წინასაარჩევნო რეიტინგები
ირმა ცეცხლაძე: 577 20 45 63 –
უკვე საათებს ითვლიან არჩევნებამდე და თანდათან მძფრდება პოლიტიკური ციებ-ცხელება, რომელიც ქვეყანას მოედო პანდემიის სირთულეებთან ერთად. პროპორციული არჩევნები მრავალპარტიულ პარლამენტს და კოალიციურ მთავრობას გვიქადის, რომელიც არავინ იცის რამდენად წაადგება განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფ ქვეყანას. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ადრე თუ გვიან უნდა გადავიდეთ დემოკრატიის იმ რელსებზე, რომელზეც ევროპის განვითარებული სახელმწიფოები დიდი ხანია გადავიდნენ და დღემდე შეინარჩუნეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებაზე აგებული მმართველობის ფორმა.
ამ არჩევნების მთავარი ინტრიგაა – შეძლებს თუ არა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ხელისუფლების შენარჩუნებას არჩევნების ახალი სისტემის პირობებში?
ამჯერად, პარლამენტი დაკომპლექტდება იმ პარტიებისა და ბლოკების წარმომადგენელი 120 დეპუტატით, რომლებიც ერთპროცენტიან ბარიერს გადალახავენ და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატით, რომლებიც ოლქში 50-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ.
წინასაარჩევნო რეიტინგებს საქართველოში ცნობილი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები ადგენენ. ასეთი სულ ხუთი რეიტინგია. მათ შორისაა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, რომლებიც თავიანთ რეიტინგებს დამოუკიდებლად ადგენენ.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – მმართველი პარტია. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს მესამედ.
ბლოკი „ძალა ერთობაშია“, რომელშიც შედის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საპარლამენტო არჩევნებში ძალებს ამ შემადგენლობით პირველად მოსინჯავს. პარტია „ნაცმოძრაობისთვის“ ეს მეექვსე საპარლამენტო არჩევნებია. მისი პირველი მონაწილეობა არჩევნებში „ვარდების რევოლუციით“ დამთავრდა.
„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ლიდერების პარტია ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პირველად მონაწილეობს.
„ლელო საქართველოსთვის“ – ბანკირ მამუკა ხაზარაძის პარტია. ის ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკური ძალაა. შეიქმნა გასული წლის ნოემბერში. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს პირველად.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – არჩევნების გამოცდილი მონაწილეა. პარტიისთვის ეს უკვე მეორე არჩევნებია. 2016 წელს პირველი არჩევნების შემდეგ ისინი პარლამენტში მოხვდნენ.
ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელი“ – შედგება ორი პარტიისგან, რომლებისთვისც ეს არჩევნები პირველია.
.„ლეიბორისტული პარტია“ – საპარლამენტო არჩევნების ყველაზე გამოცდილი მონაწილე. ამ ოპოზიციური პარტიისთვის ეს უკვე მეექვსე საპარლამენტო არჩევნები იქნება.
„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“ – პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის პარტია. ამ პოლიტიკური ძალისთვის ეს მეორე საპარლამენტო არჩევნებია.
„გირჩი“ – ყველაზე ორიგინალური პარტია საქართველოში. არჩევნებში მონაწილეობს ისე, რომ ერთ თეთრსაც არ ხარჯავს წინასაარჩევნო კამპანიაზე.

