26 არასამთავრობო ორგანიზაცია მომავალ ხელისუფლებას მიმართავს
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
,,არნახული მოღალატეობრივი ქმედებები ჩადენილი საქართველოსა და ქართველი ერის წინააღმდეგ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ’’- ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე საქართველოს თავად-აზნაურთა საზოგადოების აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ჩოხოსანმა თენგიზ თავდგირიძემ . მასთან ერთად, შეხვედრის ორგანიზატორი 26 არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომლებმაც გაასაჯაროეს მასალები, რომლის თანახმადაც მიიჩნევენ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოღალატეობრივი ქმედებები ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. კერძოდ, მათი მტკიცებით, წინა ხელისუფლებამ დავით გარეჯის სალოცავები და ქართული ტერიტორიები აზერბაიჯანს გადასცა, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სიმბოლურ ფასად, ჰექტრობით არასასოფლო-სამეურნეო მიწები, საძოვრები, ისტორიული შენობა-ნაგებობები (სალიბაურის სამთავრობო რეზიდენცია, ჩელტის ჩაის ფაბრიკა, ბათუმის ფოსტის შენობა, გაზეთ „აჭარის“ რედაქციის კუთვნილი შენობა) მიჰყიდა. ბრიფინგზე თენგიზ თავდგირიძე ასევე მოითხოვდა, რომ ბათუმში, მემედ აბაშიძის № 46-ში უკანონოდ გასხვისებულ არასაცხოვრებელ ფართში ამოქმედდეს ბერ-მონაზონ ანდრია სურმანიძის სახელობის მუზეუმი, სადაც ასევე, განთავსდება სამედიცინო ბიბლიოთეკა, არქივი. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, როგორც შეხვედრის ორგანიზატორებმა გვითხრეს, უკვე ახალი მოწვევის პარლამენტს სთხოვენ, რათა საქმე გამოიძიონ და უკანონობა აღმოიფხვრას.
„ვასაჯაროებთ ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტურ მასალებს, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოღალატეობრივი ქმედებებით ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ: კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 სექტემბრის №709, 2013 წლის16 ოქტომბრის №811 და 2013 წლის 21 ოქტომბრის №833 ბრძანების თანახმად, ამოუცნობ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიენიჭათ საქართველოს მოქალაქეობა, რომელთა 97-98 პროცენტი ვერ ფლობს ქართულ სალაპარაკო ენას და არც მათი პირვანდელი ქართული გვარი იციან. ამასთან, ჩვენ 2013 წლის 25-26 ოქტომბერს ბათუმის საჯარო რეესტრში გადავიღეთ დოკუმენტური ფილმი, თუ როგორი სწრაფი ტემპით ეწერებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეებად. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა თავის საჯარო მიმართვაში აღნიშნა, რომელიც შემდეგ თურქეთის ელჩმა საქართველოში და გენერალურმა კონსულმა ბათუმში გაიმეორა, რომ სააკაშვილმა ტერორისტობაში ბრალდებულ ფეთჰულაჰ გიულენის თხოვნით, 3200 ტერორისტული ორაგანიზაცია „რუხი მგლების“ წევრებს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს ეგიდით სირიაში იბრძვიან. ასევე, მათ მიერ აღნიშნულია, რომ სააკაშვილმა ფართოდ გაუღო კარები გიულენის მიერ დაფუძნებულ საბავშვო ბაგა-ბაღებს, საშუალო და უმაღლეს საწავლებლებს, მსხვილ და საშუალო ბიზნესს, რომლებსაც აკონტროლებს ყოფილი პრეზიდენტის დედა, ქალბატონი გიული ალასანია, ხოლო მუსლიმანურ ბაგა-ბაღებს, სასწავლებლებს, მედრესე-პანსიონებს – საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“ ტარიელ ნაკაიძე. ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბოლო სატელევიზიო გამოსვლით ეჭვი გააქარწყლა, რომ დავით გარეჯის სალოცავების და ქართული ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის გადაცემა, როგორც თვითონ აღნიშნა, 70-80 მილიონი დოლარის სანაცვლოდ მოხდა, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სიმბოლურ ფასად ჰექტრობით მიყიდული არასასოფლო-სამეურნეო მიწები, საძოვრები, ისტორიული შენობა-ნაგებობები, სალიბაურის სამთავრობო რეზიდენცია, ჩელტის ჩაის ფაბრიკა, ბათუმის ფოსტის შენობა, გაზეთ „აჭარის“ რედაქციის საკუთარი შენობა, tv-25-ის სანაცვლოდ 3-4 მილიონ დოლარად ღირებული უძრავი ქონება, მათ შორის, მემედ აბაშიძის №46-ში არსებული არასაცხოვრებელი ფართი, სადაც 40 წლის მანძილზე მოღვაწეობდა ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი, პროფესორი ბერ-მონაზონი ანდრია (რამაზ) სურმანიძე და სადაც თავმოყრილია 1877-78 წლების შემდეგ სამედიცინო სფეროში მოღვაწე მედპერსონალის პირადი საქმეები, უნიკალური სამედიცინო ბიბლიოთეკა და მუზეუმი, ბათუმის ცენტრალური ბულვარის ზღვის სანაპირო ზოლში უცხოელების მიერ უკანონოდ აშენებული სავაჭრო ცენტრი. უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან გარიგებები ეჭვს აღარ იწვევს. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა მყისიერად გამოიძიონ ყველა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია’’, – აღნიშნა ბრიფინგზე თენგიზ თავდგირიძემ.
ბრიფინგის შემდეგ, როგორც ორგანიზატორებმა გვითხრეს, ყველა დოკუმენტი გადაიგზავნება შესაბამის უწყებებში საქმისთვის მსვლელობის მისაცემად. მოთხოვნა კი 5-პუნქტიანია, რასაც აქვე გთავაზობთ:
„აღადგინონ სამართლიანობა და პასუხი მოეთხოვოთ დამნაშავეებს.
შეუჩერდეთ: საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 სექტემბრის №709, 2013 წლის 16 ოქტომბრის №811 და 2013 წლის 21 ოქტომბრის №833. ბრძანებულებებით ათასობით ამოუცნობ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მინიჭებული საქართველოს მოქალაქეობა.
სპეციალურმა კომისიამ შეისწავლოს ინდივიდუალურად ყველა პიროვნება და განსაკუთრებულ შემთხვევაში მიენიჭოთ „საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება“.
ჩამორთმეული იქნას მემედ აბაშიძის №46–ში უკანონოდ გასხვისებული არსებული არასაცხოვრებელი ფართი და მას მიენიჭოს „ბერ–მონაზონ ანდრია სურმანიძის სახელობის მუზეუმი“, სადაც განთავსებული იქნება სამედიცინო ბიბლიოთეკა, არქივი და მუზეუმი.
შესწავლილი იქნას, თუ რას ასწავლიან: ფეთჰულაჰ გიულენის მიერ დაფუძნებულ ყველა უმაღლეს და საშუალო სასწავლებლებში, მედრესე–პანსიონებსა და მუსლიმანურ საბავშვო ბაგა–ბაღებში.
შესწავლილი და ჩამორთმეული იქნას: სიმბოლურ ფასად უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებული უძრავ–მოძრავი ქონება და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები, ხოლო ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდეს საქართველოს სახელმწიფოს” (სტილი დაცულია).
როგორც თავში აღვნიშნეთ, დოკუმენტები 26-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა. ესენი არიან: საქართველოს თავად-აზნაურთა საზოგადოების აჭარის ორგანიზაცია; საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოება , „აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოება“ , საერთო-სახალხო მოძრაობა „მუსლიმანი და ქრისტიანი ძმები საქართველოს ერთიანობის დასაცავად“, ალექსანდრე ხომერიკის სახელობის საერთაშორისო საქვემოქმედო ფონდი „ქველი“ ; საქართველოს ი. გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირი; „ვეტერან ექსპერტთა კავშირი“ ; ბათუმის სამედიცინო აკადემიის დირექტორი ჩოხოსანი რევაზ უზუნაძე ; „აჭარის ფარმაცეტთა ასოციაცია“ ; საქართველოს და აჭარის ქორეოგრაფ მოღვაწეთა კავშირი; ჟურნალ „ზღვაურის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ჩოხოსანი ბელა ქებურია; „აჭარის მხატვართა კავშირი, საზოგადოებრივი გაერთიანება „21–ე საუკუნე’’ ; „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ყოფილ წევრთა საზოგადოება’ ; „აჭარის დიზაინერთა კავშირი“ ; ქართულ–აფხაზური მეგობრობის საზოგადოება „ძმობა“ ; „აჭარის ვეტერან სპორტსმენთა ფედერაცია“ ; მოსახლეობის ინტერსთა დამცველი კავშირი „ბარცხანელი’’ ; საზოგადოება „მარეთი“ ; ღია საზოგადოება „ჭვანელი’’ ; სააქციო საზოგადოება „გურმანი“ ; „მოძრაობა ქალთა კავშირი საქართველოს დასაცავად“; „საზოგადოება თამარის“ საინიციატივო ჯგუფი ; აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო, გაბაიძეთა, ბოლქვაძეთა და შერვაშიძეთა საგვარეულო კავშირები.