მთიან აჭარას ახალი საპიკნიკე ადგილები შეემატა
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიან აჭარაში, ტურისტულ მარშრუტებზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოაწყო. საპიკნიკე ზონა ზღვის დონიდან 2,148 მეტრზე, ჩირუხში და ულამაზესი შუამთის ტბებზე მდებარეობს. ჯინალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტებს ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის სათავაგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე შეუძლიათ. ,,ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული ერთ-ერთი საპიკნიკე ადგილი ჩირუხის ალპურ ტურისტულ მარშრუტზეა განთავსებული, რომელიც საშუალებას აძლევს მოგზაურებს ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბენ. ზღვის დონიდან 2,148 მ სიმაღლეზე განთავსებული საპიკნიკე ინფრასტრუქტურა თავისი ჰამაკებით, საქანელებითა და ფანჩატურით, საზაფხულო იაილებზე ტურისტებისთვის რეკრეაციული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს’’, – ნათქვამია ტურიზმის დეპარტამენტის განცხადებაში.
მცირე მოსასვენებელი ზონები მოეწყო სოფელ შუამთასა და კაპნისთავშიც.
აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო უჩხოში ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებისთვის კილომეტრნახევრიანი კანიონინგის მარშრუტის მოწყობას გეგმავს. კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა უჩხოს ხეობაში, 12 კასკადოვან ჩანჩქერზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, უკვე მომზადდა 22 სადგური, სადაც თავგადასავლების მოყვარულები უჩხოს კილომეტრნახევრიანი კანიონის დალაშქვრასა და ჩანჩქერებზე დაშვებას შეძლებენ. უჩხოს მიმართულება იქნება კანიონინგის პირველი ტურისტული მარშრუტი აჭარაში. პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ევროკავშირის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ENPAენპარდ-ის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.