შეღავათები დამტკიცდა
ირმა ცეცხლაძე: 577 20 45 63 –
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ქესატად დარჩენილი საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა იმედით შეჰყურებდა ნოემბრის დადგომას, რადგან სწორედ ამ თვიდან, თებერვლის ჩათვლით, მთავრობა დაგვპირდა ჩვენი კომუნალური გადასახადების გადახდას, თუკი ოჯახი არ გადაამეტებს დათქმულ ზღვარს. ამასთან, გაჩნდა მოსაზრებებიც, თითქოს ზემოთქმული შეღავათი არ დაწესდებოდა, თუკი ამომრჩეველი 31 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ არ მისცემდა ხმას, რაზეც მმართველმა გუნდმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ყველაფერი გაწერილია, განსაზღვრულია და ვინც არ უნდა მოვიდეს ქვეყნის სათავეში, ვერავინ შეცვლის შეღავათებს.
ამან, ცხადია, ერთის მხრივ დაამშვიდა ამომრჩეველი, მეორე მხრივ, რაღაც ეჭვი მაინც დარჩა, მით უმეტეს, რომ ამდენ ხანს არაფერი ცხადდებოდა შეპირებულ შეღავათებზე. დღეს კი, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ოფიციალურად განაცხადა, რომ „პირველი ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები ანაზღაურდება“. მისი თქმით, მოქალაქეებს, ვისაც აღნიშნული დახმარება არ სჭირდებათ, შეუძლიათ საკუთარი განცხადების საფუძველზე მასზე უარი თქვან.
„პირველი ნოემბრიდან იწყება კომუნალური გადასახადების ანაზღაურება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც მოიცავს ზამთრის პერიოდს. ეს იქნება ნოემბრიდან ოთხი თვე. ეს მხარდაჭერა შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200კვ-მდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება.
ეს ის მინიმუმია, რითაც დღეს მთავრობას შეუძლია მოქალაქეებს მხარში დაუდგეს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, თუმცა გვესმის, რომ შეიძლება, ბევრ ჩვენს მოქალაქეს მსგავსი დახმარება არ სჭირდება და დღეიდან მთ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი განაცხადის საფუძველზე უარი თქვან მთავრობის ამ მხარდაჭერაზე“, – განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ აპრილში მიიღო გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადების დაფარვის შესახებ.
კერძოდ, შეღავათები შეეხო საქართველოს მასშტაბით ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც. მთავარია, ნორმას არ გადასცდეთ.