აჭარის სამი სამაჟორიტარო ოლქიდან ორში მეორე ტურია მოსალოდნელი
ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –
„წინასწარი შეფასებით, აჭარაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მთავრობის ჩამოყალიბებას დამოუკიდებლად შეძლებს“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ. მისივე თქმით, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა მოიპოვა და სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა.
„ჩვენ უკვე გვაქვს როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგები. ამ შედეგების გათვალისწინებით, შეიძლება ცხადად, დაბეჯითებით ითქვას, რომ ჩვენმა პარტიამ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მიიღო მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა და, რა თქმა უნდა, ამ შედეგით, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა“, – განაცხადა მან.
თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს აქტივობისთვის და მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის შეფასებებით, ეს არჩევნები სამართლიან, კონკურენტუნარიან გარემოში გაიმართა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის როგორც შიდა, ასევე საგარეო პოზიციონირებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო განვითარებისთვის. ამასთან, რიჟვაძე აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება და უმრავლესობა მოიპოვა, რაც მათ საშუალებას მისცემს, ადგილობრივი მთავრობა დამოუკიდებლად დააკომპლექტონ.
„რაც შეეხება უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარ შედეგებს აჭარის არჩევნებთან დაკავშირებით, შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს უმრავლესობა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, უკვე დღეის მდგომარეობით, ვიფიქროთ ერთპიროვნულად მთავრობის ფორმირებაზე. შესაბამისად, ის მოსალოდნელი პოტენციური მეორე ტურები, რომლებიც გაიმართება სხვადასხვა ოლქში, კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს უმრავლესობას აჭარის უმაღლეს საბჭოში“, – აღნიშნა მან.
რაც შეეეხება წაბლანელების ბოიკოტს, თორნიკე რიჟვაძის მტკიცებით: „ყველამ უნდა იცოდეს, რომ გუშინ იქ არჩევნები არ ჩავარდნილა. გაიხსნა საარჩევნო უბნები და ყველას ჰქონდა საშუალება, თავისუფალ გარემოში მიეღო მონაწილეობა ამ არჩევნებში.” საუბარია ხულოს ორ საარჩევნო უბანზე, სადაც არცერთი ამომრჩეველი არ მივიდა.
რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, საუკეთესო შედეგი აქვთ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს. ორ ოლქში, ბათუმსა და მაღალმთიანეთში – მეორე ტური გამოავლენს, ვის უფრო მეტი ნდობა აქვს მოსახლეობაში.