15:00 საათის მონაცემებით, უსკო-ში 17 საჩივარია შესული
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
უსკო-ში 15:00 საათისთვის შეჯამებული მონაცემების მიხედვით, განაცხადეს, რომ აჭარის ყველა საარჩევნო უბანზე აქტივობამ 35,57% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 112 023 ამომრჩეველია.
კომისიაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ყველაზე მაღალი აქტივობით შუახევის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა.
-ამ დროისთვის აჭარის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 35,57% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 112 023 ამომრჩეველია. კერძოდ: ბათუმის ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 47 466 ამომრჩეველმა, რაც 32, 22% შეადგენს; ქობულეთის ოლქში – 26 316 ამომრჩეველმა, რაც 37,86%-ია; ხელვაჩაურის ოლქში – 16 100 ამომრჩეველი, რაც 38, 05%-ია; ქედის ოლქი – 6353 ამომრჩეველი, რაც 40,42%-ია; შუახევი – 6369 ამომრჩეველი, რაც 42,03%-ს შეადგენს და ხულოს ოლქში – 8921 ამომრჩეველი, რაც 36,32%-ია, – აცხადებენ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში.
მათივე განმარტებით, საერთო მონაცემები რომ შევადაროთ 2016 წლის არჩევნებს, მაშინ 15:00 საათზე აქტივობა შეადგენდა 35,32%, რაც იყო 108 983 ამომრჩეველი.
რაც შეეხება საჩივრებს, უმაღლეს საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მათთან 17 საჩივარია შესული, რომლებიც, ძირითადად, პროცედურულ ხარვეზებს ეხება.

