თორნიკე რიჟვაძე: დაახლოებით, 5 კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი ცდილობდა ჩემთვის ხელი შეეშალა, მაგრამ ისინი ვერასოდეს შემიშლიან ხელს ვერც მე და ვერც ჩემს პოლიტიკურ გუნდს
ირმა ცეცხლაძე: 577 20 45 63 –
ჩაქვში ძალოსნებისთვის სავარჯიშო ბაზის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: „დღეს დავიწყეთ მულტიფუნქციური დარბაზის მშენებლობა ძალოსნებისთვის. დარწმუნებული ვარ, არსებულზე მეტი წარმატება ექნებათ ჩვენს ძალოსნებს, რადგან გამარჯვებების მოპოვებას ახერხებდნენ ძველი დარბაზის ბაზაზეც კი. თანამედროვე სპორტულ კომპლექსში სპოტსმენები, ცხადია, უკეთ შეძლებენ საკუთარი პოტენციალის გამოვლენას და გაცილებით მეტ სახელს და ჯილდოებს მოუტანენ ჩვენს რეგიონს და ქვეყანას.“
შეხვედრაზე მისულმა ჟურნალისტებმა, აჭარის პირველ პირს სოფელ „დიდაჭარაში“ მომხდარი ინციდენტის შესახებ კომენტარი სთხოვეს.
შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და „ქართული ოცნების“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველ ნომერს – თორნიკე რიჟვაძეს 28 ოქტომბერს, სოფელ დიდაჭარაში წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალური ქსელით ლაივში გადაიცა. კერძოდ, ხულოში, სოფელ დიდაჭარაში მისულ თორნიკე რიჟვაძეს თავდაპირველად ფირუზ წულუკიძემ მიმართა, რომ სოფელი დაეტოვებინა. ეს მოთხოვნა სხვებმაც გაიმეორეს.
ფირუზ წულუკიძე მსოფლიო ჩემპიონია და რამდენჯერმეა გასამართლებული. ამჟამად, მისი ძმა – რეზო წულუკიძეა ბრალდებული. ბრალდებულების – რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებზე ფირუზ წულუკიძემ თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ. ფირუზ წულუკიძის მტკიცებით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა დავით რიჟვაძე მართავდნენ.
ფეისბუქით გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, სოფელ დიდაჭარაში შეხვედრის დროს თორნიკე რიჟვაძემ ფირუზ წულუკიძეს „ცალკე დალაპარაკება“ შესთავაზა, რაზეც ფირუზ წულუკიძემ უარი უთხრა.
ამ საკითხზე ჟურნალისტებს თორნიკე რიჟვაძემ მოკლე განმარტება მისცა პირდაპირ ეთერში: „ნაცმოძრაობის მიერ ანგაჟირებული 4-5 „ჟულიკი“ მოძრაობას ვერ შემიზღუდავს. გუშინ მოვიარე არა მხოლოდ დიდაჭარა, არამედ მაღალმთიანი აჭარა: ხულოშიც ვიყავი და გოდერძიზეც ავედით. როდესაც პოლიტიკურ ძალას – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს არ გააჩნიათ არანაირი სხვა გზა და შანსი, ყურადღების მიქცევას ცდილობენ მსგავსი გამოხდომებით. ამით სურთ პოლტიკური პროცესი და საარჩევნო გარემო დააზიანონ. . . პრინციპში, განსაკუთრებულ სიამოვნებას ვიღებ, როდესაც ნაცკლასტერი კაკანებს ჩვენს ყველა გადადგმულ ნაბიჯზე. „ქართულ ოცნებას“ მათი არ გვეშინია, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ორ დღეში ვიზეიმებთ არჩევნებში გამარჯვებას. დაახლოებით 5 კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი ცდილობდა ჩემთვის ხელი შეეშალა, მაგრამ ისინი ვერასოდეს შემიშლიან ხელს ვერც მე და ვერც ჩემს პოლიტიკურ გუნდს, გავაკეთოთ ის, რაც ჩვენი მოვალეობაა და რაც ქვეყნისთვის და ხალხისთვისაა აუცილებელი.“

