რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს?
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
სტატია ცნობილი პუბლიცისტის აკაკი ბაქრაძის ფრაზით უნდა დავიწყო: ,,თუ სსრკ-ის ხალხებს მართლაც უნდათ ბოლშევიზმისგან განთავისუფლება, მაშინ ჩვენც იმავე გზას უნდა დავადგეთ, რასაც იტალია, გერმანია და დასავლეთი გაჰყვა – მრავალპარტიულ დემოკრატიას და სოციალურ საბაზრო მეურნეობას”.
დიახ, დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს აზრის თავისუფლებაც, მრავალპარტიულობაც, ნაირგვარი მოძღვრებაც, მაგრამ ამასთან ერთად, არსებობს პოლიტიკური მმართველობის სისტემაც, რომელიც ყოველი პარტიისთვის ხელშეუხებელია, ამ სისტემის განმტკიცებას ემსახურება როგორც საზოგადოება, ისე პარტიული ორგანიზაციები. ნუ მოგვერიდება სიმართლის თქმა – საქართველო ჯერ კიდევ შორსაა ევროპული ეკონომიკური კეთილდღეობისა და დემოკრატიისგან. ამის მიზეზი ისიცაა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა თითქმის 500 წლის განმავლობაში გაუქმებული იყო, სამწლიანმა თავისუფლებამ((1918-1921 წლებში) კი ვერ შექმნა ის პოლიტიკური სისტემა, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ჯანსაღი პოლიტიკური კლიმატის ჩამოყალიბება, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებში. გარდა ამისა, საქართველოში სიძულვილის ტალღა მძვინვარებდა ( და მძვინვარებს) დიდი ხნის განმავლობაში ( როგორიც იყო ბაზისი, ისეთივეა ზედნაშენი). ცხადია, საზოგადოების ზნეობის ჩამოყალიბება ადამიანთა მოდგმის მარადიული საზრუნავია და იგი შეუქცევადი პრცესია, თანამედროვე ადამიანებს გვაქვს მოთხოვნილება, ვიცხოვროთ ჰარმონიულ საზოგადოებაში. ეს რომ განხორციელდეს ანუ დავემსგავსოთ დასავლურ ქვეყნებს, პოლიტიკური ელიტა ყოველმხრივ დაინტერესებული უნდა იყოს ამ საკითხით. პარტიებს მკაფიოდ უნდა ჰქონდეთ განსაზღვრული გეგმები, მაგრამ რეალობა სულ სხვაა – ჩვენდა სამწუხაროდ, პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები (იმის მაგივრად, რომ თავიანთი ენერგია ქვეყნის წინსვლას მოახმარონ) მხოლოდ ერთმანეთის ლანძღვითა და ქიშპობით არიან დაკავებულნი, რითაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლება სარგებლობს. . . ეს მედლის ერთი მხარეა, არსებობს არანაკლებ მნიშვნელოვანი გარემოება. ყველაზე მეტად ქვეყანას და საზოგადოებას ის უნდა აინტერესებდეს, რომელ და როგორ პოლიტიკურ ძალას აქვს პრეტენზია მართოს ხვალ ქვეყანა, ვინ არიან ისინი? რა შეუძლიათ მათ? შესწევთ კი უნარი იტვირთონ ამხელა პასუხიმგებლობა? აი, მხრივ არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა. საქართველოში დაახლოებით ორასი პარტიაა, მაგრამ რეალურად, კლასიკური გაგებით, ჩვენს ქვეყანაში სამი-ოთხი ორგანიზაციაა, რომლებიც მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებენ პარტიის კრიტერიუმებს. დასავლეთში სწორედ ორი-სამი პარტია არსებობს, რომლებიც ანაცვლებენ ერთურთს მმართველობაში და ისიც კარგა ხანია გააცნობიერეს, რომ სტაბილურობისთვის აუცილებელია შეთანხმება სხვადასხვა საკითხზე. ევროკავშირში გაერთიანებულ ქვეყნებში რევოლუციური გზით არ იცვლებიან ხელისუფლებები, ანუ არავის ეპარება ეჭვი არჩევნების შედეგებში და ტრაგიკულად არ აღიქვამენ ამა თუ იმ პარტიის გამარჯვებას, რადგან იქ დემოკრატიული სისტემა გამართულად მუშაობს, ჩვენთან კი, როგორც ცნობილია, თითქმის ყველა ხელისუფლება რევოლუციური გზით შეიცვალა, ანალოგიური რომ არ მოხდეს, საჭიროა ქვეყანაში პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას მიაღწიონ სხვადასხვა საკითხზე, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებაში მოსვლისთვის სხვა, რადიკალური გზა არ აირჩიოს. ამ მხრივ, ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე გავამახვლებ ყურადღებას : ჩვენს გეოსტრატეგიულ რეგიონში აუცილებელია სტაბილურობის შენარჩუნება, რადგან არაკეთილმოსურნეებმა შესაძლოა, ჩვენი არეულობით ისარგებლონ. შეგახსენებთ, რომ სწორედ სახელმწიფო გადატრიალების შედეგად წაგვგლიჯა რუსეთმა აფხაზეთიც და სამაჩაბლოც და დსთ-ში გაგვაერთიანა, ამიტომ საქართველოსთვის ზესტრატეგიულია შიდა სტაბილურობა, ამგვარი საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება ევროპულ ქვეყნებს. . . მაგალითად, პორტუგალიაში დესტაბილიზაცია რომ მოხდეს, მას ესპანეთი თავს არ დაესხმება, არც ბელგიას ემუქრება საფრთხე ნიდერლანდებისგან, ჩვენ მაგალითი დასავლური ქვეყნებისგან უნდა ავიღოთ, იქ დემოკრატია არ იზღუდება, ანუ ისინი შეთანხმებულნი არიან უმთავრესში – მნიშვნელოვან საკითხებს არა ერთპიროვნულად, არამედ ფართო დისკუსიის ანდა რეფერენდუმის მეშვეობით წყვეტენ. თუ დავაკვირდებით, ევროპაში, ძირითადად, მთავრობა კოალიციურია და ეს სულაც არ უქმნის მათ პრობლემებს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროპაში საზოგადოების ყველა ფენის ინტერესები გათვალისწინებულია, მათ ინტერესებს გავლენიანი პარტიები ატარებენ, ჩვენთან ამ კუთხით არასახარბიელო მდგომარეობაა. ერთ-ერთი მიზეზი პოლიტელიტის არგანახლებაა. გადავავლოთ თვალი საქართველოს რეალობას: თითქმის 28 წელია პოლიტიკური სახეები არ იცვლებიან, ანუ არ ხდება პოლიტიკური პარტიების განახლება ახალი სახეებით, ზოგიერთი ლიდერი პარტიის თავმჯდომარეობას ვერ ელევა, მაგალითად, 25 წელია ,,ლეიბორისტთა” ლიდერი შალვა ნათელაშვილია, რომელიც ამბობს, რომ ჯერჯერობით ის შეუცვლელია და წუხს იმაზეც, რომ არ ანდობენ ქვეყნის მართვას.
,,ვინც ეძიებს, ყველა ვერ ჰპოვებს”, “ვინც მიდის, ყველა არ ბრუნდება”. ამ სიბრძნეს რაც კარგად გაითავისებენ პოლიტიკოსები, მით უკეთესი იქნება მათთვის. . . “ეროვნულ დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავაა, ის დაახლოებით 15 წელია ხელმძღვანელობს ამ პარტიას. ანალოგიური სურათია დანარჩენ პარტიებშიც. ამ მხრივ მეტ-ნაკლებად განახლდა
“ოცნება” და “ნაცმოძრაობა”, რომლებიც ახალი სახეების მოზიდვას ცდილობენ, სხვათა შორის,” რესპუბლიკური პარტია”, “გირჩი”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები” ის პარტიებია, რომლებიც დასავლური პარტიების მსგავსად იქცევიან, ანუ ახალ ლიდერს ირჩევენ. მაგალითად, ” რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძეა, მან უსუფაშვილი შეცვალა, ამ უკანასკნელმა კი ბერძენიშვილი. რატომღაც სხვა პარტიები არ ცდილობენ ახალი სახეების პოლიტიკაში ჩაბმას, ამიტომაც პარტიის ლიდერებში კვლავ სჭარბობს ბოლშევიკური იდეები, ვერ ეგუებიან განსხვავებულ აზრს, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გაცნობიერებული არ აქვთ ქვეყნის განვითარების სტრატეგია, არადა, დასავლეთში, კერძოდ, დიდ ბრიტანეთში, ერთ ლიდერს პარტიის თავმჯდომარის პოსტი მხოლოდ ოთხ, მაქსიმუმ რვა წელი შეიძლება ეკავოს, ხოლო თუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა, უმალ ტოვებს პარტიის ხელმძღვანელის პოსტს და მის ადგილს სხვა ლიდერი იკავებს, და ის ახალი ლიდერი კვლავ ცდილობს მთავრობას დანაპირები შეასრულებინოს, რათა ამომრჩევლის ნდობა არ დაკარგოს, გარდა ამისა, დასავლეთში პარტიის ლიდერებს არა პარტიული ელიტა, არამედ მთელი პარტია ირჩევს( ზოგან ამაში მათი მხარდამჭერი ამომრჩეველიც მონაწილეობს). ფორმალურად, ჩვენთანაც იცავენ დადგენილ წესებს, მაგრამ რეალურად ლიდერს პარტიის ელიტაში ირჩევენ. ამ მხრივ დასავლეთში ამომრჩევლის აზრსაც ითვალისწინებენ, მაგალითად, ოცი წლის წინათ არათუ მსოფლიოში, არამედ ამერიკაშიც ნაკლებად იცნობდნენ ჯო ბაიდენს, მაგრამ მან ,,დემოკრატიული პარტიის” შიდა არჩევნებში გაიმარჯვა, რაღა შორს წავიდეთ, არც მაკრონი და ტრამპი იყვნენ გავლენიანი პოლიტიკური ლიდერები საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ მოიგეს შიდაპოლიტიკური არჩევნები და მხოლოდ ამის შემდეგ გახდნენ სახელმწიფოს მეთაურები. ჩვენთან კი, როგორც ჩანს, პარტიული ,,საძმაკაცო” ანდა პოლიტიკური ელიტა წყვეტს პარტიის ლიდერის ვინაობას. ამიტომ ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეები არ ჩანან, ხოლო თუ გამოჩნდებიან, მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი არც ისე მაღალია, რომ ზეგავლენა მოახდინონ საჭირბოროტო საკითხებზე. საქართველოს მომავალი პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების თანხმობაზე გადის და არა ურთიერთდაპირისპირებაზე, ამას რაც უფრო ადრე გაითავისებენ ქართული პოლიტიკის აქტორები, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს დაემუქრება დიდი საფრთხე – საზოგადოების უნდობლობა, რაც ამ პარტიებისთვის და ქვეყნისთვისაც სავალალო აღმოჩნდება.