ეპიდემიის როლი – არქიტექტურის ფორმირებაში
მანანა ძიძიშვილი: 598 24 94 97 –
ჩვენი თანაქალაქელი მარიამ ცეცხლაძე პროფესიით არქიტექტორია. ეს ნიჭიერი ახალგაზრდა გოგონა ამჟამად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მუშაობს არქიტექტორად. ყოველთვის წარმატებულად სწავლობდა. ჯერ კიდევ ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში დამამთავრებელ კლასში (მე-12 კლასში) ექსტერნის გამოცდებით გადავიდა ისე, რომ მე-11 კლასი არ გაუვლია, შემდეგ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა. გაცვლითი პროგრამით 6 თვე იტალიაში, მილანის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც როგორც გვითხრა, დიდი გამოცდილება შეიძინა. ამჟამად დოქტორანტურის მეორე კურსის სტუდენტია.
მარიამი ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანია. იგი არაერთ კომპანიანში მუშაობდა, სადაც რამდენიმე პროექტი მოამზადა.
მასთან საუბარი, ვფიქრობთ, გაზეთ „აჭარის“ მკითხველსაც დააინტერესებს.
– მარიამ, არქიტექტურა ძალიან საინტერესო სფეროა, სპეციალისტისაგან საკმაოდ დიდ დროს, ფიქრს და ძალისხმევას საჭიროებს და რადგანაც ის მუდმივად ვითარდება, იხვეწება, ვფიქრობ, შენგანაც იგივეს მოითხოვს. . .
– დღეს ჩვენ იმ მოვლენის თანამედროვენი ვართ, რასაც ეპიდემია ჰქვია და ეს, სამწუხაროდ, ძალიან ბევრ სფეროზე აისახა უარყოფითად. თუ კონკრეტულად განვიხილავთ, რა თქმა უნდა, იგი არქიტექტურას, საერთოდ, სამშენებლო სამყაროსაც შეეხო. ეს არც პირველი შემთხვევაა მსოფლიოს ისტორიაში და შესაძლოა, არც ბოლო აღმოჩნდეს. გეტყვით იმასაც, რომ ჩვენ ირგვლივ არსებული ხელოვნური გარემოს საგნობრივ-სივრცობრივი სტრუქტურების დიზაინის შედგენისას, არქიტექტურა მომავალი ცხოვრების დაგეგმვას ემყარება, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ არქიტექტურა ბევრჯერ დამდგარა სხვადასხვა გამოწვევის წინაშე. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, როდესაც მსოფლიო ვირუსებს ებრძოდა, არქიტექტურაში ამ მოვლენამ საგრძნობლად დიდი ასახვა ჰპოვა. საინტერესოა, რომ სწორედ ამ დროს თითქოს უხილავ, შეუმჩნეველ გარდაქმნებს ჰქონდა ადგილი არქიტექტურულ არეალში და ეს გამოიხატებოდა საქალაქთაშორისო გლობალურ ასპექტშიც, გეგმარებით და კონსტრუქციულ ჭრილში. მსოფლიოში სხვადასხვა დროს ვირუსების არც თუ ისე იშვიათმა გამოვლინებებმა, არქიტექტურის ფორმირებაში გარკვეული როლი ითამაშა. კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ არქიტექტურა საკმაოდ მჭიდროდაა დაკავშირებული ისტორიულ სამედიცინო თუ სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან.
– რა კონკრეტული მაგალითები შეგიძლიათ დაგვისახელოთ, როცა ასეთი ცვლილებების მიზეზი ეპიდემია გახდა?
– ერთ-ერთ მაგალითად ნიუ-იორკის შემთხვევას მოვიყვან. მე-20 საუკუნის მიმომხილველი ნიუ-იორკს ერთ-ერთი პანდემიის დროს, „მოსიარულე სიკვდილის ქალაქს“ უწოდებდა. ჯორჯ უორინგი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების დრენაჟის სპეციალისტი გახლდათ, მიიჩნევდა, რომ ქალაქელების საცხოვრისი უფრო სოფელს უნდა დამსგავსებოდა. – საყოველთაოდაა აღიარებული, – წერდა ის ჩიკაგოს მიწათმფლობელებს 1868 წელს, – რომ მკაცრად საქალაქო ტიპის განაშენიანება სხეულსაც ვნებს და გონსაც. დიდი არქიტექტორის ფრედერიკ ოლმსტედის აზრით, რომელმაც ამერიკელებს ნიუ-იორკში შესანიშნავი ცენტრალ-პარკი აჩუქა, საქალაქო გარეუბნების სიმჭიდროვე უნდა შემცირებულიყო. ის ფიქრობდა, რომ სიმწვანე, იზოლირებული საოჯახო სახლები და ხეებით შემოკავებული გზები მცხოვრებლებს სნეულებისაგან უკეთ დაიცავდა. ახალი წესებით შენობების წინა და უკანა ფასადები ფართო უნდა ყოფილიყო, შიდა წელი კი – უფრო ვიწრო და ვენტილირებული. 1901 წლისათვის დიდ კორპუსებთან სავალდებულო გახდა შიდა ეზოების დატანება. მცხოვრებლების (მოსახლეების) რაოდენობა და, შესაბამისად, საკუთარი შემოსავალი რომ არ შეემცირებინათ, ბინათმფლობელებმა უფრო მაღალი სახლების მშენებლობა დაიწყეს. ეს განსაკუთრებით გზაჯვარედინებზე გამომავალ შენობებს შეეხო. მანჰეტენის ძველ უბნებში ამგვარ დაგეგმარებას დღესაც მშვენივრად დაინახავთ. ყოველივე ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 1908 წელს ნიუ-იორკის მუზეუმებში „სიმჭიდროვის შოუ“ გამოჩნდა, რომლის ამოცანაც ქალაქის მესვეურების იმაში დარწმუნება იყო, რომ ბინადრობის მაღალი სიმჭიდროვე ტუბერკულოზის გავრცელებას უწყობდა ხელს. შტატის გუბერნატორზე ამან შთაბეჭდილება მოახდინა. დაიგეგმა მეტროს ქსელის მშენებლობა. ათი წლის შემდეგ ნიუ-იორკს უკვე ჰქონდა ზონალური განაშენიანების გეგმა. ქალაქის თავების ამოცანა იყო, ბრუკლინისა და ქვინსის სწრაფად მზარდი უბნები არასოდეს დამსგავსებოდა მანჰეტენის „ჭიანჭველების ბუდეს“.
– ამ მხრივ სხვა ქვეყნების მაგალითებსაც ხომ არ მოიყვანდით, აისახა თუ არა სხვადასხვა ეპიდემია მათი არქიტექტურის ფორმირებაზე?
– ეპიდემიებმა, მათ შორის, შავმა ჭირმა, ქოლერამ თუ ტუბერკულოზმა ევროპაც – ლონდონი და მილანიც მოიცვა, მათი არქიტექტურაც შეცვალა. 1847 წელს, შოტლანდიელ ექიმ ჰექტორ გევინის შეფასებით, ლონდონში გადმოსახლება ადამიანს სიცოცხლის საშუალოდ რვა წლით შემცირებად უჯდებოდა, მიაზმებისაგან (აორთქლებისაგან – იმ ვითარებისგან, რაც ხელს უწყობს ქრონიკული დაავადებების დროს ორგანიზმის დაავადებული მდგომარეობის შენარჩუნებას) ქალაქის განიავება საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმთავრეს ამოცანად იქცა. ხშირად შავი ჭირით დაავადებულებს საკუთარ სახლებში გამოკეტავდნენ სწორედ იმიტომ, რომ მათი მიაზმები არ გავრცელებულიყო. „შავმა ჭირმა“ სახლების ხარისხი გააუმჯობესა: 1652 წელს აგურის მწყობელთა ამქარი ხალხს მოუწოდებდა ხის სახლები აგურის სახლებით ჩაენაცვლებინათ. ბუნებრივია, ამაში მათი კერძო ინტერესიც აშკარა იყო, თუმცა ზოგადად ითვლებოდა, რომ ხის სახლების ქუჩებზე გადმოშვერილი აივნები ჰაერის მოძრაობას აფერხებდა და ამდენად მიაზმების გავრცელებასა და დაგროვებას უწყობდა ხელს. პარიზის ვიწრო ქუჩები და ხეივნები სნეულების გავრცელების ხელშემწყობად ჩაითვალა. დაავადება რომ არ დაბრუნებულიყო, ქუჩები უნდა გაფართოებულიყო და მეტი ფართო მოედანი შექმილიყო. ევროპასა და ამერიკაშიც საკანალიზაციო ქსელები გავრცელდა, აჩუხჩუხდა სასმელი წყლის ფანტანებიც. დიდი, სახალხო პარკები მოდაში შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ მათ მხოლოდ იმიტომ კი არ აშენებდნენ, რომ ქალაქს ალამაზებდა, არამედ იმიტომაც, რომ მწვანე სივრცე ჰაერისა და წყლის გაწმენდის საშუალებადაც ითვლებოდა. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
არქიტექტორები ცდილობდნენ, ტუბერკულოზთან საბრძოლველად შექმნილი „სანატორიუმების“ არქიტექტურული გადაწყვეტილებები შემოეტანათ ქალაქის სახლებში – თეთრი კედლები, ფანჯრები იატაკიდან ჭერამდე – სინათლის მაქსიმალურად შემოსაშვებად. ეს ყველაფერი შვეიცარიული დავოსის სანატორიუმების ესთეტიკას მოგაგონებდათ. სწორედ სინათლე ითვლებოდა ბაცილების მტრად. შენობების სახურავები ბრტყელი გახდა, რათა დაცურებული ყინული გამვლელებს არ დასცემოდა, თეთრი საღებავი, შუშის კედლები და ბრტყელი სახურავი კი ევროპული მოდერნისტული არქიტექტურის სახასიათო ელემენტებად იქცა.
არქიტექტორებმა ლე კორბუზიემ და ლუდვიგ მიეს ვან დერ როჰემაც სანატორიუმის ესთეტიკა „ისესხეს“. მიესის ერთ-ერთი კლასიკური ნამუშევარი ილინოისში ფარნსვორს ჰაუსია. მისი ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, „სახლი რენტგენის სურათივით გამჭვირვალეა… ქალაქში ხმები დადის, „ტუბერკულოზის სანატორიუმიაო“. თუკი მოდერნისტულ არქიტექტურაზე გაიგონებთ „სტერილურიაო“, იცოდეთ, რომ ეს სულაც არ ითვლება შემთხვევით შედარებად …
– როგორ ფიქრობთ, მსოფლიოს ამ გამოცდილებას თუ გადავხედავთ, რის შესახებაც ვისაუბრეთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს დღევანდელი ეპიდემიის მიზეზმა – კოვიდ-19-მა მომავლის არქიტექტურაზე?
– ბევრს მიაჩნია, რომ კოვიდ-19 ქალაქებს შეცვლის. ველოსიპედის მოყვარულები მოითხოვენ, მანქანებისათვის გზების ნაწილის შეზღუდვას. ჯოელ კოტკინი, კალიფორნიის ჩეპმენის უნივერსიტეტის ურბანისტი ამბობს, რომ ახალი კორონავირუსი „მეგა-ქალაქების“ ერას დაასრულებს და ნიუ- იორკის მსგავს ქალაქებში ცხოვრება აღარავის მოესურვება, მიზეზად კი ეპიდემიის მიმართ ჩამოყალიბებულ ემოციურ ფონს – შიშს ასახელებენ. თუმცა ისტორიული გამოცდილება სწორედ დიდი ქალაქების სიცოცხლისუნარიანობას მოწმობს. შავი ჭირისა და ქოლერის სასიკვდილო ეპიდემიებმა ლონდონისა თუ პარიზის ზრდა ვერ შეაფერხა. რაც ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ფეხი აუწყოს არქიტექტურამ ამ არასასიამოვნო გამოწვევებს. შესაძლებელია, სამომავლოდ, ასეთი მდგომარეობის განმეორების შემთხვევაში, გარკვეული ასახვა ჰპოვოს, თუმცა არა ნეგატიური, პირიქით, უფრო დაიხვეწოს და მეტი მზადყოფნის განცდა შექმნას, დაემატოს ან შეზღუდოს ახალი მიდგომები მშენებლობაში, კერძოდ, ქალაქების ურბანულ კონტექსტში განთავსდეს სხვადასხვა პავილიონი: სამედიცინო, ვაჭრობის, საგანმანათლებლო, ტურისტული, რასაც დღეს, 2020 წელს კოვიდ19-ის პანდემიის დროს უკვე აქვს მხარდაჭერა. კოვიდ-19 ყველა ამ წარსულ ეპიდემიაზე ნაკლებად სასიკვდილო აღმოჩნდა და არც მჭიდრო დასახლებებთან იყო ასოცირებული, ვინაიდან, მართალია, ბევრი ქალაქი სერიოზულად დაზარალდა, თუმცა ვირუსის აფეთქება გარეუბნებშიც და ალპურ კურორტებზეც კი იყო. თუკი მომდევნო წლების განმავლობაში ეპიდემიას გავუმკლავდებით, სავარაუდოა, რომ ქალაქების სახე დიდად არ შეიცვლება და ვფიქრობ, ის შეზღუდვები, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, არქიტექტურაში ნიშანდობლივი ცვლილებების შეტანას არ მოიაზრებს.

