12 საათისთვის აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობამ 17,76% შეადგინა
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 12:00 საათის მონაცემები შეაჯამეს. ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩევლების აქტივობამ 17,76% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 55 933 ამომრჩეველია.
-12 საათისათვის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა აქტივობამ 17,76% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 55 933 ამომრჩეველლია, ოლქების მიხედვით კი იყოფა შემდეგნაირად: ბათუმის ოლქი – 24 331 ამომრჩეველი, ქობულეთის ოლქი – 13 018 ამომრჩეველი, ხელვაჩაურის ოლქი – 8 500 ამომრჩეველი, ქედის ოლქი – 2 921 ამომრჩეველი, შუახევის ოლქი – 3 193 ამომრჩეველი და ხულოს ოლქი – 3 970 ამომრჩეველი. თუ ამ აქტივობას შევადარებთ 2016 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს, შემდეგნაირად გამოიყურება: 12 საათისთვის 2016 წელს 59 726 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც 19,5%-ია, სხვაობა არის დაახლოებით 2%. რაც შეეხება სპეცუბნებს, რომლებიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშია განლაგებული, ასეთი 24 უბანია, თითოეულ მათგანზე, ამ დრომდე, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცედურა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის რაიმე ექსცესი ან ისეთი დარღვევა, რომელსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების მიმდინაროებაზე, დაფიქსირებული არ არის, – განაცხადა ბრიფინგზე უსკო-ს ხელმძღვანელმა პარმენ ჯალაღონიამ.
როგორც უმაღლეს საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, 12 საათის მონაცემებით, 7 საჩივარია შესული, ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევას ეხება.
-ამ დროისათვის წარმოდგენილი არის შვიდი საჩივარი, ყველა მათგანი კი პროცედურულ დარღვევებს ეხება. შვიდი საჩივრით მოთხოვნილი არის სხვადასხვა უბნის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი. ისეთი საჩივრები, რომელიც ეხება უხეშ დარღვევას ან არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას, ამ დროისათვის შემოსული არ არის, – აღნიშნა უსკო-ს ხელმძღვანელმა.