„ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა უმკაცრესად დაისჯება“
ცეცილი ირემაძე: 577 20 45 63 –
„ხვალ საქართველომ მსოფლიოს უნდა აჩვენოს მაგალითი, როგორ შეიძლება პანდემიის პირობებში სამაგალითო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს. ქვეყნის მოსახლეობა პანდემიის პირობებში პირველად აირჩევს დეპუტატებს.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდმა მშვიდ, აბსოლუტურად გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა: „ეს არის ხელისუფლების, ოპოზიციის, მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, მთელი ჩვენი საზოგადოების ვალდებულება, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდი, დემოკრატიული, ღია და გამჭვირვალე. შემდგომი პერიოდიც უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტს“.
პრემიერის განმარტებით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მომხრეების მხრიდან პროვოკაციას ან კანონდარღვევას სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ არჩევნებმა უნდა განსაზღვროს შემდგომი წლების განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიული განვითარება: „პანდემია გადაივლის, ვირუსს დავამარცხებთ, ეკონომიკურ კრიზისსაც გავუმკლავდებით, მაგრამ არჩევნები, რომელიც ჩატარდება ხვალ, წლების განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ, წარმატებულ განვითარებას. ამიტომ მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, გავაკეთოთ არჩევანი“.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, თითოეულ საარჩევნო უბანზე დაცული იქნება ყველა წესი, რომელიც ეპიდემიოლოგების მიერ არის რეკომენდებული.
31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება.
დღეს გაცხადდა ისიც, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, წელს პირველად, არჩევნებზე არ მივა. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისი თქმით, უწმინდესი ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს.
რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება საპატრიარქოში, ამ კითხვას უწმინდესის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ უპასუხა: „პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, წნევები აწუხებს, ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს. ალბათ უფრო ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“.