ბათუმში საპროტეტსო აქციები გრძელდება
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან, ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია გრძელდება. პროტესტის მიზეზი 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებია, რომლის შედეგებსაც არც ერთი ოპოზიციური პარტია არ ეთანხმება. ისინი განმეორებით არჩევნებს ითხოვენ.
„ჩვენ არ ვიბრძვით სკამებისთვის, ჩვენ უარი ვთქვით ადგილებზე როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე პარლამენტში, ჩვენ გვინდა სამართლიანობის აღდგენა, ვიცავთ ქართველი ამომრჩევლის ხმებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ. აქციის გამართვამდე ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში წარწერები გამოჩნდა. “იმოქმედე” – ეს წარწერა ბათუმის მერიის და ცენტრალური პარკის შესასვლელთან იყო გაკეთებული, თუმცა სანდასუფთავების თანამშრომლებმა მალევე ჩამოწმინდეს. წარწერის ავტორები არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდული მოძრაობის” წევრები არიან, რომლებიც ხელისუფლების შეცვლას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
,,ეს ორგანიზაცია გულანთებული ახალგაზრდებისაა, რომლებიც არ შეეგუებიან ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას საქართველოში, ახალგაზრდები ვიწყებთ პროტესტს და ყველას მოვუწოდებთ, დადგნენ ჩვენ გვერდით . . . ახალგაზრდები გამოვფხიზლდით”, – ამბობენ მოძრაობის წარმომადგენლები.
აქვე შეგახსენებთ, რომ არჩევნების წინასწარი შედეგების გასაპროტესტებლად ოპოზიცია თბილისის პარლამენტის წინაც მართავს აქციებს. ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და არ აპირებენ ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლას. პარალელურად, ოპოზიცია უარს ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზეც.
„ეს აქციები პერმანენტულად გაგრძელდება, 8 ნოემბერს, თბილისის პარალელურად, აქ გაიმართება გრანდიოზული აქცია და პროტესტი იქნება, ვიდრე არ მივაღწევთ მთავარს – ხელახალ არჩევნებს“, – ამბობს ლევან ვარშალომიძე.
„იმოქმედე“ და „დაგვიბრუნე ჩვენი ხმა“- ამ შეძახილებით დღეს აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან უსკოსთან გადაინაცვლეს და შენობაში შესვლაც სცადეს, თუმცა ისინი პოლიციამ შეაჩერა, კარი კი გისოსებით დაკეტეს.
საპროტესტო აქცია ბათუმში ამ წუთებშიც გრძელდება.