ბოიკოტს აცხადებს ოპოზიციური ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”
ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –
ოპოზიციის ბოიკოტს ახლახან შეუერთდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“. ბლოკი უარს აცხადებს პარლამენტის სავარძლებზე – ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა: „ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების მსგავსად, არ შევალთ იქ, რასაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან ანუ პარლამენტში, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ეძახის პარლამენტს. ეს არ არის პარლამენტი და ვერც იქნება, შესაბამისად, არავის იქ არაფერი გვესაქმება. ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი – ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.ცესკოს წინასაწარი მონაცემებით, ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ არჩევნებზე მოიპოვა 27, 14% და ახალი მოწვევის პარლამენტში 34 ადგილი მიიღო.
თავის ოთხ მანდატზე უარს აცხადებს ასევე ბლოკი „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“.
„ყველას კარგად გვაქვს გასიგრძეგანებული, რასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს სახელმწიფოს მიტაცებასთან, ქართული დემოკრატიის დასამარებასთან. საქმე გვაქვს უმძიმეს სიტუაციასთან, რომელიც ხვალ და ზეგ გველის. ვაპირებ ბრძოლას ბოლომდე“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციის ექსპერტთა განცხადებით:
„ქართული ოცნება“, რომელმაც ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პროპორციული წესით ხმების 48.15% მიიღო, ამ შედეგით, ჯამში პარლამენტში 90 დეპუტატზე მეტს ვერ შეიყვანს – ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგების შეთხვევაში, სავარაუდოდ, პროპორციული მანდატებიდან ერთი მანდატის მოკლება მოუწევს.
აქ ე.წ. „ჩამკეტი მექანიზმი“ მოქმედებს, რომლის მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში პარტიის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს. კონსტიტუციითა და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ეს ფორმულა იმას ნიშნავს, რომ თუკი არჩევნების საბოლოო შედეგით, “ქართული ოცნების“ 48.15% (61 პროპორციული მანდატი) არ შეიცვალა და ამავდროულად, სახელისუფლებო პარტიამ 30-ვე მაჟორიტარული ოლქი მოიგო, პარლამენტში 91-ის ნაცვლად 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. მანდატი მას პროპორციული საარჩევნო სიიდან ჩამოაკლდება. რაც შეეხება ჩამოკლებულ მანდატს, მას სხვა უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს. ასეთი კი “ნაციონალური მოძრაობაა“.