ოპოზიცია ხელს აწერს მემორანდუმს…
ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –
პარლამენტის წინ აქციების პერმანენტულად გამართვაზე შეთანხმების გარდა, 18–მა ოპოზიციურმა პარტიამ სამშაბათს მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც ითვალისწინებს სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას.
„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის და დაშინების, სუსის და კრიმინალური სამყაროს კოორდინირებული ზეწოლის, მასშტაბური მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის ნებაზე ძალადობით გავლენის მოხდენის პირობებში. ამას თან დაერთო საარჩევნო ოქმებით მანიპულაცია და კარუსელი, რამაც მნიშვნელოვნად დაამახინჯა არჩევნების შედეგები. ცესკოს მიერ გამოქვეყნებულმა საბოლოო შედეგებმა არ ასახა საქართველოს მოქალაქეების ნება.
ჩვენთვის, ოპოზიციური პარტიებისთვის სრულიად ნათელია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უარი უთხრეს ივანიშვილის მმართველობას და არ მისცეს მას მესამე ვადით ქვეყნის მართვის მანდატი. შესაბამისად, ეს პარლამენტი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას.
ამიტომ, ჩვენ ოპოზიციური პარტიები, რომელთაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ დე–იურე და დე–ფაქტო არ შევიდეთ პარლამენტში. ჩვენ არ მივიჩნევთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან ის არის უკანონო ქმედებების შედეგად არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას. ამ გადაწყვეტილებას სრულად იზიარებენ ქვემორე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის უკეთესი დემოკრატიული მომავლისთვის. დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნა არის ამ არჩევნების შედეგების გაუქმება, განმეორებითი არჩევნების ჩატარება და ყველა იმ დარღვევის სისტემური აღმოფხვრა, ცესკოს დაკომპლექტების წესის ჩათვლით, რამაც გამოიწვია ამ არჩევნების სისტემური გაყალბება“, – ნათქვამია მემორანდუმის ტექსტში, რომელსაც ხელს აწერენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო საქართველოსთვის“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, „ლეიბორისტული პარტია“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „რესპუბლიკური პარტია“, „კანონი და სამართალი“, „ევროპელი დემოკრატები“, „ერთიანი საქართველო“, „ტრიბუნა“, „გამარჯვებული საქართველო“, „სამართლიანობისთვის“, „თავისუფალი დემოკრატები“, „თავისუფლება“, „თავისუფალი საქართველო“ და „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა“.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით პარლამენტში შედიან:
– „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 48,24% (929 135 ხმა);
– „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ბლოკი „ძალა ერთობაშია“ – 27,16% (523 140 ხმა);
– „ლელო საქართველოსთვის“ – 3,16% (60 780 ხმა);
– „სტრატეგია აღმაშენებელი” – 3,15% (60 635 ხმა);
– „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 3,79% (72 938 ხმა);
– „გირჩი” – 2,89% (60 635 ხმა);
– „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33% (25 562 ხმა);
– „ლეიბორისტული პარტია“ – 1% (19 927 ხმა).
„ჩვენ გვაქვს მანდატი დავაკომპლექტოთ მთავრობა, ღმერთმა დაგვიფაროს, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით დისკომფორტი შეგვექმნას“,- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის ბოიკოტზე საუბრისას. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი მანდატი იმისათვის, რომ მთავრობა დააკომპლექტოს, ოპოზიციის იმ წევრებმა კი, რომლებმაც უარი განაცხადეს დეპუტატის მანდატებზე, ამ საქციელით საკუთარ მხარდამჭერებს „ზურგი აქციეს“.
„სამართლებრივი საკითხების მცოდნე არც ერთი ადამიანისგან არ მომისმენია, რომ კონსტიტუცია რამე ფორმით ქმნიდეს სამართლებრივ დაბრკოლებას და სულ მცირე, 76 მანდატის მქონე საპარლამენტო გუნდს არ ჰქონდეს საპარლამენტო საქმიანობის შესაძლებლობა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მანდატი, რომ დავაკომპლექტოთ მთავრობა“, – ამბობს ოხანაშვილი. მისივე თქმით, მმართველი გუნდის ინიციატივა იყო, პარლამენტი უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო და სწორედ ამიტომ დაუჭირეს მხარი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებებს.
„პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომლებიც თავის დროზე უჭერდნენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ახლა უღალატეს თავიანთ ამომრჩეველს – ეს მათი არჩევანია. რა თქმა უნდა, ვისურვებდი ოპოზიციის პარლამენტში ყოფნას, რადგანაც ეს არის კონკურენცია, პაექრობა პოლიტიკურ სუბიექტებს შორის და საზოგადოებას ექნებოდა შესაძლებლობა, ეხილა რომელ პარტიას რა გუნდი ჰყავს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.