გაიცანით – ჩოგბურთის აჭარის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული თეკლა ჩხარტიშვილი
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
რამდენიმე დღის წინათ აჭარაში მოქმედი 3 საჩოგბურთო კლუბის წევრების შემაჯამებელი ტურნირი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ღია პირველობის წინ უნდა ეჩვენებინა ჩოგბურთელთა მომზადების დონე. სწორედ ამ ტურნირში გაიმარჯვა ბათუმელმა, 11 წლის თეკლა ჩხარტიშვილმა.
თეკლა ცნობილი ბათუმელი წყვილის – მედეა ჩარკვიანის ( თოჯინების თეატრის ყოფილი მმართველი) და ხელოვნებათმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის ქალიშვილია. დღეს თეკლას გამარჯვებები 10 თასს, 15 მედალს და ბევრ სიგელს ითვლის, თუმცა როგორც თავად გვითხრა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც სპორტის ამ სახეობას სჭირდება. რა მოსწონს და რა მიზნები აქვს თეკლა ჩხარტიშვილს ამაზე მკითხველს დღეს თავად მოუყვება.
– თეკლა, კიდევ ერთხელ გილოცავთ ტურნირში პირველობის მოპოვებას. გაეცანი ჩვენს მკითხველს, მოგვიყევი შენი წარმატების შესახებ.
– ვსწავლობ სკოლა ევრო 2000-ის მეექვსე კლასში. ბავშვობიდანვე, როგორც დედა ამბობს, ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, ცოტა ჯიუტი, თავისნათქვამა, ფუმფულა სათამაშოებისა და ატრაქციონების მოყვარული, მეგობრული, მიზანდასახული. პატარაობიდანვე ჩოგბურთის ტურნირებს ვუყურებდი მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით და სურვილი გამიჩნდა, სპორტის ამ სახეობაში დამეწყო ვარჯიში. ჩემი პირველი პედაგოგი ავეტის ხუმროიანი იყო, რომელიც ძალიან კარგად გვიხსნიდა, თუ რა თვისებები უნდა ჰქონდეს ნამდვილ ჩოგბურთელს და როგორ უნდა მიაღწიო კორტზე წარმატებას. იმავე წლის ბოლოს, შემაჯამებელ ტურნირში, 8 თამაშიდან რვავე მოვიგე. ეს იყო ჩემი პირველი შთამბეჭდავი გამარჯვება. ამან ძალიან დიდი სტიმული მომცა და შემდგომ ტურნირებს ყოველთვის სერიოზულად და პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი. დღესდღეობით მაქვს 10 თასი, 15 მედალი, ბევრი სიგელი და გამარჯვება, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც სპორტის ამ სახეობას სჭირდება. გამარჯვება რომ მოვიპოვო, ამისთვის 3 რამ არის საჭირო: ნიჭი, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა, ამ ყველაფერს პლუს მეოთხე – ფინანსები, რომლის გარეშე სერიოზულ მიღწევებზე ვერც ვიოცნებებ.
– ჩოგბურთის გარდა, სპორტის კიდევ რომელი სახეობა გიტაცებს ?
– ჩემი ჰობი სამეჯლისო ცეკვები, ცურვა და თხილამურებია. საერთოდ, ყველაფერი მიყვარს, რაც ექსტრიმს და ადრენალინს უკავშირდება.
– ასეთ აქტიურ გოგონას ხელი ხომ არ შეგიშალა პანდემიამ?
– პანდემიამ ძალიან იმოქმედა ჩემს აქტიურ ცხოვრებაზე – 4 თვე სახლში ვიყავი გამოკეტილი. ამ დროს ზოგჯერ ეკა მასწავლებლის ვიდეოგაკვეთილებს ვესწრებოდი, ზოგჯერ – ბულვარში ვვარჯიშობდი, მაგრამ მაინც ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მოსაწყენი დღეები იყო. ონლაინგაკვეთილები არ მომწონს, რადგან მიყვარს მეგობრები, კომუნიკაცია, ურთიერთობა, აქტიური ცხოვრება, ინტერნეტით კი ეს ძალიან ერთფეროვანი და მოსაწყენია მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები ცდილობენ, გაკვეთილები საინტერესო და სახალისო იყოს.
– როგორც ვიცით, ვირუსმა შენამდეც მოაღწია, როგორ დაამარცხე კოვიდ 19?
– კოვიდ19 დავამარცხე ერთდღიანი სიცხით და უსიმპტომოდ. შეშინებით არ შემშინებია, უბრალოდ 10 დღე გარეთ რომ არ მიშვებდნენ, ამას ძალიან განვიცდიდი.
– მომავალ გეგმებზეც გვესაუბრე.
– დედა ძალიან განიცდის, რომ დროის უკმარისობის გამო ნაკლებს ვკითხულობ, ყველაზე მეტად ‘’ჰარი-პოტერი’’ მიყვარს და ყველა წიგნი წაკითხული მაქვს. კიდევ ძალიან მომწონს ენციკლოპედიის და სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა. ამიტომ თუ დიდი ჩოგბურთელი ვერ გავხდი, ან მეცნიერი ვიქნები ან კიდევ – ბიზნესლედი (იცინის).
ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ თეკლას დედას მედეა ჩარკვიანსაც.
,,თეკლა როდესაც პატარა იყო, მაშინ თოჯინების თეატრის დირექტორი ვიყავი, ამიტომ, შეიძლება ითქვას, ის თეატრში გაიზარდა. ბავშვობიდან ძალიან კომუნიკაბელური, ჰიპერაქტიური, კომფორტული, თბილი, ინტერესიანი, კეთილგანწყობილი და მხიარული იყო. სკოლის ასაკში ამ თვისებებს დაემატა მიზანდასახულობა, ერთგულება, მიმტევებლობა, ემოციურობა, ლიდერის თვისებები. ნაკლიც აქვს – ცოტა ჭირვეულია, წუწუნა , მაგრამ რაც ყველაზე მეტად არ მომწონს – სიზარმაცეა. არადა, არ სჯერათ, რადგან უნიჭიერესია, შეუძლია ნახევარ საათში მოამზადოს 6 გაკვეთილი – ერთი წაკითხვით, თუმცა ერთ ადგილზე მისი ნახევარი საათით გაჩერება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია (იცინის).
მამასთან განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება აქვს. ლაშა თბილისში მუშაობს, ამიტომ მუდამ ენატრება. შეიძლება ესეც არის მიზეზი, რომ ცოტა სევდიანია, კიდევ – გულჩვილი და ალერსიანი. გიჟდება ცხოველებზე, განსაკუთრებით ძაღლებზე და ქუჩაში არც ერთ ოთხფეხას გულგრილად არ ჩაუვლის’’, – გვითხრა მედეა ჩარკვიანმა.