გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია გრძელდება
ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –
პარლამენტის წინ მთელი ღამე გაგრძელდა აქცია, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო. მასში, პრაქტიკულად, ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერები მონაწილეობდნენ. ოპოზიციამ კენჭისყრის შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ცესკომ ხელისუფლების მიერ შეკვეთილი მონაცემები გამოაქვეყნა. პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები გადაკეტილი რუსთაველის გამზირიდან „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ გაემართნენ და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს არჩევნების შედეგები. მოგვიანებით, პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ და მთელი ღამე იქ დარჩნენ.
აქტივისტები პარლამენტის წინ, მოედანზე კარვების გაშლას შეეცადნენ, მაგრამ პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ადგილი ჰქონდა მცირე დაპირისპირებას პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის.
ამ დროისთვის პარლამენტის წინ პრაქტიკულად არავინაა, გარდა პოლიციისა, იმ შემთხვევისთვის, თუ აქცია განახლდება. ოპოზიციის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ასეთი აქციები რეგულარულად გაიმართება. შემდეგი მასშტაბური აქცია 8 ნოემბრისთვის დაიგეგმა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხმების 100%–ის დათვლის შედეგად (პროპორციული სიებით) საპარლამენტო არჩევნებზე 48,15%–ით „ქართული ოცნება“ ლიდერობს. მეორე ადგილზეა 27,14%–ით ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“.
ბოლო მონაცემებით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური ჩატარდება თბილისის ყველა ოლქსა და რეგიონების ცხრა ოლქში.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია უარს იტყვის თავის მანდატებზე და არ შევა პარლამენტში? კონსტიტუციის საკითხებში ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანო მუშაობას მაინც გააგრძელებს.
“იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის, პარლამენტი მის გარეშე იმუშავებს. პრობლემა შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ ეს სადავო საკითხია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტიდან 50–ზე მეტი ადამიანი წავა. ანუ, თუ პარლამენტის წევრთა რაოდენობა 100–ზე ნაკლები იქნება“, – განმარტა ხმალაძემ. მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში დადგება საკითხი, აქვს თუ არა პარლამენტს საკმარისი კვორუმი თავისი უფლებამოსილების შესასრულებლად. თუმცა მოვლენების ასეთი განვითარება დღის წესრიგში ვერ დააყენებს არჩევნების ხელახლა ჩატარების აუცილებლობას, რადგან ეს საკითხი არ რეგულირდება არც კონსტიტუციით, არც კანონით.
„ანუ კონსტიტუციაში არ არის მითითებული, რომ ეს შეიძლება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდეს. ვფიქრობ, ეს სუფთა თეორიული პრობლემაა, რადგან ის რიცხვები, რომლებიც ცხადდება, თუ საბოლოო შედეგები გახდება, ასეთი პრობლემა არ წარმოიშვება. პარლამენტი შეკრებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც არჩევნების მთელი პროცედურა, მათ შორის, მეორე ტურები ერთმანდატიან ოლქებში დასრულდება, ანუ დაახლოებით ერთი თვის მერე, “ – განაცხადა ხმალაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კი ამტკიცებს, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველომ დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა. მისი თქმით, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რაც საერთაშორისო პარტნიორებმა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა დაადასტურეს და ამასთან, დაადასტურეს მოქალაქეებმა, რომლებმაც პანდემიის პირობებში ასეთი მაღალი აქტივობით მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა. „ამით მოქალაქეებმა პოლიტიკოსებს გვითხრეს, რომ სტაბილური პოლიტიკური სისტემა სჭირდებათ, სადაც ბოიკოტი და დესტრუქცია კი არა, საქმიანი პოლიტიკა იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, მიუხედავად ოპონენტების წინასწარი განცხადებებისა, ახალი მოწვევის პარლამენტი აუცილებლად შეიკრიბება და დაიწყებს საქმიანობას. „ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გლობალური კრიზისის პირობებში უარი თქვას დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებზე“, – დასძინა მან.
აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტი მხოლოდ მას შემდეგ შეიკრიბება, რაც არჩევნების მთელი პროცედურა, მათ შორის, მეორე ტურები ერთმანდატიან ოლქებში დასრულდება, ანუ დაახლოებით ერთი თვის შემდეგ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) განცხადებით, ყველა უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით 1%-იანი საარჩევნო ბარიერი ცხრა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა.
რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, მეორე ტური არჩევნების შემდეგ მესამე შაბათს – 21 ნოემბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას ის კანდიდატები მიიღებენ, რომლებმაც პირველ ტურში ხმების უმრავლესობა ვერ მოიპოვეს.