რამდენიმე საათში გამარჯვებული გამოიკვეთება
ირმა ცეცხლაძე: 577 0 45 63 –
საქართველოს დედაქალაქში ამ საღამოს ერთბაშად ორი საზეიმო მიტინგი იგეგმება – საპარლამენტო არჩევნებზე მოგების აღნიშვნას გეგმავს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიცური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“, „ნაციონალური მოძრაობის“ თავკაცობით.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით. მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
არჩევნებზე მთავარი კონკურენტები არიან „მარადიული მტრები“ – ,,ქართული ოცნება“, რომელსაც არჩევნების მესამედ მოგება სურს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც 2012 წელს მმართველი პარტიის სტატუსი დაკარგა, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის იმედს არ კარგავს.
დღის განმავლობაში უფრო და უფრო იძაბება საარჩევნო ვითარება. ოპოზიცია ყველა მეთოდს მიმართავს სიტუაციების მართვის სურვილით და ცდილობს დუღილის მაღალი ტემპერატურის შენარჩუნებას.
სხვადასხვა საარჩევნო უბანზე უკვე გამოიკვეთა დაძაბულობის კერები, რომელსაც სამართალდამცვლები მშვიდობიანად ანეიტრალებენ. განსაკუთრებული აქტივობა საარჩევნო უბნების გარეთ ფიქსირდება. აქ დაპირისპირება ხდება პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერებს შორის, რაც, გარკვეულწილად, შეიცავს უბნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის რისკს.
17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 45.77% შეადგინა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხმა ამ დროისთვის 1 მილიონ 607 530 ამომრჩეველმა მისცა: „ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია – 57.3 %, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში – 41.9%”.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, ილია მეორემ ხმის მიცემის შემდეგ მიმართა საქართველოს მოქალაქეებს: „მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს. იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები სიკეთეს მოიტანს. მე იმედით ვუყურებ მომავალს. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო“.
„გლდანში მმართველმა პარტიამ კრიმინალების მობილიზება მოახდინა“, – განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
მელიას მტკიცებით, გლდანში მომხდარი დაპირისპირების დროს თბილისის მერის კახი კალაძის ბავშვობის მეგობარმა დათო კვიჟინაძემ მათ დამკვირვებლებს იარაღი დაუმიზნა. მისი თქმით, პოლიციამ გლდანის 84-ე საარჩევნო უბანთან მისი ოფიციალური წარმომადგენელი ირაკლი ეძგვერაძე დააკავა, რომლის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.
ცნობისათვის: გლდანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, გარჩევაში სამართალდამცავებიც ჩაერთნენ, თუმცა აქტივისტები მათაც დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთმა აქტივისტმა პოლიციელს წყალიც შეასხა. ისინი ასევე, ხელს უშლიდნენ პოლიციელებს სავარაუდო სამართალდამრღვევების დაკავებაში.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განმარტებით, გლდანში დაპირისპირების შედეგად დაკავებულია 5 ადამიანი,- ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პოლიციამ არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის ექვს ფაქტზე გამოძიება დაიწყო, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ცაციაშვილმა ბრიფინგზე.
დაპირებისამებრ, შსს საზოგადოებას პერიოდულად აწვდის ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილი მართლწესრიგის შესაძლო დარღვევებისა და მათზე რეაგირების შესახებ.
ცაციაშვილის განცხადებით, შსს-მ მყისიერად დაიწყო გამოძიება მედიასაშუალებებით გავრცელებულ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას. პოლიციის მობილური ჯგუფები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მყისიერი რეაგირება ხდება პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ ფაქტებზე. მედიასაშუალებებით გავრცელებულ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე, რომლებიც შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მყისიერად დავიწყეთ გამოძიება“, — განაცხადა ცაციაშვილმა. მისი თქმით, გამოძიება დაწყებულია შემდეგ ფაქტებზე: თბილისის N40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ენმ-ს აქტივისტ ზვიად კუპრავას ფიზიკური შეურაცხყოფა; ქუთაისის N37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ლეიბორისტ ირაკლი კიკვაძის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა; თბილისის N39, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფის N52 და სოფელ ყიზილაჯლოს N89 საარჩევნო უბნებზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებები.
ცაციაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაზე, ამიტომ უწყება არ დაუშვებს საარჩევნო პროცესი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს.
***
მარნეულში, პოლიციის შენობის უკან სპეცრაზმია მობილიზებული. ისინი ადგილზე შესაბამისი აღჭურვილობით იმყოფებიან, ამის შესახებ იტყობინება „სპუტნიკ საქართველო“-ს კორესპონდენტი ადგილიდან.
საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები ორ ავტობუსსა და რამდენიმე პიკაპის ტიპის ავტომობილში არიან მოთავსებულნი. რას უკავშირდება სპეციალური რაზმის ადგილზე გამოჩენა, ჯერ უცნობია.
პარტის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გენერალურ მდივან კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო პროცესი მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს.
კალაძის ინფორმაციით, დილიდან საარჩევნო პროცესის შეფერხების მცდელობას მხოლოდ რამდენიმე უბანზე ჰქონდა ადგილი:
„ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს სრულიად მშვიდ და თავისუფალ გარემოში. დილიდან სულ რამდენიმე უბანზე იყო გარკვეული პირების მხრიდან დაძაბულობის კერების წარმოქმნისა და საარჩევნო პროცესის შეფერხების მცდელობა. ჩვენ ამაზე წინასწარ ვისაუბრეთ, რომ ეს მოსალოდნელი იყო კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან“.
კალაძის განცხადებით, საკმაოდ მაღალია მოქალაქეების პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება მაღალ აქტივობაში.
„საარჩევნო უბანზე იარაღით მისვლა არასასურველია. ეს საფრთხის ქვეშ აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას“, – განაცხადა პარტია „მრავალეროვნული საქართველოს“ წარმომადგენელმა ლელა ტალიურმა. მისი თქმით, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დიმიტრი შაშკინი და კახა ოქრიაშვილი არჩევნებზე იარაღით მივიდნენ, რაზეც საუბნო საარჩევნო კომისიებმა რეაგირება უნდა მოახდინონ და არ დაუშვან უსაფრთხოების წესების დარღვევა.
„პარტიამ არაფერი უნდა მოიმოქმედოს ისეთი, რასაც ამომრჩევლის დაშინება შეუძლია“, – განაცხადა არასამთარვობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა: „მე ამას უარყოფითად ვაფასებ, მგონია, რომ ეს არ არის სწორი. როდესაც ისედაც დაძაბული ვითარებაა, არჩევნები მიმდინარეობს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა არაფერი უნდა გააკეთონ ისეთი, რამაც შეიძლება შეაშინოს ამომრჩეველი. ამიტომ მოვუწოდებთ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, არ შეუქმნან განწყობა ამომრჩეველს, რომ საშიშია უბანზე მისვლა“.
დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი თავის მომხრეებთან ერთად იარაღით გადაადგილდება. გავრცელებული ინფორმაციით, ფოტო ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში, საარჩევნო უბანთან ახლოსაა გადაღებული.
საქართველოში აშშ–ს ელჩი კელი დეგნანი არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს:
„დღეს ჩვენ შევხვდით ბევრ მოტივირებულ ქართველ ამომრჩეველს და არჩევნებზე მომუშავე თავისი საქმის ერთგულ ადამიანებს, რომლებიც გამოვიდნენ, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ ხმის მიცემა და გადაწყვიტონ, ვინ უნდათ, რომ მათ ქვეყანას მართავდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას, მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები და აჩვენონ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ეუთოს ოდირის მიერ დაწესებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები. საერთაშორისო საზოგადოება ამ სტანდარტების დაცვას აკვირდება, რადგან საქართველოს ამომრჩევლები იმსახურებენ, რომ ხმები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში მისცენ”.
p.s. საქართველოს პირველი არხის სერვერებზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები ამ წუთებში ვითარებას სწავლობენ.