რას აპროტესტებს ოპოზიცია?
ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –
საქართველოს პარლამენტის შენობასთან გუშინ დაიწყო გაერთიანებული ოპოზიციის აქცია, რომელზეც ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერები და მათი მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამ შედეგებთან შეგუებას არ აპირებენ. „წართმეული არჩევნები“ – ასე აფასებენ ისინი 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.
ყველაფერი დაიწყო 1 ნოემბერს, როდესაც ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე სასაუბროდ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში შეიკრიბა და მომავალი კვირიდან აქციების ახალი ტალღაც დააანონსა.
„ჩემი ბედი არ გეწიოთ” – ამ სიტყვებით პარლამენტის წინ შეკრებილ ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს გუშინ ნიკა მელიამ მიმართა, მან სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო; „ჩვენ ამ ომში ვართ და ვიქნებით, სანამ უახლოეს დღეებში არ გავიმარჯვებთ. ახლა, უკან დახევა ღალატია და ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. ამ მოედანზე ყველა თაობას უბრძოლია და გაუმარჯვია. ისეთი ძლიერი ვარ, როგორც არასდროს. ჯიუტი ვარ, ცივი გონებით ბევრი ვიფიქრე და აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას, ეს სამაჯური უსამართლობის სიმბოლოა და ძალადობრივია. მას აღარ შევიბამ. ზუსტად ვიცი, ვიჯდები ციხეში და ვიდგები თქვენთან ერთად, ერი გაიმარჯვებს. სხვებს ვერ ვთხოვ, გამოდით და ვიბრძლოთ მაშინ, როცა მე ვარ სამაჯურშებმული”, – თქვა მან აქციაზე.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, თუ საკითხი მაგიდასთან ვერ წყდება, მაშინ მას ქუჩა გადაწყვეტს. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მან ასევე განაცხადა, რომ ქუჩის პროტესტი გაგრძელდება, რადგან არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვანი დარღვევებით.
„ძალადობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების მიმართულებით დაფიქსირებული პრობლემები გუშინდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ არჩევნების შესახებ გავრცელებულ შემაჯამებელ შეფასებაშია აღნიშნული.
საია-ს განცხადებით, დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებით შეიმჩნეოდა უბნებში და გარე პერიმეტრზე დაძაბული გარემო, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში, ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობაშიც გადაიზარდა.
ოპოზიციის მტკიცების მიუხედავად, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” ლიდერობს და მას მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების საშუალება ექნება. აღსანიშნავია ისიც, რომ არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად ცნობენ ძირითადი პოლიტიკური პარტიები. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამბობს, რომ მანდატებზე უარი უნდა თქვან, რათა პარლამენტის უფლებამოსილება არ იქნას ცნობილი და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.
“სამართლიანი არჩევნების” განცხადებით კი, საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ხმები თავიდან უნდა გადათვალოს იმ უბნებზე, სადაც ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა. FED-ის აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნების 8 პროცენტზე, შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხევები დაფიქსირდა.
“შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვანად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა, საარჩევნო უბნების 8 პროცენტზე დაფიქსირდა, ასეთი მასშტაბის დარღვევა ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა. ამდენად, იგი ყურადღებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, P ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო, მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4,1%-ზე ნაკლები. აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, ამდენად, საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან. მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, საბოლოო შედეგების შეჯამებამდე, საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს ხმები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა. ჩვენი აზრით, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, უნდა მიიწვიონ ყველა დაინტერესებული მხარე”, — აღნიშნა ნიჟარაძემ.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების თქმით, საბურთალოს ერთ-ერთ უბანზე პროპორციული სიების შემაჯამებელ ოქმში ბიულეტენების რაოდენობა 54-ით აღემატებოდა ხელმოწერების რაოდენობას. ასევე, ვაკის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ერთი ზედმეტი ბიულეტენი გამოვლინდა; საბურთალოს ერთ-ერთ უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობას 19-ით აღემატებოდა; არჩევნების დროს ზუგდიდის შემაჯამებელ ოქმში პროპორციულ სიაში დაფიქსირდა ზედმეტი ხმების რაოდენობა.
ასევე, -ის განცხადებით, ამავე ტიპის დარღვევები დაფიქსირდა თერჯოლაში, ახმეტაში, მარნეულში.
საქართვლეოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებითაც კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ოპოზიცია ლიდერობს.
„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს. იგი „ფეისბუკზე” წერს, რომ არ აპირებს არჩევნების შედეგების ცნობას: „მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხისთვის სრულიად ნათელია – არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა! აბსოლუტურად შეუძლებელია, საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ამ არჩევნებში მიეღო 3%! შეუძლებელია, რომ პარტიის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე არჩევნებში მოგვცა ხმა! ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ: გამოიჩინეთ მოთმინება, ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭო მსჯელობს შემდგომი მოქმედებების გეგმაზე. ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას! იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც! ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის. მკაფიოდ ვამბობთ: არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს! მადლობას ვეუბნები ჩვენს მხარდამჭერებს, აქტივს, ყველას, ვინც მზადაა ჩვენთან ერთად იმოქმედოს! ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს!” – თქვა ინაშვილმა.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, „პატრიოტთა ალიანსმა” საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვა ხმების 3.18%
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე 31 ოქტომბრის არჩევნებს ასე აფასებს: „მმართველი პარტიის პოლიტიკური სიხარბე, გადაჭიმული სიმები და ბეწვის ხიდი, რომელიც, შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც“
„საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ცესკოს მიუთითეს გარკვეულ ხარვეზზე, ასევე გარკვეულ პროგრესზე, რომელიც წინა არჩევნებთან შედარებით დაფიქსირდა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა. მისივე თქმით, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციას ავიწყდება საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა, რომელმაც საარჩევნო შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების განცხადებებს წერტილი დაუსვა.
ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მსოფლიოს აჩვენეს საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი. ის გამარჯვებას ზეიმობს, ამომრჩევლებს მადლობას უხდის და მოლოცვებს იღებს მეზობელი ქვეყნების მეთაურებისგან. მათგან ერთ-ერთია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელმაც გიორგი გახარიას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.