ვინც პატარა აგური მაინც ჩადეთ ამ საქმეში. ვუსურვებ ჩვენს ნორჩ ფეხბურთელებს ისეთი ვარსკვლავები გამოსულიყვნენ, როგორებიც დღეს აქ გვესწრებიან, ზოგი, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარაა. ჩემთვის ბედნიერი დღეა. ვღელავ და სათქმელს ისე ვერ ვამბობ, როგორც საჭიროა. ეს ქართულ ფეხბურთში კიდევ ერთი წინგადაგმული ნაბიჯია და უფალს ვთხოვ, 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრების დიდი და ლამაზი ფეხბურთის მომსწრე გავმხდარიყავით, სასურველი შედეგით.
კახი კალაძე, ვეტერანი ფეხბურთელი:
– მეც, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და გუნდის კაპიტანი, მინდა შევუერთდე ამ მილოცვებს. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში, საქართველოში ასეთი ძალიან მაღალი დონის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მას არაერთი წელი ელოდა ადგილობრივი მოსახლეობა, გულშემატკივარი. გვახსოვს ის წლები, როცა ძველი სტადიონი დაანგრიეს და ყველა მოლოდინით ცხოვრობდა, რომ ეს ოდესმე გაკეთდებოდა. სიტყვებს და ემოციებს ვერ მალავ, რადგან ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. მინდა ბათუმის „დინამოს“, საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს, ყველას, ვისაც მოუწევს ამ შესანიშნავ სტადიონზე თამაში, წარმატებები ვუსურვო. რა თქმა უნდა, დღევანდელი ღონისძიება სხვა ფორმით უნდა გამართულიყო, მაგრამ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მხოლოდ სიმბოლურად მოგვიწია ამ მშვენიერი ინფრასტრუქტურული პროექტის – ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გახსნა, მაგრამ მინდა პირობა მივცე ბათუმელ და საერთოდ, ქართველ გულშემატკივარს, რომელსაც ძალიან უყვარს ფეხბურთი, რომ როგორც კი ეპიდემიური მდგომარეობა დასტაბილურდება, ჩვენ აქ ჩამოვიყვანთ მსოფლიო ვარსკვლავებს და გავმართავთ იმ ამხანაგურ შეხვედრას, რომელიც დაგეგმილი გვქონდა. საქართველოში ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას, წინსვლას და აღმშენებლობას.
საქართელოს სახელმწიფო ჰიმნი ერთად შეასრულეს ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელამ (ქორმაისტერი ლელა დოლიძე) და მომღერლებმა ოთარ ნაკაშიძემ, სოფო ხალვაშმა და სულხან ჯაიანმა.
შეკრებილებს მიმართა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა:
– ეს ისტორიული დღე უნდა მივულოცო თითოეულ ბათუმელს, ჩვენი რეგიონის მაცხოვრებელს და მთლიანად საქართველოს, ფეხბურთის გულლშემატკივარს და ვფიქრობ, დღეს ამ ემოციით ყველანი ერთად ვართ, რასაც ჰქვია სიამაყე – ჩვენს ქალაქს უკვე აქვს ამ კატეგორიის შესანიშნავი სტადიონი. გვეძლევა უდიდესი შესაძლებლობა, არაერთი სახელგანთქმული ახალგაზრდა ფეხბურთელი აღიზარდოს ჩვენს ქვეყანაში. ვუსურვებ გაამარჯვებებს ჩვენს ფეხბურთელთა გუნდს.
რევაზ ძოძუაშვილი, ვეტერანი ფეხბურთელი:
-მინდა მივულოცო აქამდე გულდაწყვეტილ ბათუმელებს ეს გენიალური, ულამაზესი სტადიონი, გულდაწყვეტილებს იმ ანტიკვარული სტადიონის დანგრევის გამო. მისი დანგრევა დიდი გულისტკენა იყო, მაგრამ ამ სილამაზემ ყველაფერს გადაუსვა ხაზი. ეს ახალგაზრდა ბიჭები გვენახოს ევროპის, მსოფლიოს, ოლომპიურ ჩემპიონებად და რაც ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებმა წარსულში გააკეთეს – მსოფლიო დონის ფეხბურთს რომ თამაშობდნენ, ის შედეგი გაემეორებინოთ, კიდევ უფრო მეტისთვის მიეღწიოთ ამ შესანიშნავ სტადიონზე.
ლევან ნოდია, ვეტერანი ფეხბურთელი:
– ვინც დღეს აქ ჩამოვედით, ყველანი გახარებულნი ვართ. ბათუმი ყოველთვის იყო და იქნება დიდი ფეხბურთელების სამჭედლო, როგორებიცაა: ანზორ კავაზაშვილი, რეზო ჩელებაძე, ტუხა ქორიძე, გარი ქიქავა. . . ძალიან მიხარია, რომ დღეს ბათუმში ასეთი ლამაზი სტადიონი გაკეთდა. ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნის წინსვლისთვის. სტადიონი ხელს შეუწყობს დიდი ფეხბურთელების გაზრდას. ტრადიცია გაგრძელდება, ჩვენ ვიხილავთ მსოფლიო დონის ფეხბურთელებს.
ზურაბ პატარაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში:
-სიტყვა იქცა საქმედ – ბათუმს აქვს არაჩვეულებრივი, სრულიად თანამედროვე სტადიონი, სადაც გაიმართება არა მარტო საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები, არამედ კულტურულიც. იგი სრულიად საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ყველას ახალი სპორტული ნაგებობა. წარმატება ვუსურვო ჩვენს გუნდს.
– ტუხა ქორიძე, ვეტერანი ფეხბურთელი:
– ვულოცავ მთელ ბათუმს ასეთ ლამაზ სტადიონს, ღმერთმა ქნას, ამ მინდორზე კარგი ფეხბურთელები გაზრდილიყვნენ, მაყურებელს კი ვუსურვებ, საუკეთესო შეხვედრების მომსწრეები გამხდარიყვნენ, ბათუმის „დინამო“ ჩემპიონად მოგვევლინოს.
არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი:
– ვულოცავ ბათუმელებს, სპორტის გულშემატკივარს ამ დღეს, ვინაიდან ეს უპრეცენდეტო მოვლენაა თანამედროვე ქართული სპორტის, ბათუმის ისტორიაში. უნიკალური სპორტული არენააა, რომელზეც, მჯერა, ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ.
ლევან ქორიძე, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი:
– საზეიმო დღე გვაქვს, რადგან ამიერიდან ახალგაზრდები სიხარულით ითამაშებენ ფეხბურთს. სტადიონის არქონის გამო ბევრი ტალანტი დაიკარგა. ბათუმს და მთელ ქვეყანას ვულოცავ ამ დღეს.
givi gagua, gulSematkivari:
– გასახარია, რა თქმა უნდა, რომ ასეთი რამ ხდება ჩვენს ქალაქში. რამდენი წელია ვითხოვთ სტადიონის აშენებას. მშვიდობიან აქციებსაც ვმართავდით. დღეს უღრმეს მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ოდნავი წვლილი მაინც შეიტანა მის აშენებაში. სტადიონი ჰაერივით სჭირდებოდა ჩვენს ქალაქს. სტადიონი გულშემატკივრებს ეკუთვნით და მათი თანდასწრებით უნდა გახსნილიყო, მაგრამ. . . გვაქვს იმედი, რომ ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება და გაიხსნება ისე, როგორც ეკადრება ამ არაჩვეულებრივ სპორტულ ნაგებობას. მჯერა, რომ აქ ბევრ კარგ თამაშს ვუგულშემატკივრებთ.

