ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას საბოტაჟის საშუალებას არავინ მისცემს
ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –
ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა. ისინი ცესკოს წინასწარ მონაცემებს უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. ოპოზიციის მოთხოვნაა, ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩადებულია ახალი მთავრობის ჩამოყალიბების დროს საბოტაჟისგან დაზღვევის მექნიზმები.
“საბოტაჟის საშუალებას ოპოზიციას არავინ მისცემს. ეს დამზღვევი მექანიზმები ყველა ქვეყნის კანონმდებლობაშია ჩადებული ისევე, როგორც საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. კერძოდ, პროცედურა ისე არის აგებული, რომ რევოლუციური სცენარებისთვის საბოტაჟის განხორციელებას ვერავინ შესძლებს“, – განაცხადა კობახიძემ. მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ პარლამენტის პირველმა შეკრებამ სამუშაო პროცესი დაიწყოს, დეპუტატების ნახევარზე მეტი უნდა შეიკრიბოს, ანუ მინიმუმ 76 დეპუტატი 150–დან, ხოლო როდესაც ცესკო გადასცემს საქართველოს პარლამენტს არჩევნების შედეგების მონაცემებს, იქ ასახული იქნება 30 გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მონაცემები სიის მიხედვით, რიგითობის მიხედვით პარტიების მაჩვენებლები.
„პირველ სხდომაზე ხდება იმ დეპუტატების დამტკიცება, რომელთაც ეკუთვნით მანდატები რიგითობის მიხედვით. ეს არის პროცედურა, რომელიც არის გაწერილი ჯერ კონსტიტუციაში ზოგადი სახით და შემდეგ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. ყველანაირი დამზღვევი მექანიზმი ჩადებულია იმისათვის, რომ ოპოზიციას არ მიეცეს საბოტაჟის განხორციელების საშუალება“, – აღნიშნა კობახიძემ.
უფრო ადრე ექსპერტმა კონსტიტუციის საკითხებში ვახტანგ ხმალაძემაც იგივე განაცხადა. კერძოდ: „იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია უარს იტყვის თავის მანდატებზე და არ შევა პარლამენტში, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მათ გარეშე მუშაობას შეძლებს. თუ პოლიტიკოსი მანდატზე უარს იტყვის, მისი მანდატი სიაში შემდეგს ერგება. ვინმესთვის მანდატის გადაცემა დაუშვებელია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მაჟორიტარული წესით არჩეული იტყვის უარს მანდატზე, მხოლოდ მაშინ, ოლქში, შუალედური არჩევნები დაინიშნება.“
გაერთიანებული ოპოზიციის ბოიკოტს შედეგით უკმაყოფილო პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები უერთდებიან.
„თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, „გირჩიც“ უარს განაცხადებს და შესაბამისად, არც არჩევნების მეორე ტურში მივიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. „პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ ერთ–ერთია იმ ცხრა პოლიტიკური სუბიექტიდან, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ ცესკოს მონაცემებით, დიდუბე–ჩუღურეთის საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატმა გია ვოლსკიმ ხმების 42,69% მიიღო, ზურაბ ჯაფარიძემ კი 21,09%. ჯაფარიძის თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი, ცესკოს მონაცემები კი ხალხის რეალურ ნებას არ გამოხატავს: „სრულად ვუერთდები ნებისმიერ მსვლელობას, არჩევნებზე მასშტაბური დარღვევები დაფიქსირდა, იყო მოსყიდვა და დაშინებაც. ქუჩაში პროცესები კარგია, რადგანაც ეს არის პოლიტიკური წნეხი ხელისუფლებაზე, რომ ჩადენილი დანაშაული აღიაროს. საბოლოო მიზანი არის ვადამდელი არჩევნები”. მისივე თქმით, სამომავლო სამოქმედო გეგმაზე ოპოზიციაში კონსულტაციები და აზრთა შეჯერება მიმდინარეობს, ხოლო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კონკრეტულ დარღვევებზე იმსჯელებენ.
„ჩვენი მიზანია ეუთო/ოდირის წარმომადგენლები დავარწმუნოთ, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. მე მაქვს კონკრეტული „ქეისი“ თუ როგორ გააყალბა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შედეგები“ – თქვა ჯაფარიძემ.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში შვიდი პარტია და ორი ბლოკი შედის, ლიდერობენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (48,15%) და ოპოზიციური ბლოკი „ძალა ერთობაშია“ (27,14%), რომლის შემადგენლობაშიც შედის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, სადეპუტატო მანდატზე უარს აცხადებენ „ევროპული საქართველოს”, “„პატრიოტთა ალიანსის” და „ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლები.
დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოითხოვს. იგი საგამოძიებო უწყებებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ცესკოს თავმჯდომარის საქმე შეისწავლონ.
„დღეს მოვედი იმისთვის, რომ მოვითხოვო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიასი და კიდევ ვინც გამოვლინდება ამ პროცესში, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით გააყალბა დიდუბე-ჩუღურეთის არჩევნები. გაყალბების ფაქტები ეხება საარჩევნო უბნების 80%-ს“, – აცხადებს ანა დოლიძე.
„პატრიოტთა ალიანსი“ მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შევა“, – ამის შესახებ პარტიის წევრმა გოჩა თევდორაძე განაცხადა. მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. „პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქციებს გამართავს.
„ჩვენ არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს, მივაღწევთ იმას, რომ არჩევნების შედეგები ბათილად გამოცხადდეს და თავიდან ჩატარდეს“, – აღნიშნა გოჩა თევდორაძემ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსაც იგივე მოთხოვნები აქვთ, „პატრიოტთა ალიანსი“ მაინც დამოუკიდებლად იმოქმედებს: „წინასაარჩევნო პერიოდში, საარჩევნო ველზე „პატრიოტთა ალიანსი“ იყო დამოუკიდებლად, აქციებსაც დამოუკიდებლად მართავდა. ახლაც, არჩევნების ბათილად ცნობისთვის აქციებს დამოუკიდებლად წარვმართავთ. ამის ადამიანური რესურსი ჩვენ გვაქვს“.
ინფორმაციისთვის, „ევროპულმა საქართველომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ უკვე გააკეთეს განცხადება, რომ პარლამენტში არ შევლენ. ისინიც, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ.