ასლან ლორთქიფანიძე: არცერთ პარტიას არ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. . . გაიმარჯვებს საქართველოს მოსახლეობა
ირმა ცეცხლაძე: 577 20 45 63 –
რა ვითარებაა წინასაარჩევნოდ და რას უნდა ველოდოთ არჩევნების შემდგომ დღეებში, ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა „აჭარასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგმა ასლან ლორთქიფანიძემ.
– ყველაზე მეტად რა იქცევს თქვენს ყურადღებას წინასაარჩევნო კამპანიაში?
– პოლიტიკური პროსტიტუცია და პოპულიზმი. ჩვენ ვხედავთ ამა თუ იმ პარტიაში ადამიანებს, რომლებიც გასულ არჩევნებში კონკურენტი პარტიის სახელით გამოდიოდნენ. ღირებულებებისა და ფასეულობების არქონა, პარტიიდან პარტიაში „მოხტუნავე“ პოლიტიკოსები ახდენენ პოლიტიკური პროცესის დისკრედიტაციას. პარტიების მიერ ასეთი ადამიანების შეფარება განპირობებულია იმით, რომ საქართველოში კლასიკური პარტიები არ არსებობს. ეს არის მხოლოდ ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც ერთი კონკრეტული ლიდერის მიერ იმართება. არ არსებობს შიდა პარტიული დემოკრატია, ჯანსაღი შიდა კონკურენცია, არ იმართება შიდა დებატები, იშვიათად ტარდება პარტიული კონფერენციები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. პარტიული რგოლები უნდა ფორმირდებოდეს არა ზემოდან ქვემოთ, არამედ პირიქით – შიდა პარტიული არჩევნების გზით, ქვემოდან ზემოთ. არჩევნებზე პარტიებმა ის კანდიდატები უნდა წარადგინონ, რომლებიც შიდაპარტიულ კონკურენციას დაძლევენ, ანუ პოლიტიკური პარტიის ჩარჩოებში დემოკრატიულ არჩევნებს მოიგებენ. საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და ქვეყანაში სასიცოცხლოდ აუცილებელია ინსტიტუციონალიზებული პარტიების არსებობა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ხელს შეუწყობს პარტიების ინსტიტუციონალიზაციას.
– ოპოზიცია ცდილობს გამოძებნოს მიზეზი, რომელიც მოიყვანს ხალხის უმეტესობას არჩევნებზე და „ოცნების” საწინააღმდეგოდ მიაცემინებს ხმას. როგორ ფიქრობთ, გამოიძებნა თუ არა მსგავსი მიზეზი?
– წინასაარჩევნოდ ყველა პარტია ცდილობს საკუთარი ამომრჩევლების მობილიზებას, მათ მიყვანას საარჩევნო უბნებამდე და აღრიცხვას. კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა. თუმცა კანონი კრძალავს ამომრჩევლის მოსყიდვას და ამ გზით უბნებამდე მათ მიყვანას, რასაც ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია აკეთებს.
– რაზე აკეთებს გათვლას ოპოზიცია?
– მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ და მხოლოდ სიტუაციის დაძაბვასა და საარჩევო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას მიერ ჩატარებული კვლევებითაც კი პოლიტიკურ პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 40%-იანი მხარდაჭერა აქვს, „ევროპული საქართველოს“ გამოკითხვებით კი – 47%. არანაირი იმედი არ აქვთ, რომ არჩევნების გზით შეცვლიან ხელისუფლებას, რადგან საამისოდ არასაკმარისი ამომრჩეველი ჰყავთ. სწორედ ამიტომ ცდილობენ წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვას პროვოკაციების გზით, რომ რევოლუციის მცდელობისთვის ფორმალური საბაბი შექმნან. საქართველოში 2003 წელი აღარ არის და ყოფილი დიქტატორი ამ გზით ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება. შესაძლო ძალადობაზე ხელისუფლებას რეაგირების ლეგალური და ლეგიტიმური უფლება აქვს. ოპოზიცია საქართველოს პარლამენტში ფართოდ იქნება წარმოდგენილი. არცერთ პარტიას არ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა.
– ხშირდება არჩევნების გაყალბების მცდელობაზე საუბრები, როგორ ფიქრობთ, დაიჯერებს ამას მოსახლეობა?
– „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველი წლების განმავლობაში ახდენს არჩევნების დისკრედიტაციას მის გაყალბებაზე უსაფუძვლო აპელირებით. მოსახლეობა იმდენად მიეჩვია არჩევნების გაუყალბებლად ჩატარებას, რომ მათ დიდ ნაწილს ამ ტყუილების აღარ სჯერა. ხვალინდელი არჩევნებიც მაქსიმალურდ დემოკრატიულად ჩაივლის და ურნაში ჩაგდებული ყველა ბიულეტენის ზუსტი ასახვა მოხდება საუბნო, საოლქო და ცესკოს ოქმებში.
– თუ შეძლებთ მოახლოებული არჩევნებისა და არჩევნების შემდგომი პოლიტიკური გარემოს შეფასებას, რას უნდა ველოდოთ მმართველი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, მღელვარება ხომ არ დაიწყება?
– როგორც კი არჩევნები დასრულდება, სააკაშვილი და მისი აქაური ამფსონები დაიწყებენ პოლიტიკური ტემპერატურის აწევას, ეგზიტპოლებისა და წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ კი მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ. კვლავაც ექნებათ რევოლუციის უშედეგო მცდელობა. ახალ წლამდე ეს მღელვარება გაივლის და მომავალ წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მმართველი პარტია მშვიდად გააგრძელებს საქმიანობას.
– „გირჩის” ინტერნეტტელევიზია ჰაკერებმა გატეხეს. ინფორმაცია Fფეისბუქის საშუალებით „გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა და დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა.ამ შემთხვევას „ქართულ ოცნებას” დააბრალებენ?
– „გირჩს“ ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს და ის იბრძვის 1%-იანი ბარიერის დაძლევისთვის. არანაირი ინტერესი მის მიმართ მმართველ პარტიას არ აქვს. ის ართმევს ხმებს მათ ყოფილ თანაპარტიელებს. არ არის გამორიცხული, სწორედ მათი კოლეგა ოპოზიციური პარტიების ნამოქმედარი იყოს. ამას ალბათ გაარკვევს გამოძიება.
– საერთაშორისო დამკვირეველთა სიმცირე მმართველი გუნდის იმიჯზე ხომ არ იმოქმედებს (გაყალბებაზე ხომ არ ისაუბრებენ)?
– ის, რომ პანდემიის გამო ცოტა უცხოელი დამკვირვებელი ჩამოდის, არის პრობლემა. თუმცა მათ არაერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დააფინანსეს სოლიდური თანხებით, რათა ისინი დააკვირდნენ არჩევნებს და დადონ ობიექტური დასკვნები. არჩევნების პროცესზე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ჩვენს პარტნიორ ქვეყანას ექნება ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია. ნახელისუფლარი, არადემოკრატიული პარტიები ამ პროცესზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდენენ, თუ არ მივიღებთ მხედველობაში „ევროპის სახალხო პარტიიდან” რამდენიმე ევროპარლამენტარის უსაფუძვლო წუწუნს.
– რა მიღწევები აქვს „ქართულ ოცნებას” მმართველობის 8 წლის განმავლობაში?
– მოქმედი ხელისუფლების მთავარი მიღწევა არის ის, რომ მოქალაქეებს ხელისუფლების აღარ ეშინიათ და თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ შეხედულებებს. მათთვის, დიდწილად, ხელმისაწვდომი გახდა ჯანდაცვის სერვისები და ამ კუთხით სახელმწიფო კოლოსალურ თანხებს ხარჯავს. აჭარის სოფლების უმრავლესობაში მოასფალტებული და ბეტონისსაფარიანი გზებია, რაც ამ სოფლების ისტორიას არ ახსოვს. ყოველწლიურად იზრდება გაზიფიცირების არეალი. . .
-კიდევ რატომ უნდა მისცეს ამომრჩეველმა ხმა ამ პარტიას და უკვე მესამედ მოიყვანოს ქვეყნის სათავეში?
– თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა კვლევით მე-2 პოზიციას იკავებს წარსულის პოლიტიკური ძალა -„ნაციონალური მოძრაობა“. სწორედ ის არის მმართველი პარტიის ალტერნატივა, ანუ თუ არ იქნება ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“, მაშინ, ამ ეტაპზე, მას ჩაანაცვლებს სააკაშვილი ანუ დიქტატორული, არადემოკრატიული მმართველობა. სამწუხაროდ, ქვეყანაში ვერ განვითარდნენ ოპოზიცური პარტიები ისე, რომ კონკურენცია გაუწიონ ამ რევანშის წყურვილით შეპყრობილ არადემოკრატიულ პოლიტიკურ ძალას. მოსახლეობის უმრავლესობას აღარ სურს იცხოვროს შიშსა და ტერორში.
– აჭარის უმაღლესი საბჭოც მრავალპარტიული იქნება, მთავრობაც შესაბამისად კოალიციური ჩამოყალიბდება?
-არა, მმართველ პარტიას უმაღლეს საბჭოში ეყოლება მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო მინიმუმ 11 დეპუტატი. უმაღლეს საბჭოში ოპოზიცონერი დეპუტატების რაოდენობა ამ არჩევნებზე გაიზრდება, რასაც პროპორციულთან ძალიან მიახლოებული საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს.
– თავდაცვის მინისტრის თქმით, „მოღალატე ბანდა“ – “ნაციონალური მოძრაობა” „უნდა გაუქმდეს“, თქვენი კომენტარი.
– პოლიტიკური პარტიების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ხოლო ამ კანონის 35-ე მუხლის თანახმად, პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კანონს დაარღვევს, სასამართლოს შეუძლია ის აკრძალოს.
– როგორ ფიქრობთ, თავის დროზე რომ უკანონოდ გამოეცხადებინათ ამ ადამიანების (ნაცმოძრაობის წევრების) საქმიანობა, ახლა „ოცნება“ ნაკლები პრობლემის წინაშე იდგებოდა?
– პარტიის საქმიანობის აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ხდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მაშინ საკონსტიტუციო სასამართლო დაკომპლექტებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და ის ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ასევე, დიდი იყო საერთაშორისო ზეწოლა მისი საქმიანობის გაგრძელების მხარდასაჭერად.
– „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ახლახანს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობას” ყოფილი პრემიერ-მინიტრ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ე.წ. რევოლუციური შტაბი აქვს გახსნილი. მისივე მტკიცებით, პარტია ძალადობის წახალისებასა და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებას გეგმავს. რამდენადაა ეს სიტუაცია საშიში მოსახლეობისთვის? სამოქალაქო ომი ხომ არ გველოდება?
– მათ ყველა მცდელობა ექნებათ, არჩევნების ლეგიტიმურობა დააყენონ ეჭვის ქვეშ და პოლიტიკური პროცესები წაიყვანონ რევოლუციური გზით. ისინი ამისთვის დიდი ხანია ემზადებიან. თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტები საკმაოდ ძლიერია და ამ მცდელობას შედეგი ვერ მოყვება. არც საკმარისი ადამიანური რესურსი აქვთ. მათი მონდომება, ძალადობის გზით შეცვალონ ხელისუფლება, დასრულდება მორიგი კრახით. სამოქალაქო ომის მცდელობას შედეგი ვერ ექნება არასათანადო საშინაო და საგარეო მხარდაჭერის გამოც. სააკაშვილს მალე მოუწევს საქართველო-თურქეთის საზღვრიდან უკრაინაში დაბრუნება. მას იქ დახვდება მისი განულებულრეიტინგიანი პოლიტიკური პარტია და ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხებული უკრაინის მმართველი პარტია. მას მალე მოუწევს საკონსულტაციო ორგანოს დატოვებაც, რადგან ვერანაირი შედეგი ამ საქმიანობით უკრაინის ხელისუფლებამ ვერ მიიღო. ის არღვევს უკრაინისა და საქართველოს კანონმდებლობას საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩართულობით და ამაზე, ადრე თუ გვიან, უკრაინის ხელისუფლებასაც ექნება რეაქცია.
– პრობლემები იქმნება თვითიზოლაციასა და იზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ხმის მიცემის კუთხით, როგორ მოგვარდება ეს საკითხი?
– ყველა ის მოქალაქე, რომელმაც ცესკოს მიმართა არჩევნებში მონაწილეობის სურვილით, შეძლებს ადგილზე თავისი საარჩევნო უფლების რეალიზებას. რა თქმა უნდა, პანდემიამ ამ მხრივ გარკვეული პრობლემები შექმნა.
– არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ აცხადებს, რომ თვითიზოლაციაში მყოფი პირები ჯანდაცვის სამინისტროს სრული სიზუსტით აღრიცხული არ ჰყავს და „ეს მოცემულობა პრობლემას უქმნის ადამიანებს რეგისტრაციის მომენტში, რის გამოც ათასობით ამომრჩეველი შესაძლებელია არჩევნებში მონაწილეობის გარეშე დარჩეს 31 ოქტომბერს” – თქვენი კომენტარი?
– ყოველგვარ საფუძველს მოკლებული განცხადებაა. ყველა ახალი ინფიცირების შემთხვევის სტატისტიკა ქვეყნდება სპეციალურ საიტზე. თუმცა მას არ აქვს კავშირი საარჩევნო უფლების გამოყენებასთან, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამომრჩეველი თავად აწვდის ცესკოს არჩევნებში მონაწილეობის სურვილის შესახებ ინფორმაციას. ინფიცირებულ მოქალაქეთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა და ისინი ადგილზე მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. სამწუხაროდ, ის ადამიანები, რომლებმაც ეს არ გააკეთეს, ვერ შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობას.
– რას მოუწოდებთ ამომრჩევლებს 31 ოქტომბერს?
-არჩევნებში აქტიურ მონაწილეობას. 4 წელიწადში მხოლოდ 1 დღე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში არსებული ძალაუფლება მოქალაქეების ხელშია. ისინი არიან ხელისუფლების ერთადერთი წყარო და მათ ეს უფლება უნდა გამოიყენონ. იმედი მაქვს, ჩვენი მოქალაქეები კვლავაც აჩვენებენ მაღალ სამოქალაქო კულტურას და მაღალი იქნება არჩევნებში მონაწილეობის პროცენტული მაჩვენებლი, რაც ამ პროცესის ლეგიტიმაციის ხარისხს გაზრდის. გაიზრდება ჩვენი ქვეყნის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერაც, რაც საქართველოს განვითარებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, სადაც ყველა პოლიტიკური გემოვნების, მოქალაქის ხმა იქნება ასახული. საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორიაში „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ იქნება პირველი პარტია, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერას საპარლამენტო არჩევნებში მესამედ მოიპოვებს. ქვეყანას და მთლიანად მსოფლიოს მძიმე დღეები უდგას პანდემიის გამო. ეკონომიკურ კრიზისს მაქსიმალური კონსოლიდაციით უნდა შევხვდეთ. მომავალი წელი ამ მხრივ საკმაოდ რთული იქნება. ბევრია სამუშაო პანდემიის პირობებში ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის. იმედი მაქვს, ამ არჩევნებში გაიმარჯვებს არა მარტო 1 კონკრეტული პოლიტიკური პარტია, არამედ ჩვენი ქვეყანა, მისი მოსახლეობა.