არჩევნები ახალი სისტემით და ახალი წესებით ჩატარდება
ცეცილი ირემაძე: 577 20 45 63 –
რა უნდა ვიცოდეთ საარჩევნო უბნებში მისვლამდე
ბუნებრივია, საქართველოში, ისევე, როგორც ყველგან, ახალდაწყებულ პანდემიას ყველა შეშინებული შეხვდა. ხალხი იწონებდა მთავრობის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს და ითვალისწინებდა ჯანდაცვის ყველა რეკომენეციას. შედეგად მივიღეთ მწვანე ზონის სტატუსი და ლამის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი მსოფლიოში… მაგრამ შემდეგ მოსახლეობა აჰყვა სოციალურ ქსელებში ტროლების მიერ გავრცელებულ ჭორს კოვიდსიტუაციის ხელოვნურად დაძაბვისა და ვირუსის არარსებობის შესახებ. იმდენად დაიჯერეს სხვადასხვა მითი, რომ საბოლოოდ მთლიანად დაივიწყეს ყველა რეკომენდაცია, უსაფრთხოების ზომებს აღარ მიმართავდნენ, რასაც მომენტალურად მოჰყვა დავირუსებულ მოქალაქეთა და გარდაცვლილთა მზარდი რაოდენობა. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებით. მთავრობა ორ ცეცხლს შორის მოექცა – დააწესებდა შეზღუდვებს და ოპოზიცია ბრალს დასდებდა არჩევნების გაყალბების ან სულაც მისი ჩაშლის მცდელობაში, არადა, სულ უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება ახალი კორონავირუსით, რომლის მეორე ტალღა სასტიკი აღმოჩნდა და ლამის მთელ ქვეყანას გადაუარა. მასშტაბური აქციების ჩატარება ხელისუფლებას არ აუკრძალავს, მაგრამ ნიღბების ტარებისა და დისტანციის დაცვის რეკომენდაციებს სისტემატურად გასცემს.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ხმის მიცემა უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე საყიდლებზე წასვლა. ქვეყანაში მზარდი კოვიდ-პანიკის მიუხედავად კი, გამოკითხვები ამომრჩეველთა მონაწილეობის მაღალ პროცენტულობას პროგნოზირებენ.
საარჩევნო უბნებზე მოქცევის წესები
არჩევნებზე, რომელიც 31 ოქტომბერს ჩატარდება, ამომრჩევლები ნიღბებით უნდა გამოცხადდნენ, გაიარონ დეზობარიერი და დაიმუშაონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით. ნიღბის მოხსნა რამდენიმე წამით, პირადობის მოწმობის წარდგენისას და საარჩევნო კომისიის მიერ სარეგისტრაციო მონაცემების შემოწმებისას მოუწევთ.
თითოეულ ამომრჩეველს გადაეცემა ინდივიდუალური კალამი, რომელსაც ის სპეციალურ კონტეინერში დატოვებს მას შემდეგ, რაც სასურველ კანდიდატს შემოხაზავს. შეიცვალა ფარული კენჭისყრის კაბინებიც. კაბინებში აღარ იქნება ფარდები, შესასვლელი კი ექნება გვერდიდან, კედლის მხრიდან, რათა ფარულობის პრინციპი არ დაირღვეს. ბევრი კამათის შემდეგ გადაწყდა, რომ ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. აუცილებელია თერმოსკრინინგი კომისიის წევრებისთვის, პარტიების წარმომადგენლებისთვის, დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის. ვისაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, ტერიტორიის დატოვება მოუწევს. კომისიების წევრები, ნიღბების გარდა, ხელთათმანებითა და ფარებით იქნებიან დაცულნი. საარჩევნო უბნებს სამ საათში ერთხელ დეზინფექცია ჩაუტარდება.
სპეცუბნები
იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც კოვიდცენტრებში, საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში იმყოფებიან, შექმნილია 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში მონაწილეობის მიზნით მოქალაქეებს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან, უნდა მიემართათ განცხადებით ცესკოსთვის 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე. გადასატანი საარჩევნო ყუთი ოთხი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მოითხოვა.
შორიდან დაკვირვება
რამდენიმე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ არჩევნებზე დაკვირვების მასშტაბი პანდემიის გამო შეამცირა. ეუთო გეგმავდა ქვეყანაში 250 დამკვირვებლის გამოგზავნას, თუმცა პანდემიის გამო ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. ქვეყანაში იმუშავებს 13 ექსპერტისგან და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან დაკომპლექტებული მისია, რომლებიც საქართველოში სექტემბრის ბოლოდან იმყოფებიან.
ევროკავშირმა გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს სადამკვირვებლო მისია საქართველოში. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ასევე უარი თქვეს საქართველოში სპეციალური სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნაზე – ისინი კენჭისყრის პროცესს შორიდან, საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით დააკვირდებიან.
ამის მიუხედავად, დამკვირვებლების გარეშე საქართველო არ დარჩება – არჩევნებზე დაკვირვებისთვის 120 ქართული და 48 საერთაშორისო ორგანიზაცია დარეგისტრირდა. საქართველოში დამკვირვებლები ჩამოვლენ პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში 31 ოქტომბრისთვის 28 დამკვირვებელს გამოგზავნის. რაც შეეხება სპეციალისტებს დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, ესტონეთიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან, არჩევნებს საელჩოების თანამშრომლები დააკვირდებიან.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 31 ოქტომბრის 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, 31 ოქტომბრის 07:00 საათიდან 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინჩატი. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.
საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება 08:30, 10:30, 12:30, 15:30, 17:30 და 20:30 საათზე. ასევე, აღნიშნულია, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, განრიგი დაკორექტირდება.
31 ოქტომბრის არჩევნებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 852 საარჩევნო უბანი გაიხსნება. რაც შეეხება საკარანტინე სივრცესა და სამედიცინო დაწესებულებებში მყოფ ამომრჩეველს, მათთვის ცალკე შექმნილია 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. ასეთ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრას და შედეგების დათვლას ცალკე სპეციალური ჯგუფი განახორციელებს.