დღის მეორე ნახევარში რეგიონში ამომრჩეველთა აქტიურობა გაიზარდა
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მორიგი ბრიფინგი გაიმართა, სადაც ამომრჩეველთა აქტივობასა და შეტანილ საჩივრებზე ისაუბრეს.
-17:00 საათის მონაცემებით, ბათუმის ოლქში დაფიქსირდა 62 956 ამომრჩეველი, რაც 42%-ს შეადგენს, ქობულეთის შემთხვევაში ეს არის 33 988 ამომრჩეველი, რაც 47,89%-ია, ქედის ოლქში დაფიქსირდა ყველაზე მაღალი – 54,81%, რაც 8 618 ამომრჩეველს გულისხმბს, ხელვაჩაურში – 20 476, რაც 49,11%-ია, შუახევის ოლქში – 8 159 ამომრჩეველი ანუ 53,97%, ხოლო ხულოს ოლქში დაფიქსირდა 11 889 ამომრჩეველი, რაც 49,7% შეადგენს, – განაცხადა უსკო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ნესტან ნაკაშიძემ.
როგორც აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, საარჩევნო პროცესი, როგორც უბნებზე, ასევე სპეცუბნებზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. რაც შეეხება საჩივრებს, 17:00 საათის მონაცემებით, უსკო-ში 23 საჩივარი დაფიქსირდა, მათგან, 16 – ბათუმში, 6 – მაღალმთიან აჭარასა და ხელვაჩაურში, ხოლო 1- ქობულეთში, რომლებიც ძირითადად, ტექნიკური სახისაა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუ დილას რეგიონში ამომრჩეველი არ აქტიურობდა, დღის მეორე ნახევარში ეს სიტუაცია შეიცვალა და ამომრჩევლის ნაკადმა იმატა.