ბათუმის მე-10 საარჩევნო უბანში, ამომრჩევლების მაღალი აქტიურობის ფონზე, საარჩევნო პროცესმა მშვიდად ჩაიარა
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
ბათუმის მე-10 საარჩევნო უბანში საარჩევნო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ამომრჩევლების მაღალი აქტიურობიდან გამომდინარე, რიგებიც იყო, თუმცა თავად პროცესი ყველა წესის დაცვით მიმდინარეობდა.
– ძალიან მაღალი აქტივობაა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქამდე მსგავსი რაოდენობის ამომრჩევლების მოსვლა არ მახსენდება. შუადღისთვის უკვე 630 ამომრჩეველი დაფიქსირდა, რაც ნამდვილად დიდი რაოდენობაა ჩვენი უბნისთვის. მშვიდად მიდის ყველაფერი და იმედი გვაქვს, კარგად დასრულდება ეს დღე. არანაირ მნიშვნელოვან ექსცესებს ადგილი არ ჰქონია და ამ დრომდე არანაირი სარჩელი არ შესულა ჩვენი უბნიდან უსკო-ში. თუმცა მინდა ვთქვა, რომ გარკვეული ხელისშეშლა იყო, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთ-ერთი ორგანიზაცია გამოკითხვას ატარებს უბანზე, თუმცა ეს ყველაფერი უნდა კეთდებოდეს უბნის გარეთ. ისინი აჩერებენ ადამიანებს გამოკითხვის მიზნით, რითაც ფერხდება ნაკადის შემოსვლა. რაც შეეხება ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებს, ყველა პრევენციული ზომა მიღებულია, ვასუფთავებთ ოთახს, გვაქვს ერთჯერადი კალმები, ვიცვლით პირბადეებს და რაღა თქმა უნდა, უბანზე ყველა არის პირბადით, – გვითხრა მე-10 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე მანანა ქობულაძემ, როცა ამ უბანს საარჩევნო ვითარების გასარკვევად ვეწვიეთ.
– გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომლითაც ვამოწმებთ აქ მოსულ ამომრჩეველს, ხომ არ ფიქსირდება სხვა უაბნში. დილიდან აქ ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ კონკრეტულად ჩვენ უბანზე არეულობა არ ყოფილა. იქიდან გამომდირე, რომ ძალიან ბევრი ხალხია, აქტივობა მაღალია, ცოტა რთულია საარჩევნო უბანზე დისტანციის კონტროლი. მშვიდ გარემოში მიდის საარჩევნო პროცესი და იმედი გვაქვს, ბოლომდე ასე შენარჩუნდება, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ დამკვირვებელმა ლიკა ანთაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოში არჩევნები გაიმართა, მოქალაქეებმა მეათე მოწვევის პარლამენტის და აჭარაში მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრები აირჩიეს.